ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი მედვედევის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ წერილთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა საქართველო, როგორც ქვეყანა, რუსეთის იმპერიის მიერ ანექსიამდე არ არსებობდა, ამბობს, რომ ქართველებს ასეთი განცხადებების არ უნდა ეშინოდეთ და როცა რუსები ასეთ განცხადებას აკეთებენ, ამას შიშის გამო ამბობენ. „რესპუბლიკური პარტიის“ წევრის კომენტარს „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.
„ვფიქრობ, რომ ქართველებს არ უნდა ეშინოდეთ [ასეთი განცხადებების], მაგრამ ქართველები უნდა იყვნენ მიზანმიმართულებიც. მათ უნდა გადაწყვიტონ, რომ უარი თქვან ყოფილ საბჭოთა კავშირზე, უარი თქვან რუსეთზე, უარი თქვან ასეთ განცხადებებზე, რომელიც ცდილობს რომ დეჰუმანიაზაცია მოახდინოს და ქართველებს ეროვნული იდენტობა წაართვას“, – ამბობს კინზინგერი „ამერიკის ხმასთან“.
კინზინგერის თქმით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ გამოჩნდა, რომ რუსეთი სუსტია და ახლა მრისხანე იმიჯის მორგებას ცდილობს.
„მიზეზი, რატომაც ვამბობ, რომ ახლა თქვენ არ უნდა გეშინოდეთ ზედმეტად – უკრაინაში რუსეთმა აჩვენა, რომ ე.წ ქაღალდის ვეფხვია.
ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოსთვის საფრთხე არ არსებობს, საფრთხე ნამდვილადაა, მაგრამ ქართველებმა რუსეთს ძლიერი პასუხი უნდა გასცენ და თქვან: ჩვენ განსაზღვრული გვაქვს, რომ საკუთარი თავის პატრონები ვიყოთ. ჩვენ შეგვიძლია, რომ კარგი ურთიერთობა გვქონდეს მეზობელთან, მაგრამ მოწოდებული ვართ, რომ დამოუკიდებლები და სუვერენულები ვიყოთ. როდესაც რუსები ასეთ განცხადებას აკეთებენ, ისინი ამას შიშის გამო ამბობენ“, – ამბობს კონგრესმენი.
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დმიტრი მედვედევის ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელ ВКонтакте-ში 1 აგვისტოს გავრცელდა ტექსტი, რომელშიც მედვედევი წერდა, რომ საქართველო, როგორც ასეთი, 1801 წლისთვის არ არსებობდა.
გამოქვეყნებული ტექსტის მიხედვით, საქართველო 5 ცალკეულ სუბიექტად იყო დაყოფილი და ამ საზღვრებში რუსული იმპერიის ქვეშ ჩამოყალიბდა. მომავალში კი ის ისევ რუსეთის შემადგენლობაში უნდა შევიდეს.
„ჩრდილო და სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი და საქართველოს დარჩენილი ტერიტორია მხოლოდ რუსეთთან ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში შეიძლება გაერთიანდნენ“, – ნათქვამია ტექსტში, რომელიც მედვედევის გვერდზე გამოქვეყნდა.
მედვედევის გავრცელებულ ტექსტში საუბარი იყო იმაზე, რომ რუსეთი უკრაინაზე არ უნდა შეჩერდეს და საქართველოსთან ერთად რუსული სახელმწიფოს შემადგენლობაში ყაზახეთსაც მოიაზრებს, სადაც „წესრიგი მანამდე არ დამყარდება, სანამ იქ რუსეთი არ შევა“. ტექსტის მიხედვით, ყაზახეთი რუსეთის ნაწილი იყო, ახლა კი მისი ხელისუფლება იქ სხვადასხვა ხალხს ასახლებს, რაც რუსების გენოციდად შეიძლება შეფასდეს.
მედვედევის პოსტი გამოქვეყნებიდან მალევე წაიშალა და მის შესახებ ფართო საზოგადოებამ მხოლოდ პოსტის „სქრინშოთის“ გავრცელების შემდეგ გაიგო. მედვედევის თანაშემწე კი ამტკიცებს, რომ გვერდი გატეხილი იყო. ამის შესახებ მან პროკრემლისტურ რუსულ გამოცემებთან განაცხადა.