როცა შენს მხარეს არც ხალხია, არც საერთაშორისო საზოგადოება და არც სიმართლე, ქუდი უნდა დაიხურო და საქმეს მიხედო - დავითულიანი

პუბლიკა

„შეგიძლიათ დააკოპიროთ [ხვიჩიას კითხვა] და იმავე კითხვას დავსვამ მეც, ნამდვილად ვეთანხმები, როცა არც ხალხია შენს მხარეს, არც საერთაშორისო საზოგადოება და არც სიმართლე, ქუდი უნდა დაიხურო და საქმეს მიხედო“, – ამის შესახებ საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

ბექა დავითულიანი გამოეხმაურა „გირჩის“ თავმჯდომარის განცხადებას, რომელიც მან „TV პირველის“ ეთერში გააკეთა.

ხვიჩიამ თქვა, რომ ელჩების შეხვედრაზე ნათლად ჩანდა, რომ ისინი არ იყვნენ ოპოზიციის მხარეს.

ბექა დავითულიანის აზრით, ოპოზიციას არეულობისა და დესტრუქციის იმედი აქვთ, თუმცა, ფიქრობს, რომ ისინი ქუჩაში ხალხს ვერ გამოიყვანენ.

„მათ სიმართლე გითხრათ, არაფრის იმედი აქვთ, ასეთი შეგრძნება მაქვს. არეულობის, დესტრუქციისა და იმის იმედი აქვთ, რომ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე ხალხს მოთმინების ფიალა აევსება, გამოვლენ და ხელისუფლებას დაამხობენ და ეს არ და ვერ მოხდება, ამის საშუალებას ოპოზიციურ ძალებს ნამდვილად არ მივცემთ. ამიტომ არაფრის იმედი არ აქვთ“, – განაცხადა დავითულიანმა.


„გირჩის“ თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ „TV პირველის“ ეთერში ელჩების ფასილიტაციით წარმარტულ მოლაპარაკებების პროცესზე ისაუბრა.

ხვიჩიას განცხადებით, მან დაინახა, რომ ამ პროცესში ელჩები ოპოზიციისკენ არ იყვნენ. „გირჩის“ თავმჯდომარის თქმით, მისთვის საინტერესო ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის პოზიცია იყო და ის ხედავდა, რომ კელი დეგნანი ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებდა.

„ჩვენ თუ მართლა თვალს არ დავიბრმავებთ, პარლამენტის პირველ სხდომაზე აშშ-ის ელჩი იყო მისული სტუმრად, ესწრებოდა სხდომას, მერეც მოგვიწოდა, შედით პარლამენტში. მე სულ ვამბობდი, ეს ხალხი ჩვენკენ რომ არ არის, მოდი, რამე გავაკეთოთ, რათა ჩვენკენ იყოს, თორემ ამერიკის ელჩი შენკენ არ არის, ევროკავშირის ელჩი შენკენ  არ არის, ევროპარლამენტი გეუბნება შედიო, ქუჩაში ხალხს ვერ კრებ, რის იმედად უნდა ვიყოთ. წარმოიდგინეთ, გაქვს ბოიკოტი და ხალხი, ვისი იმედიც გვაქვს, გეუბნება, რომ უნდა შეხვიდეთ პარლამენტში. შენ ნაცვლად იმისა, დაარწმუნო ისინი, რომ არასწორი ინფორმაცია აქვთ, აკლიათ რაღაც, დაამატო ინფორმაცია, ელოდები, როდის შეიცვლება მისი უფროსი, რომ უბრძანოს ვიღაცამ, პოზიცია შეცვალოს. ეს ჩემთვის პირველივე დღიდან მიუღებელი პოზიცია იყო“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.