როცა ვაქცინის მწარმოებლები შეასრულებენ ვალდებულებებს სახელმწიფოებთან, შემდეგ იქნება კერძო ინიციატივაც – გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

შეკითხვაზე, როგორ ხედავს სახელმწიფო კერძო სექტორის ინიციატივას, ქვეყანაში შემოიტანოს ვაქცინა, ამირან გამყრელიძე პასუხობს, რომ ამას სახელმწიფო დადებითად უყურებს.

„ძალიან დადებითად უყურებს სახელმწიფო, თუ კერძო სექტორი ჩაერთვება ვაქცინაციაში. მე ხშირი კომუნიკაცია მაქვს კერძო სექტორთან. მოგეხსენებათ, ზოგადად, ვაქცინაციის პროცესში თითქმის 97-98% მთლიანად ქვეყანაში ჩატარებული ვაქცინაციისა, რუტინულ ვაქცინაციაზეა საუბარი (კოვიდის ჯერ არ დაგვიწყია) მოდის სახელმწიფოს ხარჯზე. კერძო სექტორი მონაწილეობს 2-3 ვაქცინის შემოტანაზე ქვეყანაში და ეს არის, ძირითადად, გრიპის ვაქცინა.

რაც შეეხება კოვიდს, პირიქით, ჩვენ ვესაუბრებით კერძო სექტორს თუ აქვთ საშუალება, მაგრამ, მე რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, თვითონ მწარმოებლები, მსხვილი მწარმოებლები, ჯერჯერობით, კერძო სექტორს არ ესაუბრებიან და არ უდებენ კონტრაქტს ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით.

ჩემი პირადი შეხედულებაა და გათვლა, რომ ეს დაიწყება დაახლოებით მაისი-ივნისის შემდეგ კერძო სექტორის გააქტიურება, ანუ არავინ ხელს არ უშლის, პირიქით, ხელს უწყობენ.

იცით, რომ ვაქცინების წარმოებაში ის რისი იმედიც იყო ნოემბერ-დეკემბერში, ჯერჯერობით ჩამორჩენაა სერიოზული. მწარმოებლებმა ვერ დააკმაყოფილეს ამ ეტაპზე ევროკავშირის მოთხოვნა, ვერ დააკმაყოფილეს ჯერჯერობით კოვაქსის მოთხოვნა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ისე სწრაფად იზრდება სიმძლავრეები, რომ აპრილში უკვე წარმოება დაეწევა იმ სიმძლავრეებს, რაც იყო დაგეგმილი. აი, როცა ვალდებულებები სახელმწიფოების მიმართ შესრულდება, მაშინ იქნება, რა თქმა უნდა, კერძო ინიციატივებიც“, ამბობს ამირან გამყრელიძე.