„როცა X საუკუნის კოშკს ძირამდე შლი, ეს რესტავრაცია არაა“ - რა ხდება ქოროღოს კოშკზე

პუბლიკა

„მემკვიდრეობის პლატფორმამ” დღეს ხადის ხეობაში მდებარე ქოროღოს კოშკის ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც მეათე საუკუნის ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი ნაწილ-ნაწილადაა დაშლილი.

ფოტოს ავტორი – პიტერ ნეისმითი „ბრიტანულ-ქართული საზოგადოების“ წევრი და ბრიტანეთში „საქართველოს ეროვნული ფონდის“ დამფუძნებელია. როგორც ის „პუბლიკასთან“ ამბობს, ფოტო სექტემბერში გადაიღო.

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ „პუბლიკა“ ცდილობს, დაუკავშირდეს კულტურის სამინისტროს, ძეგლთა დაცვის სააგენტოს, თუმცა უშედეგოდ. ჩვენი სატელეფონო ზარი და ტექსტური შეტყობინებები უპასუხოდ რჩება.

მოგვიანებით „მემკვიდრეობის პლაფტორმის“ მიერ facebook-ზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, ჩვენი ინფორმაციით, სააგენტოს თანამშრომელი – ქეთი დიღმელაშვილი, რომელიც წერს, რომ კოშკი კი არ დაინგრა, არამედ რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში დაიშალა და ისევ თავიდან აშენდება.

მისივე ცნობით, კომპლექსის რეაბილიტაცია უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს, რომელიც ასევე ითვალისწინებდა კოშკის დაშლასა და ახლიდან აღდგენას.

„კოშკი რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში დაიშალა და ისევ ახლიდან აშენდება. ანუ, სამუშაოები ნებართვით მიმდინარეობს, კულტურული მემკვიდრეობის საბჭოზეა დამტკიცებული და სამუშაოების მონიტორინგიც მიმდინარეობს.

როგორც ამიხსნეს, კოშკი ეკლესიისკენ იყოო გადახრილი და თუ არ დაიშლებოდა, ეკლესიას დააზიანებდაო. ამიტომ მისი დაშლა და ახლიდან აღდგენა გადაწყდა“, – წერს ის.

არქიტექტურის ისტორიკოსი, Icomos-ის წევრი მანანა სურამელაშვილი „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია ამგვარი მეთოდის გამოყენება იმ ტიპის ნაგებობაზე, როგორიც ქოროღოს კოშკია.

„ჩემთვის გაუგებარია, არ ვეთანხმები ამ მეთოდს. როცა მეათე საუკუნის კოშკს ძირამდე შლი, ეს არ არის რესტავრაცია. ნაწილობრივი დაშლაც არაა ეს, ეს სრულად დაშლაა. გამოდის, შეგრჩება 21-ე საუკუნის ქოროღოს კოშკი, ვის რად უნდა ასეთი კოშკი?!

ეს არ იყო მშრალი წყობით ნაშენი. მანდ იყო კირქვა გამოყენებული; შერჩეული ქვები იყო; წყობას თავისი ხასიათი ჰქონდა; ყველაფერში ჩანდა ის სიძველე და ღირებულება; მთავარი ფასეულობა იყო სიძველე. მისი კონტურში გამეორება და სიმაღლის დაცვა არ არის საკმარისი, ხო. აქ მთელი კომპლექტი იყო იმ ფასეულობების, რაც შეადგენს საერთოდ ძეგლს“, – ამბობს სურამელაშვილი.

შეკითხვაზე, რა შემთხვევაში მიმართავენ ხოლმე ძეგლის სრულად დაშლისა და შემდეგ აღდგენის მეთოდს, სურამელაშვილი გვპასუხობს:

„როდესაც არის გამოუვალი, მძიმე ფიზიკური მდგომარეობა. თან ამას წინ უძღვის ხოლმე ბევრი ექსპერტიზა, კვლევა, საბჭოზე გატანა. რთულია იმ გადაწყვეტილებამდე მისვლა, რომ საჭიროა დეონტაჟი, დაშლა.

ვიზუალურად ეს არ ტოვებდა იმ შთაბეჭდილებას, რომ სხვა საშველი არ იქნებოდა.  გარდა ამისა, არსებობს კიდევ მრავალნაირი ჩარევის მეთოდი, როცა შეიძლება სტაბილიზაცია, მოჭიმვა, გამოლესვა, გამაგრება ან ნაწილობრივ შეიძლება მონაკვეთი დაიშალოს, ასე ძირამდე დაშლა არის მიუღებელი ჩემთვის და დაუჯერებელი, რომ სხვა საშველი აქ არ არსებობდა“, – ამბობს სურამელაშვილი.

როგორც დიღმელაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ჩანს, ძეგლზე სამუშაოები ნებართვით მიმდინარეობს და კულტურული მემკვიდრეობის საბჭოზეა დამტკიცებული. „პუბლიკა“ ცდილობს, დაუკავშირდეს საბჭოს რომელიმე წევრს მაინც და მიიღოს დამატებითი ინფორმაცია, თუ რატომ დასთანხმდა საბჭო ამგვარი მეთოდით ძეგლზე ჩარევას. როგორც აღინიშნა, პასუხისმგებელი უწყება მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.

ამასთან, სურამელაშვილის ინფორმაციით, საბჭოზე ეს საკითხი 2020 წელსაც გასულა, თუმცა მაშინ დადებითად არ გადაწყვეტილა.

როდის და რა პირობებით შეთანხმდა შემდგომში ეს პროექტი, ამ კითხვაზე პასუხის მიღებაც წარმოადგენდა ჩვენს მიზანს.

სურამელაშვილი ამბობს იმასაც, რომ ზოგადად, აღნიშნული კომპლექსი ფუნდამენტური კვლევის საგანი აქამდე არ გამხდარა, ისევე როგორც ბევრი სხვა ძეგლი ხადის ხეობაში.

„ამიტომ მას სჭირდებოდა სერიოზული შესწავლა და ფრთხილი დამოკიდებულება. მაქსიმალურად უნდა შენარჩუნებულიყო ყველაფერი ჩვენამდე მოღწეული სახით და არა ასეთი სრული დემონტაჟით”.


ქოროღოს კომპლექსი ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც ეკლესიას (X-ს.), ზურგიან კოშკს (IX-X სს.) და გალავანს მოიცავს.

ხადის ხეობაში რუსეთთან დამაკავშირებელი გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

გავლენა მოსახლეობაზე, გარემოზე, ტურიზმის პოტენციალზე, სასოფლო-სამეურნეო მიწებზე – ამ ფაქტორების გარდა, ადგილობრივი მოსახლეობა მაგისტრალის მშენებლობას ხეობის კულტურულ მემკვიდრეობის დაზიანების საფრთხის გამოც ეწინააღმდეგებოდა.  9 კმ-ს სიგრძის ხადის ხეობა საქართველოში „60 კოშკის ხეობადაა” ცნობილი.

ხეობაში შემორჩენილია არქეოლოგიური არტეფაქტები, ტრადიციული საცხოვრებლის ნიმუშები, ეკლესიები, გალავნიანი ციხეები, ცალკე მდგომი კოშკები, მემორიალური ადგილები, წარწერიანი ქვებისა და ქვა-ჯვრები. ეს ძეგლები ჯერ კიდევ არ არის შესწავლილ-შეფასებული და არ არის სრულად შეფასებული, რა ზემოქმედება ექნება მშენებლობას აქ არსებულ არქეოლოგიური თუ ხუროთმოძღვრული მემკვიდრეობის ძეგლებზე.