როდემდე შეიძლება, ასეთ უპასუხიმგებლო კომპანიაზე ვიყოთ დამოკიდებული? - ელისაშვილი GWP-ზე

პუბლიკა

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატებმა თავმჯდომარის ანგარიში მოისმინეს, თბილისის წყალმომარაგების პრობლემაზე ისაუბრა.

„სიმართლე გითხრათ, ძალიან მინდოდა, მაღალ მატერიებზე მესაუბრა მეც და კოდექსებზე, მაგრამ ისეთი გაცოფებული ვარ, გუშინ ჯერ წყალი შემიწყდა და მთელ თბილისს შეუწყდა და მერე მოვიდა მესიჯი, წყალი შეგიწყდებათო.

მინდოდა, ღარიბაშვილისთვის და მთელი მთავრობისთვის მეთქვა, როდემდე შეიძლება, საქართველოს დედაქალაქს წყალმომარაგების კომპანია ემსახურებოდეს, რომელსაც ნატამალი სინდისი და პასუხისმგებლობა არ აქვს?! საგურამოში წვიმა მოვიდაო და ნიკარაგუაში ქარი რომ ამოვარდება, მაშინაც წყალი უნდა შეგვიწყდეს?

როდემდე შეიძლება, ასეთ უპასუხისმგებლო კომპანიაზე დამოკიდებული იყოს მილიონ-ნახევარი ადამიანი საქართველოს დედაქალაქში? რა კოდექსებზე ვლაპარაკობთ, ერთი კომპანიისთვის ვერ მოგვივლია და ახლა ვკითხულობდი GWP-ის განცხადებას, ასეთი ცინიზმი, ცისტერნებით მოგიტანთ წყალს საჭიროების შემთხვევაშიო. მეთულუხჩეები გამოაგზავნონ ბარემ. ქვითრების გამოწერაში ხომ არიან ყოჩაღები? რა უბედურებაა ეს?! ვიღას შევჩივლო, აღარ ვიცი. ნატამალი პასუხისმგებლობა არ აქვთ. რამე გაფუჭდება და წელიწად-ნახევარი უნდა სდიო და ბაიდენს უნდა დაურეკო, რომ წყალი მოგიგვარონ. ძალიან მინდოდა, მეკითხა მთავრობის თავმჯდომარისთვის, კერძო კომპანია იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ნამუსზე ხელი აიღო და პასუხისმგებლობა არ ჰქონდეს“, – განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.