როდესაც 95% წინააღმდეგია პროპაგანდისტული მარშის ჩატარების, ყველანი უნდა დავემორჩილოთ - პრემიერი

პუბლიკა

„..ასევე, მინდა გითხრათ ჩემი შეფასება კიდევ ერთხელ, რატომ ვიყავი წინააღმდეგი აღნიშნული აღლუმის, ე.წ. აღლუმის… ჯერ ერთი, აღლუმი რა სახელია?! მე ვიცი ერთი აღლუმი – ეს არის ჩვენი ჯარის აღლუმი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჩატარდება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე მედიისთვის განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ჰომოფობიური განცხადების გაკეთებას 2 წუთზე მეტი დაუთმო. მანვე აღნიშნა, რომ „სხვა ღონისძიებებისთვის, რომლებიც შესაძლოა ჩატარდეს განსხვავებული აზრის გამოსახატად, ნებისმიერი სხვა ლოკაცია არსებობს, რომელიც პოლიციამ შესთავაზა ლგბტ თემს“.

„მე შევახსენებ საზოგადოებას, რომ მანამდე 3 დღის განმავლობაში აბსოლუტურად ყოველგვარი შეფერხების გარეშე ისინი იკრიბებოდნენ და აღნიშნავდნენ აღნიშნულ კვირეულს. არავითარი შეფერხება, არავითარი აგრესია არ ყოფილა. პოლიციამ მოახდინა ყველაფრის პრევენცია.

მაგრამ, როდესაც 95% ჩვენი მოსახლეობის არის წინააღმდეგი დემონსტრაციულად, პროპაგანდისტული მარშის თუ აღლუმის ჩატარების, ამას, მეგობრებო, ყველანი უნდა დავემორჩილოთ. ეს არის ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის აზრი და ჩვენ, როგორც ხელისუფლება, როგორც ხალხის მიერ არჩეული, ვართ იძულებული, რომ ამას ანგარიში გავუწიოთ. ამას ყოველთვის გავუწევთ ანგარიშს.

ისე აღარ იქნება, რომ უმცირესობა წყვეტდა ყოველთვის უმრავლესობის ბედს, როცა მათი ძალადობრივი ხელწერით, ნებისმიერ გადაწყვეტილებას იღებდნენ საქართველოში.

რა თქმა უნდა, კიდევ ვიმეორებ და შევახსენებ საზოგადოებას – ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ გამოხატვის უფლება, როგორც კონსტიტუციით არის გარანტირებული, მათ შორის ჩვენ, ჩვენმა ხელისუფლებამ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი იმისათვის, რომ აღმოიფხვრას ნებისმიერი დისკრიმინაცია ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერი სახის და ჩვენ მოქალაქეებს არავითარი პრობლემა არ აქვს განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების მიმართ ჩვეულებრივ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

მაგრამ, როდესაც ხდება პროვოკაციული მიზნით, პოლიტიკური მიზნით ამ ყველაფრის ორგანიზება, რა თქმა უნდა, ეს არის მიუღებელი და ამას ჩვენ შევეწინააღმდეგებით ვინაიდან, ვიცით, რა დგას ამ მიზნის უკან. ამ მიზნის უკან, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დგას პოლიტიკური მიზანი. სხვა არაფერი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.