როდესაც ჩემი ხარჯებით მივდივარ უცხო ქვეყანაში, უნდა დავდგე და ყველაფერი მოგიყვეთ? - კალაძე

პუბლიკა

„ადამიანი, როდესაც თავისი, პირადი ხარჯებით გადაადგილდება რატომ უნდა იყოს ეს საჯარო?”, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ღარიბაშვილის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას. კალაძის თქმით, რადგან ღარიბაშვილი აშშ-ში პირადი ხარჯებით წავიდა, ის არ იყო ვალდებული ვიზიტზე ესაუბრა.

კახა კალაძის თქმით, არც თავადაა ვალდებული „ყველაფერი მოყვეს, როდესაც უცხოეთში საკუთარი ხარჯებით მიდის”.

„დეკლარაცია ივსება წელიწადში ერთხელ. თანამდებობის პირები და პოლიტიკოსები ვალდებული არიან, დეკლარაცია შეავსონ. დაველოდოთ ამ თარიღს, როდესაც პრემიერ-მინისტრს მოუწევს, შეავსოს დეკლარაცია. ადამიანი პირადი ხარჯებით როცა გადაადგილდება, რატომ უნდა იყოს ეს საჯარო? როდესაც ჩემი ხარჯებით მივდივარ უცხო ქვეყანაში, უნდა დავდგე და ყველაფერი მოგიყვეთ? არ არის სწორი. ჩემი ხარჯებით როცა წავალ სადმე, არანაირი აუცილებლობა არ მაქვს, ამასთან დაკავშირებით გესაუბროთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მთავრობის სტრატკომმა დღეს, 7 სექტემბერს განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა, შვილთან ერთად, ჩარტერული ფრენით ჩავიდა თბილისიდან ევროპის ერთ-ერთი ქალაქში, ხოლო აშშ-ის მიმართულებით პრემიერი რეგულარული რეისით გაემგზავრა. მათივე თქმით, ეს იყო კერძო ვიზიტი, რომლის მგზავრობის ხარჯებიც ბიუჯეტიდან არ გაწეულა.