როდესაც ევროპარლამენტარი ამბობს „დებიძინიზაციას“, ეს არ არის „ჰარასმენტი“? - კობახიძე

პუბლიკა

„როდესაც გამოდის კონკრეტული ევროპარლამენტარი და ამბობს „დებიძინიზაციას“, ეს არ არის პერსონალიზებული მიდგომა და ჰარასმენტი?“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 12 პუნქტის შესრულების პრეზენტაციაზე, რომელსაც მხოლოდ სატელევიზიო მედია ესწრებოდა.

მან განაცხადა, რომ პოლარიზაცია და დეოლიგარქიზაცია ქვეყნის პრობლემად რჩება და მან მაგალითად მოიყვანა თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი, რომელიც „ფორმულას“ თანადამფუძნებელია.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ დეოლიგარქიზაციაში ბიძინა ივანიშვილის გავლენის შემცირება იგულისხმება, კობახიძე ამბობს, რომ ეს ევროპარლამენტარის პოზიციაა და არა ევროკომისიის.

მისივე თქმით, დეოლიგარქიზაციის ქართული კანონი იმიტომ დაიწუნეს, რომ „პერსონალიზებული მიდგომა არ მოეწონათ“, ხოლო სისტემური მიდგომით ეს პრობლემა ვერ დაიძლევა.

„ე.წ სისტემური მიდგომით ამ პრობლემას ვერ დაძლევ. კონკურენციის კანონმდებლობა უშველის ამას თუ პარტიების… [კეზერაშვილი] არალეგალურად აფინანსებს ყველას, არსად არ ჩანს ეს დაფინანსება…

საუბარია რისკებზე, რასაც შეიცავს ეს კანონი ე.წ. harassment-ის [შევიწროვება] კუთხით. რაც შეეხება harassment-ს, როდესაც გამოდის კონკრეტული ევროპარლამენტარი და ამბობს „დებიძინიზაციას“, ეს არ არის პერსონალიზებული მიდგომა და ჰარასმენტი? ჩვენ ამას ვეუბნებით ევროკომისიის წარმომადგენლებს, რომ ჩანაწერი 12 პუნქტში თავისთავად ნიშნავს პერსონალიზებულ მიდგომას და პირდაპირ წაახალისებს ამ ე.წ. ჰარასმენტს.

…რაც შეეხება ივანიშვილს, 3 მილიარდი დოლარი მარტო თავისი ფული აქვს დახარჯული ქველმოქმედებაზე. ივანიშვილმა გაისტუმრა სახლში ძალადობრივი რეჟიმი, რომელიც იყო ჩამოყალიბებული ქვეყანაში – ეს არის ბიძინა ივანიშვილი. საკუთარი ქონების ნახევარი დახარჯოს ვინმემ ქველმოქმედებაზე და მერე ისაუბროს ბიძინა ივანიშვილზე. […] თქვენ იცით, რომ სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი, კეზერაშვილი არის ოლიგარქი“, – განაცხადა მან.