როდესაც „ოცნება" თავს ესხმის ამერიკის ელჩს, ის თავს ესხმის ამერიკის პრეზიდენტსა და მთავრობას - კრამერი

პუბლიკა

მასალა მომზადებულია „ამერიკის ხმის” მიერ;

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს უნდა ესმოდეთ, რომ როდესაც ისინი თავს ესხმიან ამერიკის ელჩს, ისინი ესხმიან თავს ამერიკის პრეზიდენტსა და ამერიკის მთელი მთავრობის წარმომადგენელს“, – ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი და ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გლობალური პოლიტიკის დირექტორი დევიდ კრამერი „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას. მისი თქმით, „ელჩი საუბრობს კრიტიკულად, როგორც საქართველოს მეგობარი, მაგრამ ის ასევე წარმოადგენს ამერიკის მთავრობას. „ქართულმა ოცნებამ“ კი მისი კრიტიკისა და მასზე თავდასხმის ნაცვლად, მკაფიოდ უნდა დაინახოს ვინაა მისი მტერი. ეს ნამდვილად არ არის ამერიკა ან მისი ელჩი“.

მისი აზრით, ამერიკის ელჩსა და დასავლელ პარტნიორებს „ქართული ოცნება“ ამ დრომდეც აკრიტიკებდა, თუმცა ახლა როგორც ჩანს, „რიტორიკა მძიმდება“.

„ვფიქრობ ეს ასახავს საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში არსებულ ძალიან შემაშფოთებელ ტენდენციას, რომელიც ნამდვილად ფსკერს აღწევს. მე მაწუხებს ის, რომ „ქართული ოცნების ოფიციალური“ პირები ვერ აანალიზებენ, რომ ამერიკა მათი საუკეთესო მეგობარია და ამერიკის ელჩზე თავდასხმა ერთდროულად ძალიან შეუფერებელი საქციელიცაა და ძალიან არაგონივრულიც“, – მიიჩნევს კრამერი.

მისივე აზრით, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაიაზროს, რომ ბევრი მისი ქმედება ბოლო დროს არასწორი მიმართულებით ვითარდება და პრობლემები არა ამერიკის ელჩში, დასავლელ ანალიტიკოსებში ან სხვებში უნდა ეძიოს, არამედ მიხვდეს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს ბევრი უცხოელი მეგობრის შეშფოთებას გამოხატავს.