საგანგებო მდგომარეობის ზომების გამკაცრების შემდეგ, როცა ქვეყანა, ფაქტობრივად, საყოველთაო კარანტინის რეჟიმში გადავიდა, ჟურნალისტებმა პრემიერ-მინისტრს ჰკითხეს, იყო თუ არა ამასთან დაკავშირებით კომუნიკაცია ეკლესიასთან და შეეხება თუ არა აკრძალვა წირვა-ლოცვას. პრემიერმა ჟურნალისტებს უპასუხა, რომ ეკლესიასთან კომუნიკაცია გამუდმებით მიმდინარეობს და ამის შედეგია ის, რომ ეკლესიამ ჯანდაცვის ორგანოების რეკომენდაციები, ძირითადად, გაიზიარა.
„ბევრმა ეკლესიამ დააწესა სპეციალური წესები. ბევრმა ეკლესიამ ეზო ხმის შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა, რათა მრევლს შეეძლოს, რომ გარეთ იმყოფებოდეს. ჩვენ ამას გავაგრძელებთ. ჩვენი მთავრობის პასუხისმგებლობა არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და ვართ დარწმუნებული, რომ, როდესაც საკითხი ეხება საქართველოს მოქალაქის სიცოცხლესა და მის ჯანმრთელობას, ჩვენ ყოველთვის ვიპოვით შესაბამის კომპრომისს ეკლესიასთან. მე ვერ წარმომიდგენია, ისე, როგორც რიგით ადამიანს, რიგით მოქალაქეს, რიგით მრევლს, რიგით ქრისტიანს, ვერ წარმომიდგენია, რა შეიძლება იყოს ადამიანის სიცოცხლეზე უფრო მაღალი ფასეულობა. როგორც მთავრობისთვის, ისე ეკლესიისთვის”, – განაცხადა პრემიერმა.
ჟურნალისტებმა ასევე გახარიას ჰკითხეს, ეხება თუ არა ეს გადაწყვეტილებები სააღდგომო ლიტურგიაზე დამსწრეთა მსურველების შეზღუდვას. გახარიას განცხადებით, ამ გადაწყვეტილებების მიღების მიზეზი ვირუსის შიდა გავრცელებასთან დროულად და ეფექტურად გამკლავებაა.
„ვმოქმედებთ სწრაფად და შეიძლება ხისტად, იმისთვის რომ მსგავსი დისკომფორტი არ შევუქმნათ მოქალაქეებს, მრევლს, არც ეკლესიას და არც რიგით მოქალაქეებს. გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ აქამდე არ მივიდეს და სააღდგომო დღესასწაულებამდე გავუმკლავდეთ, თუმცა ამის გარანტია მსოფლიოში არ არსებობს. იმედია, ჩვენი დღევანდელი ნაბიჯები და მოქალაქეების პასუხი ამ ნაბიჯებზე, მოგვცემს ამის საშუალებას”,- განაცხადა გახარიამ.