საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა.
დასწრებულ ფორმატში სწავლის განახლების უფლება მიეცათ პროფესიულ კოლეჯებსა და უნივერსიტეტებს, თუმცა განათლების მინისტრმა განაცხადა, რომ ისინი გადაწყვეტილებას თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, სამინისტროსთან შეთანხმებით მიიღებდნენ.
სწავლის განახლების წინაპირობა ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციებისა და სამედიცინო პროტოკოლის ზედმიწევნითი დაცვაა.
კერძო უნივერსიტეტების ნაწილში აუდიტორიებში სწავლება უკვე განახლდა, ნაწილში კი მალე განახლდება. „პუბლიკა“ დაუკავშირდა სახელმწიფო უნივერსიტეტებს შეკითხვით, რა ფორმატში განახლდა სწავლა და აკადემიური პერსონალის რა ნაწილია აცრილი.
5 სახელმწიფო უნივერსიტეტში – თსუ-ში, ილიაუნში, სამედიცინო უნივერსიტეტში, ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სოხუმის უნივერსიტეტში – „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ სწავლების შერეული მეთოდი აირჩიეს. ჰიბრიდული სწავლება სალექციო კურსების დისტანციურ, ხოლო პრაქტიკულ-ლაბორატორიული მეცადინეობების არადისტანციურ რეჟიმში წარმართვას გულისხმობს.
4 უნივერსიტეტში იდენტურია დასწრებულ სწავლებაზე სტუდენტისა და პერსონალის დაშვების წინაპირობა. ლექციაზე დამსწრე უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ პირობას მაინც: უნდა იყოს აცრილი ან კვირაში ერთხელ უნდა წარადგინოს PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ბოლო 6 თვეში კოვიდგადატანილობის ცნობა.
ამ მხრივ, გამონაკლისია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. უნივერსიტეტის სწავლების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, თამარ წერეთლის თქმით, დასწრებულ რეჟიმებზე სტუდენტები წინაპირობების გარეშე დაიშვებიან. მისი განმარტებით, ლაბორატორიულ-პრაქტიკულ მეცადინეობებზე 2-მეტრიანი დისტანციისა და ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ყველა სხვა წესის დაცვაა შესაძლებელი.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან „პუბლიკას“ აცნობეს, რომ 4 ოქტომბრიდან არადისტანციური სწავლება განახლდება უნივერსიტეტის ინგლისურ- და რუსულენოვან პროგრამებზე, ასევე ზოგიერთ ქართულენოვან პროგრამაზე კლინიკურ დისციპლინებში. თსსუ-ის ცნობით, არაკლინიკურ დისციპლინებში სწავლება გრძელდება დისტანციურად, ხოლო 18 ოქტომბრიდან განხორციელდება შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ცნობით, აკადემიური, ადმინისტრაციული, დამხმარე პერსონალისა და მოწვეული მასწავლებლების სრული შემადგენლობა „სავსებით აკმაყოფილებს სწავლების არადისტანციურ რეჟიმში განხორციელებისათვის საჭირო სამი პირობიდან ერთ-ერთს (სრულად ვაქცინირებულია; უზრუნველყოფს PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენას კვირაში ერთხელ; ახალი კორონავირუსის (COVID -19) ლაბორატორიულად დადასტურებიდან ორი კვირის შემდეგ არ არის გასული 6 თვეზე მეტი)“.
სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის ცნობით, აკადემიური პერსონალის, დაახლოებით, 80% უკვე აცრილია.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამბობენ, რომ პერსონალის, დაახლოებით, 70%-ია აცრილი.
სოხუმის სამედიცინო უნივერსიტეტში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ აცრილია აკადემიური პერსონალის, დაახლოებით, 60%.
ილიაუნის ცნობით, აკადემიური პერსონალის, დაახლოებით, 95% უკვე აცრილია.