ბოლო რამდენიმე წელია მეტროსადგური „გურამიშვილი“ რეაბილიტაციის მოლოდინშია. მეტროსადგურ „გოცირიძისგან“ განსხვავებით, „გურამიშვილი“ ამ ეტაპზე მგზავრებს ემსახურება, თუმცა სადგური არასახარბიელო მდგომარეობაშია.
„გურამიშვილის“ რეაბილიტაცია ჯერ კიდევ 2018-19 წლებში იყო დაგეგმილი, თუმცა, როგორც „პუბლიკას“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, 2018 წლის 30 იანვრის, ანუ მას შემდეგ, რაც ახალრეაბილიტირებული მეტროსადგურ „ვარკეთილის“, ე.წ. შეკიდული ჭერი ჩამოინგრა, მერიის ბრძანებით „გურამიშვილის“ რეაბილიტაცია შეჩერდა.
„ვარკეთილის“ შემთხვევის შემდეგ შეჩერდა მს „გურამიშვილის“ რეაბილიტაცია მერის ბრძანებით. შემოწმება ჩაუტარდა ყველა სადგურს. ასევე ექსპერტიზა ჩაუტარდა გურამიშვილის პროექტს სამხარაულის მიერ და დაწუნებულ იქნა პროექტი. აღნიშნულიდან გამომდინარე დაინიშნა სადგურის ინსტრუმენტურ-გეოლოგიური კვლევები და დადგინდა შენობის მდგრადობა. 2022 წელს დაიწყება პროექტირება და მომდევნო წლებში იბიარდის ფინანსური მხარდაჭერით სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება 10 მეტროსადგურს და მათ შორის გურამიშვილსაც“, – აღნიშნეს სატრანსპორტო კომპანიაში.
სატრანსპორტო კომპანიაში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე რეაბილიტაციის პროექტის ტენდერიც კი არ არის გამოცხადებული. შესაბამისად, უცნობია, კონკრეტულად როდის დასრულდება მეტროსადგურ „გურამიშვილის“ რეაბილიტაცია.
2018 წლის 30 იანვარს მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ჭერის ჩამონგრევის შედეგად 15-მდე ადამიანი დაშავდა. მეტროსადგურში სარემონტო სამუშაოები 2016 წლის ბოლოს დაიწყო და 2017 წლის სექტემბერში გაიხსნა. სარემონტო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შპს „ყვარელრემმშენმა“ ჩაატარა.
ჭერის ჩამონგრევის შემდეგ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს. პროკურატურამ ბრალი 3 პირს წაუყენა, საქალაქო სასამართლომ კი სამივე მათგანს აღმკვეთი ღონისძიების სახით 35-35 ათასლარიანი გირაო შეუფარდა.