როდის გაიმართება სკოლებში დირექტორთა არჩევნები - მინისტრის პასუხი

პუბლიკა

როდის წარუდგენს სამინისტრო დირექტორობის კანდიდატებს სკოლის სამეურვეო საბჭოებს – აღნიშნული კითხვა „პუბლიკამ“ განათლების მინისტრს დღეს გამართულ ბრიფინგზე დაუსვა.

ცნობილია, რომ დირექტორობის მსურველებთან, სამეურვეო საბჭოებისთვის წარდგენის მიზნით გასაუბრებები, სამინისტრომ აგვისტოს ბოლოს დაასრულა. მას შემდეგ კანდიდატები სკოლებში წარდგენასა და არჩევნების დღის გამოცხადებას ელოდებიან.

მინისტრის თქმით, სავარაუდოდ, არჩევნები ოქტომბერში გაიმართება.

„უახლოეს მომავალში, მიდის ეს პროცესი, არის წესით გაწერილი და უახლოეს მომავალში დასრულდება. უახლოეს, მე ვფიქრობ, ოქტომბრის თვეში უნდა დასრულდეს“, – თქვა გიორგი ამილახვარმა.

ინფორმაცია დირექტორთა სერთიფიცირების და არჩევნების შესახებ

დირექტორთა სერტიფიცირების დაწყება სამინისტრომ 2022 წლის ოქტომბერში დააანონსა. სერტიფიცირების პირველ ეტაპზე (ტესტირება) 3200 მსურველი დარეგისტრირდა. გამოცდაზე გამოცხადდა 1839 ადამიანი. გასაუბრების ეტაპზე გადავიდა 755 ადამიანი და აქედან სერტიფიკატი 593-მა აიღო. 160-მდე აპლიკანტმა გასაუბრების ეტაპი ვერ გაიარა.

ორეტაპიანი სერტიფიცირების პროცესის დასრულების შემდეგ სერტიფიცირებული პირებისთვის სამინისტრომ საჯარო სკოლებში დირექტორობის მსურველთა მიერ თანხმობის განაცხადის წარდგენის ეტაპი გამოაცხადა.

ამ ეტაპის ფარგლებში სერტიფიცირებულ კონკურსანტებს უფლება ჰქონდათ, მოენიშნათ არაუმეტეს 3 საჯარო სკოლა, სადაც კონკურსში მონაწილეობის სურვილი ჰქონდათ.

ამ ეტაპის დასრულების შემდეგ გამოჩნდა, რომ 2074 საჯარო სკოლიდან 383 სკოლაში დირექტორის პოზიციაზე წარდგენილია 2/ან და მეტი თანხმობის განაცხადი; 892 სკოლაში წარდგენილია თანხმობის 1 განაცხადი; 799 სკოლაში – თანხმობის 0 განაცხადი.

დირექტორთა კონკურსის 27 მონაწილე განათლების სამინისტროს ივლისში სასამართლოში უჩივის 

სერტიფიცირების მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ, შედეგების გამოცხადებას კანდიდატების პროტესტი მოჰყვა. დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების მეორე ეტაპი – გასაუბრება – სამინისტრომ 2023 წლის 20 მარტიდან 28 აპრილის ჩათვლით ჩაატარა.

მინისტრის ბრძანებით შექმნილი იყო გასაუბრების 2 კომისია. გასაუბრების დასრულებიდან თითქმის 2 თვის შემდეგ, 2023 წლის 8 ივნისს, სამინისტრომ გამოაქვეყნა შედეგები, რომლის მიხედვითაც, 160-მდე აპლიკანტმა გასაუბრების ეტაპი ვერ გაიარა.

აღსანიშნავია, რომ გასაუბრების ეტაპი ვერ გადალახეს და სერტიფიკატის მიღებაზე უარი ეთქვა კანდიდატებს, რომლებსაც ტესტირებაში მიღებული ჰქონდათ საკმაოდ მაღალი შეფასებები, ასევე, რომელთა კვალიფიკაცია და გამოცდილება არის დადასტურებული. მათ შორის იყვნენ კანდიდატებიც, რომელთაც დირექტორად მუშაობის გამოცდილებაც ჰქონდათ.

2023 წლის 7 და 10 ივლისს საჯარო სკოლების დირექტორთა სერტიფიცირების პროცესში მონაწილე 27 კონკურსანტის უფლებების დასაცავად „სამართლიანმა არჩევნებმა” თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. სარჩელით დირექტორობის მსურველები სერტიფიცირების მეორე ეტაპის – გასაუბრების შედეგების ბათილად ცნობასა და მის ხელახლა, სამართლიან გარემოში, გამართვას ითხოვენ.