როდის გახდება ცნობილი სკოლის დირექტორობის მსურველებთან გასაუბრების შედეგები

პუბლიკა

განათლების სამინისტრომ 28 აპრილს საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველებთან გასაუბრება დაასრულა. გასაუბრების ეტაპზე სულ 755 ადამიანი გადავიდა.

განათლების სამინისტროს ცნობით, მალე გახდება ცნობილი, თუ ვინ გადალახა წარმატებით გასაუბრების ეტაპი და ვის მიენიჭება დირექტორის სერტიფიკატი.

„პუბლიკას“ სამინისტროში შედეგების გამოქვეყნების ზუსტი თარიღი ვერ უთხრეს, თუმცა ამბობენ, რომ ინფორმაცია გასაუბრების შედეგებზე უახლოეს 10 დღეში უნდა გამოქვეყნდეს.

„დადგენილ ვადებში და პროცედურებით მიდის სერტიფიცირების პროცესი. გასაუბრება დასრულდა და მალე გახდება ცნობილი, თუ ვის მიენიჭება სერტიფიკატი“. – გვითხრა სამინისტროში მედიასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა.

გასაუბრების შედეგების გამოცხადების შემდეგ სამინისტრო სკოლებს ასარჩევად წარუდგენს დირექტორობის კანდიდატებს და შემდგომი არჩევნები სკოლებში ჩატარდება, სადაც გადაწყვეტილებას დირექტორის შერჩევაზე სკოლის სამეურვეო საბჭო იღებს.

საქართველოში მოქმედი 2086 საჯარო სკოლიდან დირექტორობის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი 2077 სკოლაშია. შესაბამისად, ყველა იმ სკოლაში, სადაც დროებით მოვალეობის შემსრულებლები არიან, უნდა აირჩიონ ახალი დირექტორები.