ვაქცინის მწარმოებელი კომპანიები Pfizer და Moderna 12+ ასაკის ბავშვებისთვის თავიანთ ვაქცინებს ცდიან და იმედოვნებენ, რომ შედეგები ზაფხულისთვის ექნებათ.
როგორც NY Times იუწყება, კომპანიებმა კლინიკური ცდებისთვის 12+ ასაკის ბავშვები დაარეგისტრირეს. იმის გათვალისწინებით, თუ როგორ იმოქმედებს ვაქცინა ამ ასაკობრივ ჯგუფში, კომპანიები ვაქცინებს მოგვიანებით უფრო ახალგაზრდა ასაკობრივი ჯგუფისთვისაც გამოცდიან. მარეგულირებელი კი კლინიკური ცდების შედეგების განხილვას რამდენიმე კვირას ანდომებს, რათა ვაქცინამ ავტორიზაცია გაიაროს. რაც იმას ნიშნავს, რომ, სავარაუდოდ, გვიან ზაფხულამდე ვაქცინა ბავშვებისთვის არ გვექნება.
ამ მიმართულებით კვლევების ჩატარებას კიდევ 3 კომპანია – Johnson & Johnson, Novavax და AstraZeneca – გეგმავს, თუმცა უფრო მოგვიანებით.
როგორც წესი, მკვლევრები წამალს თუ ვაქცინას პირველ რიგში სრულწლოვნებზე ცდიან, შემდგომ კი უფრო ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფზე გადადიან, აკვირდებიან ეფექტური დოზისა და მოულოდნელი გვერდითი ეფექტების ნებისმიერ ცვლილებას.
გამოცემის ცნობით, მეცნიერების გამოთვლებით, საზოგადოებრივი იმუნიტეტის მისაღწევად პოპულაციის 70%-დან 90%-მდე ნაწილმა ვაქცინა უნდა მიიღოს.
„12 წლის ასაკს ქვემოთ ბავშვებისთვის საჭირო იქნება ახალი კვლევა, ასევე, შესაძლოა, ახალი ფორმულირება და დოზების განრიგიც. ეს ცდები, სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის დაიწყება, თუმცა გეგმები უფრო ცხადი მას შემდეგ გახდება, რაც უფროსი ასაკის ბავშვების კვლევაზე კომპანიას მონაცემები ექნება“, – ამბობს Pfizer-ის სპიკერი.
მსგავსი კვლევების შედეგზეა დამოკიდებული Moderna-ს სამომავლო გეგმებიც.