როდის მიიღო ბათუმის საკრებულომ წინა წლების ბიუჯეტები

პუბლიკა

აჭარის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციულ შენობაში საკრებულოს სხდომა გაიმართება. სხდომაზე ერთ-ერთ საკითხად ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების საკითხი განიხილება.

წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის ასიგნებები 254 047,400 ლარს შეადგენს.

ოპოზიციის წარმომადგენლები ძველი მოწვევის საკრებულოს წარმომადგენლებს მოუწოდებენ, რომ ძველი მოწვევის საკრებულოს შემადგენლობამ არ დაამტკიცოს ადგილობრივი თვითმმართველობის 2022 წლის ბიუჯეტი.

მათი თქმით, 2017 წლის საკრებულომ, რომლის უფლებამოსილებაც 1 კვირაში სრულდება, ქალაქის მომდევნო წლის ბიუჯეტი არ უნდა დაამტკიცოს და ეს შესაძლებლობა ახალ საკრებულოს უნდა დაუტოვოს.

Droa ge-ის ინფორამციით, ცოტა ხნის წინ, 9 ნოემბერს, ბათუმის საკრებულომ რეგლამენტში ცვლილება შეიტანა და ბიუჯეტის პროექტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის წინასწარი განხილვის ვადები გააუქმა. თუ აქამდე პროცედურა იმგვარად იყო გაწერილი, რომ ბიუჯეტის დამტკიცება დეკემბრის შუა რიცხვებამდე ფიზიკურად ვერ მოხდებოდა, ახლა საკრებულოს მისი დამტკიცება წარდგენიდან 1 კვირაშიც მარტივად შეუძლია.

პორტალის მიერ მოკვლელული ინფორმაციის მიხედვით, ფორმალურად, დღეს მოქმედ, .. ძველ საკრებულოს, ცხადია, ბიუჯეტის დამტკიცება შეუძლია, თუმცა, ამგვარი რამ არცერთი არჩევნების შემდეგ არცერთ საკრებულოს არ უქნია.

 ბოლო 4 წლის პრაქტიკა ასეთია:

2018 წლის ბიუჯეტი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ სწორედ ახალი მოწვევის საკრებულომ მიიღო და 2017 წლის 26 დეკემბერს დაამტკიცეს.

მომდევნო, 2019 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი ბათუმის საკრებულომ 2018 წლის 27 დეკემბერს მიიღო, 2020 წლის ბიუჯეტი – 2019 წლის 25 დეკემბერს, ხოლო წლევანდელი, 2021 წლის, ბიუჯეტი – 2020 წლის 21 დეკემბერს.