როდის შეიკრიბება პარლამენტი - რას ამბობს ოხანაშვილი საკონსტიტუციო დავაზე და რას ამობენ იურისტები

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ წევრი ანრი ოხანაშვილი, რომელიც X მოწვევის პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო, აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის და ოპოზიციის სარჩელების დარეგისტრირება არ შეაფერხებს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებას.

ამის შესახებ ანრი ოხანაშვილმა „რუსთავი 2-ზე“ ნინო შუბლაძის გადაცემა „ღამის კურიერში“ ისაუბრა.

„რაც შეეხება XI მოწვევის პარლამენტის შეკრებას, ჩვენ დაანონსებული გვაქვს, რომ შევიკრიბებით ორშაბათს, 25 ნოემბერს და ვცნობთ პარლამენტის უფლებამოსილებას. ამით, რა თქმა უნდა, ჩვენ უზრუნველვყოფთ ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის ნების რეალიზებას…

იურიდიული კუთხით ხანდახან არის ხოლმე საკითხები რაზეც შეიძლება მსჯელობა, თუმცა ეს იმდენად მარტივი საკითხია, ძალიან უნდა მოინდომო, რომ ერთგვარი ინტერპრეტაცია მისცე ამ საკითხს. მკაფიოდ, პირდაპირ წერია საქართველოს კონსტიტუციაში, 38-ე მუხლში, რომ საქართველოს პარლამენტი იკრიბება შემაჯამებელი ოქმის გამოცემიდან არაუგვიანეს მეათე დღეს. შესაბამისად, ჩვენ ამ კონსტიტუციურ დანაწესს დავიცავთ…“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

მისი თქმით, კონსტიტუციით პარლამენტის მოწვევის როლი პრეზიდენტს მიენიჭა, როგორც ნეიტრალურ არბიტრს, რადგან ახალი პარლამენტის უფლებამოსილება ჯერ ცნობილი არაა და არც მთავრობაა დაკომპლექტებული, თუმცა თუ პრეზიდენტი არ მოიწვევს სხდომას, ასეთ შემთხვევას, ოხანაშვილის მტკიცებით, აზღვევს კონსტიტუციის 38-ე მუხლის პირველი წინადადება, რომელიც ამბობს, რომ პარლამენტი უნდა შეიკრიბოს ოქმის გამოცემიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა.

რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელებს, წამყვანმა ოხანაშვილს ჰკითხა:

„დავა უნდა დაიწყოს, უნდა მიიღოს ეს სარჩელი სასამართლომ, რომ შეჩერედეს უფლებამოსილება თითოეული პარლამენტარის, დროებით, ვიდრე დავა დასრულდება თუ უკვე როდესაც დარეგისტრიდა ეს ამას ითვალისწინებს უკვე?“

ოხანაშვილის პასუხის მიხედვით, სასამართლოში სარჩელის შეტანა არ ნიშნავს იმას, რომ დასაშვებად იქნა ცნობილი ამ საკითხზე მსჯელობა.

„ეს არის ელემენტარული პროცედურა, სამსახურში თქვენთან ვინმემ რომ შემოიტანოს საჩივარი ან განცხადება, ესაა კანცელარიაში გატარება, ფორმალური პროცედურა. ეს არ ნიშნავს, რომ დასაშვებია ამ საკითხზე მსჯელობა, ეს არის შემდგომი იურიდიული პროცედურა და იურიდიულად რომ განვიხილოთ ეს საკითხი, დასაშვებობის ეტაპიც ვერ უნდა გადალახოს იურიდიულად იმ განცხადებებით, რასაც ეს რადიკალური ჯგუფები ამბობენ. თუმცა, ჩვენ უნდა ვნახოთ ჯერ სარჩელი და ამის მიხედვით გავაკეთებთ საბოლოო შეფასებას. თუმცა, აქამდე არსებული განცხადებებიდან გამომდინარე, რაზე დაყრდნობითაც ისინი ამბობენ, რომ თითქოს კონკრეტული წევრის უფლებამოსილებას ცნობა ვერ მოხდება და ამის გამო პარლამენტი უნდა შეფერხდეს, აი ამ საფუძველზე, რაზეც აპელირებენ არის სრული აბსურდი“, – აცხადებს ოხანაშვილი.

ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ „ამ ხალხმა გაასაჩივრა ნორმა და დღეს ჩათვალეს, რომ მათ მიიღეს ისეთ არჩევნებში მონაწილეობა, რომელი ნორმაც, მათი გაგებით, აღმოჩნდა არაკონსტიტუციური“.

„ეს ხალხი ასაჩივრებს არა მოგონილ აბსურდულ იმ შავ ლაქას და ა.შ. არამედ ეს ხალხი ასაჩივრებს კონკრეტულ ნორმებს, კონკრეტული ნორმა მიაჩნიათ, რომ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მუხლს, მოიფიქრეს, თვითშემოქმედებაში შევიდნენ… მაშინ როცა არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, თუ კონსტიტუციას ეწინაარმდეგება ნორმა, ხელისუფლებაში მოსვლაზე რომ გაქვს პრეტენზია, რას ნიშნავს, მათ გაიმარჯვეს არაკონსტიტუციური ნორმით?

ახლა დავუშვათ, იურიდიულად შეიძლება, ნორმას ჰქონდეს რაღაც საკითხთან დაკავშირებით დამატებით მსჯელობის საჭიროება. ეს ხალხი ასაჩივრებს კონსტიტუციასთან მიმართებაში საარჩევნო კოდექსის ნორმებს, თუმცა ნორმის არაკონსტიტუციურობასთან ერთად კონკრეტული დეპუტატის უფლებამოსილების საკითხსაც სვამენ კითხვის ნიშნის ქვეშ, რაც არის აბსურდი. კონკრეტული დარღვევა გასაჩივრებადია საერთო სასამართლოში, ეს საკითხი საკონსტიტუციოში აღარ საჩივრდება“, – ამბობს ოხანაშვილი.

წამყვანის შეკითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო წარმოებაში არ მიიღებს სარჩელს, ოხანაშვილი პასუხობს:

„საკითხი, რომელიც უკავშირდება, რომ კონკრეტული პირის უფლებამოსილების ცნობასთან დაკავშირებით წარმოებაში უნდა მიიღოს და კონკრეტული პირი დეპუტატობის კანდიდატი არ უნდა იყოს შეყვანილი სიაში, ესაა აბსურდი. თუ აღმოაჩენენ ნორმას, რომელიც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, მაშინ შეიძლება მსჯელობა“, – აცხადებს ოხანაშვილი.

რა გაასაჩივრა პრეზიდენტმა

პრეზიდენტი კონსტიტუციური სარჩელით ასაჩივრებს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული არჩევნების საყოველთაოობას, თანასწორი საარჩევნო უფლების პრინციპებს, რადგან მიაჩნია, რომ ემიგრანტებს დაერღვათ ეს უფლებები, ასევე ასაჩივრებს ხმის ფარულობის დარღვევას.

ასევე სადავოდაა გახდილი ნორმა ელექტრონული საშუალებებით არჩევნების ჩატარების დადგენილებით განსაზღვრულ წესებზე. სადავო ნორმაა ასევე საარჩევნო კოდექსით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრების ცესკოს მიერ რეგისტრაციაში გატარება და შემაჯამებელი ოქმები.

ეს ნორმები სადავოდაა გახდილი კონსტიტუციის მე-3 (დემოკრატია), 24-ე (საარჩევნო უფლება), 37-ე (პარლამენტის არჩევნები) მუხლებთან მიმართებით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციური კანონის მესამე მუხლთან მიმართებით.

შეიკრიბება თუ არა პარლამენტი, როცა სარჩელი საკონსტიტუციოშია

კონსტიტუციონალისტები პარლამენტის რეგლამენტის 86-ე მუხლზე დაყრდნობით ამბობენ, რომ სანამ დავა საკონსტიტუციოშია, მანამდე პარლამენტი ვერ შეიკრიბება.

რეგლამენტის 86-ე მუხლში წერია:

„პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე პარლამენტის დადგენილებაში არ შეიტანება იმ პირის გვარი, რომლის პარლამენტის წევრად არჩევის კანონიერება:

ა) გასაჩივრებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ან საერთო სასამართლოში;

ბ) საეჭვოდ მიიჩნია პარლამენტის დროებითმა სამანდატო კომისიამ“, – აღნიშნულია კანონში.

იმისთვის, რომ პარლამენტი უფლებამოსილად იქნეს ცნობილი, კენჭი უნდა ეყაროს სულ მცირე 100 დეპუტატის უფლებამოსილებას. თუ უფლებამოსილებაცნობილ დეპუტატთა რაოდენობა 100-ზე ნაკლებია, პლენარული სხდომა წყდება და ხელახლა მოიწვევა მას შემდეგ, რაც შესაძლებელი გახდება ამ რიცხვის შევსება.

საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელის განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად 30 დღე აქვს.

„პრეზიდენტმა სარჩელი შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში. ეს ნიშნავს, რომ 150-ივე დეპუტატის მანდატის კანონიერება სადავო გახდა, დავა აღძრულია. სანამ დავა არ დასრულდება მანამდე პარლამენტი საკუთარ უფლებამოსილებას ვერ ცნობს. უმრავლესობის წარმომადგენლებმა რაც არ უნდა თქვას ეს ასეა და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე პარლამენტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ცნობა იქნება უკანონო“, – დაწერა კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ.

როდიდან ითვლება საქმე საკონსტიტუციოში გასაჩივრებულად

საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე წერს, რომ საკითხი გასაჩივრებულად ითვლება სარჩელის წარდგენის მომენტიდან.

მისი თქმით, კანონში არ არის რაიმე დათქმა, რომლითაც სარჩელის გასაჩივრებულად მიჩნევა-არმიჩნევის საკითხი სხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდეს.

„საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ წარდგენილ სარჩელს განხილვის შესაბამისი პროცედურები და ეტაპები აქვს. პირველი ეტაპია სარჩელის რეგისტრაცია. ეს ეტაპი სარჩელმა უკვე გაიარა. მეორე ეტაპია სარჩელის დასაშვებობის გადაწყვეტა. მესამე – საკითხის არსებითი განხილვა და გადაწყვეტილების მიღება. ამ ყველაფრისთვის კანონით დადგენილია 30-დღიანი ვადა.

საკითხი გასაჩივრებულად ითვლება სარჩელის წარდგენის მომენტიდან. კანონში არ არის რაიმე დათქმა, რომლითაც სარჩელის გასაჩივრებულად მიჩნევა არმიჩნევის საკითხი სხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდეს.

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელს გავლილი აქვს უკვე რეგისტრაციის ეტაპი და სანამ არ იქნება მიღებული გადაწყვეტილება სარჩელის დაუშვებლობის (რისი საფუძველიც ამ სარჩელთან მიმართებით არ არსებობს) შესახებ ან განსახილველად მიღების შემთხვებაში – არ გადაწყდება, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს თუ არა, პარლამენტს არ აქვს უფლება, ცნოს დეპუტატების უფლებამოსილება.

პარლამენტი უნდა დაელოდოს საკონსტიტუციო სასამართლოს. ლოდინის ვადა ჩაირთო სარჩელის წარდგენიდან“, – წერს ნონა ქურდოვანიძე.

„როგორც ჩანს, შეჯერდა რეჟიმი პროცედურულ გამოსაძრომზე და გააჟღერეს ოხანაშვილის მეშვეობით. საკონსტიტუციო სასამართლოს სანამ დასაშვებობის საკითხი არ გადაუწყვეტია, არჩეულ წევრთა უფლებამოსილებას „გასაჩივრებულად“ არ მიიჩნევენ რეგლამენტის 86-ე მუხლის მიზნებისთვის.

ამ გზით გაათავისუფლებენ საკონსტიტუციო სასამართლოს წნეხისგან, გამოსცეს განჩინება მომდევნო 2 დღეში და თავადაც შეკრებენ პარლამენტს ორშაბათს. არმიღების განჩინებას სასამართლო მერე დააწევთ, „საქმეში ჩასაკრავად“.

ეს განმარტება რომ არაგონივრული, არაკონსტიტუციური და უკანონოა ამას ბევრი ახსნა არ ჭირდება. დარწმუნებული ვარ ბევრი იზამს აქ, თუ საბოლოოდ ამ გზას აირჩევენ. მიტაცებულ სასამართლოებშიც კი სძულთ საჯარო დრამები. სასამართლოს ბუნებრივი და ერთადერთი ჰაბიტატი მათთვის არის სორო“, – წერს კონსტიტუციონალისტი დავით ზედელაშვილი.