საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ, ტელეკომპანია „იმედზე” უმუშევრად დარჩენილთა დახმარების გეგმის შესახებ განმარტება გააკეთა.
„რა თქმა უნდა, ჩვენ მოგვიწევს იმ ადამიანების იდენტიფიცირება, ვინც იღებდა ხელფასს, იხდიდა გადასახადებს და დღეის მდგომარეობით ამ შეზღუდვებიდან და ამ ბრძოლიდან გამომდინარე, სამსახური დაკარგა, მერწმუნეთ, რომ მათთვისაც მოვამზადებთ [გეგმას]… ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, ასეთი დახმარება იქნება”, – განაცხადა გახარიამ.
კითხვაზე, როდისთვის უნდა ელოდოს უშემოსავრად დარჩენილები ამ გეგმის წარდგენას, გახარია პასუხობს:
„მაშინვე, როდესაც ასეთი შესაძლებლობა ქართულ ეკონომიკას და ასეთი მონაცემები ჩვენ გვექნება… ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, რომ გამოვიდეთ და ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსივით ასეთი დაპირებები გავცეთ…
როგორც კი ჩვენ ზუსტად დავადგენთ ბიუჯეტს, წყაროებს, დაზარალებული ადამიანების სიებს, ვნახავთ საშემოსავლო გადასახადებში რა შემცირებები და კონკრეტულად ვინ მიიღო პირდაპირი ზარალი (რა თქმა უნდა, ვინ დაკარგა შემოსავალი), ჩვენ ამას ყველაფერს გავაკეთებთ“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
პრემიერის თქმით, ამ მთავრობის პასუხისმგებლობა ნიშნავს იმას, რომ თითოეული ნათქვამი სიტყვა შემდგომ უნდა შესრულდეს და ყველანაირი დასაბუთების გარეშე საუბრები და „პოლიტიკური ცეკვები“ მათთვის მიუღებელია.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მთავრობას შემოსავლის გარეშე დარჩენილი ხალხისთვის დროებითი შემწეობის დანიშვნისა და სოციალური დაცვის პროგრამის შემუშავებისკენ მოუწოდებს.