როგორ აფასებენ მხარეები სასამართლო პროცესს, რომელსაც პირველად დაესწრო მიხეილ სააკაშვილი

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი დასრულდა.

სხდომის დასრულების შემდეგ მხარეებმა პროცესი შეაფასეს.

ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის შეფასებით, სასამართლო იყო ფარსი და დაცვის მხარეს არ აქვს ილუზია, რომ პროცესზე გადაწყვეტილებებს მათი არგუმენტების გათვალისწინებით მიიღებენ.

მან პროკურორები ხელის შემშლელებად მოიხსენია, რადგან, მისი თქმით, ბრალდების მხარე „მესიჯის მიღების შემთხვევაში“ სააკაშვილს სიტყვას აწყვეტინებდა.

„ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ასე მოგვიწევს გაგრძელება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რომ მიხეილ სააკაშვილის მიეცა საშუალება მიემართა ქართველი ხალხისთვის და წარმდგარიყო ისტორიული სიტყვით“, – განაცხადა საძაგლიშვილმა.

გარდა ამისა, სააკაშვილის ადვოკატები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმაზე, რომ სასამართლომ არ განიხილა მიხეილ სააკაშვილისთვის სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება.

„ჩვენი საჩივარი სასამართლომ საერთოდ არ განიხილა და თქვა, რომ მის კომპეტენციაში არ შედის ამ ტიპის საკითხების განხილვა, რაც არის საქართველოს კანონმდებლობის არასწორი და არაკონსტიტუციური განმარტება, რადგან ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება უნდა ექვემდებარებოდეს სასამართლოს კონტროლს, მითუმეტეს იმ სასამართლოს კონტროლს, რომელიც იხილავს საქმეს და აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, მართლა არსებობს თუ არა მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენის რისკები“, – აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, დღევანდელი პროცესი მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკური განცხადებებისთვის გამოიყენა ნაცვლად ე.წ. 7 ნოემბრის საქმეზე სამართლებრივი განხილვისა.

„თითქმის 2 თვის მანძილზე ადვოკატების, თავად მიხეილ სააკაშვილის დაჟინებული განცხადებები იმის თაობაზე, რომ არ ეძლეოდა სასამართლო პროცესში მონაწილეობის უფლება, ამის საპასუხოდ მინდა განვაცხადო, რომ ნაცვლად იმისა, ბრალდებულს მიეღო მონაწილეობა მტკიცებულებათა გამოკვლევაში და გაეცა შეკითხვებზე პასუხი, სასამართლო გამოიყენეს, როგორც პოლიტიკური ტრიბუნა.

მზად ვიყავით, წარმოგვედგინა ფაქტები 7 ნოემბრის საქმეზე, ბევრი შეკითხვა გვაქვს სააკაშვილთან და ნაცვლად მათზე პასუხისა, პოლიტიკური გამოსვლისთვის გამოიყენეს მთელი სხდომა“, – განაცხადა წიკლაურმა.

მისი თქმით, სააკაშვილმა 7 ნოემბრის პასუხისმგებლობა თავიდან აირიდა და მაშინდელ შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს დააკისრა სრული პასუხისმგებლობა.

„28 წლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობას უწოდა პიარული და მოგონილი, მაშინ როდესაც უტყუარი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ პირადად ხელი დააფარა უმძიმესი დანაშაულის დამკვეთებს და ამისთვისაა მჯსავრდებული და ნაცვლად იმისა, რომ ყველა ამ შეკითხვას გასცემოდა პასუხი, მოვისმინეთ პოლიტიკური განცხადებები უკრაინაზე, ვენესუელაზე და სხვა გარემოებებზე, რომელთაც კავშირი არ ჰქონდათ საქმესთან“, – განაცხადა მან.

პროკურორის თქმით, მასსა და მის კოლეგებზე როგორი დისკრედიტაციის მცდელობა ან შეურაცხყოფაც უნდა იყოს, ბრალდების მხარე არ დაბრკოლდება და საქმეს ბოლომდე მიიყვანს.

„სააკაშვილს დღევანდელზე თუ არა, მომდევნო სხდომებზე მოუწევს, პასუხის გასცეს შეკითხვებს“ – განაცხადა მან.

ცოტა ხნის წინ გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გამოსულმა ნიკა გვარამიამ, სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა განაცხადა, რომ სააკაშვილის პრინციპული პოზიციაა, მონაწილეობა მიიღოს ე.წ. პიჯაკების საქმის განხილვაში, რომელზეც სხდომა 2 დეკემბერსაა ჩანიშნული.