ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიერ დღეს გავრცელებული განცხადების ხელმომწერებს შორის არ არიან „რესპუბლიკელები“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“.
„სტრატეგია აღმაშენებელი” ეთანხმება მოლაპარაკებაში ჩართული სხვა ოპოზიციური პარტიების მიერ გამოქვეყნებული წერილის სულისკვეთებას, მაგრამ აღნიშნავს, რომ შექმნილ ვითარებაში, როცა პირადად ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ჩართულობით მიმდინარეობს მედიაცია, ჩართულია მედიატორი, რომელიც უახლოეს ხანში ჩამოდის ქვეყანაში, „ამ მოლაპარაკების წინ მსგავსი შინაარსის წერილი და განცხადებები ტაქტიკურ შეცდომად მიგვაჩნია. ეს ძალიან ჰგავს მოლაპარაკების წინ ერთგვარი გამყოფი ხაზების გავლებას, რაც ამცირებს მოლაპარაკების სივრცეს და შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას“.
პარტია აღნიშნავს, რომ შექმნილ კრიზისზე პასუხისმგებელია ხელისუფლება და მას უნდა ესმოდეს, რომ მოლაპარაკების პროცესს არ წაადგება ექვსპუნქტიანი შეთანხმების პროექტით გათვალისწინებული საკითხების ერთი, რომელიმე პარტიის ან ჯგუფის მიერ საკუთარ ინტერესებზე მორგების მცდელობა.
„რესპუბლიკელების“ ლიდერი ხათუნა სამნიძე კი საკუთარ Facebook-გვერდზე წერს, რომ პარტიების ნაწილის განცხადებაში წინაპირობების გამოკვეთას „რესპუბლიკელები“ არ ეთანხმებიან.
„ამ განცხადებებში გამოკვეთილია წინაპირობები, რასაც არ ვეთანხმებით რესპუბლიკელები და ვთვლით, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა იყოს განხილული ყველა ვერსია და შესაძლებლობა იმისთვის, რომ შეთანხმება შედგეს და ქვეყანამ გააგრძელოს ნორმალურ პირობებში ცხოვრება“, – აღნიშნავს სამნიძე.
როგორც ის „რადიო თავისუფლებასთან“ აცხადებს, ასეთი განცხადებები უნდა გაკეთდეს უშუალოდ მოლაპარაკების პროცესში. ოპოზიციას ახალიც არაფერი უთქვამს, ამიტომ მორიგ ჯერზე საჯაროდ პოზიციის დაფიქსირება სწორი არაა.
27 მარტს ოპოზიციური პარტიების ნაწილმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ პარტიები მზად არიან, პარლამენტში შევიდნენ კონკრეტულ საკითხებზე აუცილებელი რეფორმების გასატარებლად, „ქართული ოცნების“ მთავრობასთან შეთანხმების შემთხვევაში.