როგორ აფასებენ საერთაშორისო დამკვირვებლები არჩევნებს

პუბლიკა

დღეს, 1 ნოემბერს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) დამკვირვებლებმა პრესკონფერენცია გამართეს. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წევრები საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდნენ.

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის, ოსმან ასკინ ბაკის განცხადებით, 31 ოქტომბერს NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის ათი წარმომადგენელი საარჩევნო პროცესს თბილისსა და მცხეთაში აკვირდებოდა.

მისი თქმით, ოსმან ასკინ ბაკის შეფასებით, არჩევნებზე ზოგადად დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები და პროცედურების უმეტესობა გათვალისწინებული იყო, თუმცა არ იყო უნაკლო.

„გუშინ ჩვენ დავაკვირდით კონკურენტულ არჩევნებს, სადაც ფუნდამენტური თავისუფლებები ზოგადად დაცული იყო და პროცედურების უმეტესობა ნამდვილად გათვალისწინებული იყო, თუმცა ეს ნამდვილად არ იყო უნაკლო. ჩვენ განსაკუთრებით აღვნიშნავთ იმ დამაშინებელ ატმოსფეროს, რომელიც შექმნილი იყო ბევრი საარჩევნო უბნის გარეთ, აქტივისტების იქ ყოფნის გამო.

არჩევნები გაიმართა მოწესრიგებულ საარჩევნო ფარგლებში, რაც ბევრჯერ იყო განხილული ინკლუზიური საკონსულტაციო პროცესის მეშვეობით, თუმცა ბევრი საკითხი მაინც განსახორციელებელია, ამაში შედის როგორც მედიის პოლარიზება, ასევე არასაკმარისი საკითხების გათვალისწინება კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებით, ასევე, ამომრჩევლებზე ზეწოლა და გამმიჯნავი ხაზის არაარსებობა მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის. ეს საკითხები, რომლებიც ჩვენ აღმოვაჩინეთ, ქმნიდა არათანაბარ სამოქმედო გარემოს და ზეგავლენას ახდენდა საარჩევო პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობაზე“, – განაცხადა ოსმან ასკინ ბაკმა.

მისივე განმარტებით, საბოლოო ჯამში, ამომრჩევლებმა აჩვენეს თავიანთი ნება და ის, რომ მათ აღებული აქვთ ვალდებულება დემოკრატიის მიმართ.

„განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ეს, როდესაც გუშინ ადამიანები მივიდნენ ხმის მისაცემად, პანდემიის მიუხედავად, თუმცა დასანანია, რომ არჩევნები ვერ გაიმართა საქართველოს ტერიტორიებზე, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში რუსეთის უკანონო ოკუპაციის გამო.

საქართველომ მოახერხა პანდემიის პირობებში არჩევნების ორგანიზება, რაც აჩვენებს, რომ თქვენ დემოკრატიის არ გეშინიათ. არჩევნების გამართვით საქართველო აჩვენებს ევროსაბჭოს სხვა 46 წევრ ქვეყანას, რომ არჩევნების გამართვა შესაძლებელია პანდემიის პერიოდშიც კი, – განაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, დეპუტატმა, ტინი კოქსმა განაცხადა.

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ საქართველომ არჩევნების ორგანიზება ამ გარემოებებში მოახერხა, აჩვენებს, რომ დემოკრატიის არ ეშინია.

„ODIHR-მა განახორციელა სამაუწყებლო მედიის მონიტორინგი და გამოავლინა პლურალისტური მედიაგარემო, თუმცა მაინც იყო პოლარიზებული მედიაგარემო, რაც პოლიტიკურ, ბიზნესინტერესებს ემსახურებოდა და ხუთივე კერძო მაუწყებელი პარტიული ნიშნით მიკერძოებული იყო“, – განაცხადა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) შეზღუდული საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ჯილიან სტირკმა.

ამასთან, რაც შეეხება საარჩევნო კამპანიის გაშუქებას, მისი თქმით, არ არსებობდა პოლიტიკის შესახებ დისკუსია და ანალიტიკური გაშუქება, რის გამოც, მოქალაქეებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, ინფორმირებული არჩევანი გაეკეთებინათ.

„ჩვენი მისია იყო შეზღუდული საარჩევნო-სადამკვირვებლო მისია. მე ვარ მისი ხელმძღვანელი და ჩვენ უკვე თვეზე მეტია, ქვეყანაში ვიმყოფებით, რაც გვაძლევდა შესაძლებლობას, დავკვირვებოდით წინასაარჩევნო პერიოდს, ასევე საკანონმდებლო ჩარჩოს და კანდიდატთა რეგისტრაციას, თვითონ კამპანიას და არჩევნებისთვის მომზადებაა. განვახორციელეთ სისტემური მონიტორინგი და მონიტორინგს ვუწევდით შვიდ მთავარ მაუწყებელს, ხუთ კერძოსა და ორ საზოგადოებრივს. დაკვირვების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტექნიკური ასპექტები ეფექტიანად იყო მართული. ცესკო-მ გაითვალისწინა და დაიცვა სამართლებრივი ვადები, თუმცა ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი არ იყო განხილული იმ ღია, რეგულარულ სესიებზე, რომელსაც ცესკო წარმართავდა. მმართველი პარტია ნამდვილად დომინირებდა საარჩევნო ადმინისტრაციაში და ამან უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა ადამიანთა აღქმაზე არჩევნების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ჯილიან სტირკმა.

მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნებზე გამოხატვის თავისუფლება, ზოგადად, დაცული იყო.

„ჩვენ გვქონდა შეხვედრები პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, მასმედიასთან და ბევრი ბრალდება მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, რომ, სავარაუდოდ, ხდებოდა ამომრჩევლებზე ზეწოლა. ასევე, დავაკვირდით არჩევნებს რამდენიმე უბანზე და ჩვენი საპარლამენტო პარტნიორების მსგავსად, შევამჩნიეთ, რომ კოორდინატორები, პარტიის წარმომადგენლები და აქტივისტები იყვნენ გარეთ, რაც დამაშინებელ ეფექტს ქმნიდა. ასევე, იყო ბრალდებები იმაზე, რომ არ ხდებოდა მკვეთრი გამიჯვნა სახელმწიფოსა და პარტიას შორის. ნამდვილად დასანანია, რომ ეს ელემენტები არსებობდა. მაინც უნდა აღინიშნოს, რომ ძირითადი თავისუფლებები, გამოხატვის თავისუფლება ზოგადად დაცული იყო.

რაც შეეხება მედიას, ODIHR-მა განახორციელა სამაუწყებლო მედიის მონიტორინგი და გამოავლინა პლურალისტური მედიაგარემო, თუმცა მაინც იყო პოლარიზებული მედიაგარემო, რაც პოლიტიკურ, ბიზნესინტერესებს ემსახურებოდა და ხუთივე კერძო მაუწყებელი პარტიული ნიშნით მიკერძოებული იყო. რაც შეეხება საარჩევნო კამპანიის გაშუქებას, ასევე არ არსებობდა პოლიტიკის შესახებ დისკუსია და ანალიტიკური გაშუქება, რის გამოც, ადამიანებს არ ჰქონდათ ინფორმირებული არჩევანის შესაძლებლობა.

მინდა, გამოვეხმაურო იმ სიტყვებს, რაც ითქვა მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ნამდვილად შესრულდა სამუშაო ვითარების გასაუმჯობესებლად. ასევე, უნდა აღინიშნოს საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესება, ინკლუზიური საკონსულტაციო პროცესი. ბევრი ცვლილებაც  გაითვალისწინეს და მიიღეს. ამავდროულად, ჩვენს შეხვედრებზე იმავე დაკავშირებულმა მხარეებმა გამოხატეს წუხილი და ეჭვი საარჩევნო ადმინისტრაციის წარმართვისა და აღსრულების თვალსაზრისით. ეს ეხებოდა კამპანიისა და კამპანიის დაფინანსების საკითხებსაც. ეს არის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი ჩვენს განაცხადში, რომ ამ სფეროში ბევრი სამუშაო ნამდვილად შესრულდა და არის გაუმჯობესება, მაგრამ ბევრი რამ გასაკეთებელი რჩება. როგორც ყოველთვის, ODIHR მზად არის, მოთხოვნის შემთხვევაში, დახმარება გაგიწიოთ“, – განაცხადა ჯილიან სტირკმა.