როგორ აფასებს ოპოზიცია ხელისუფლების ანტიკრიზისულ გეგმას

პუბლიკა

საქართველოს მთავრობამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა წარმოადგინა, რომელიც მიზნობრივ სოციალურ დახმარებას და შეზღუდვების შემსუბუქების ექვსეტაპიან გეგმას მოიცავს.

წარმოდგენილ ანტიკრიზისული გეგმას, რომლის ამ დრომდე არარსებობის გამო, ოპოზიციამ პარლამენტის კენჭისყრაზე საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას მხარი არ დაუჭირა, დღეს მათი კრიტიკა მოჰყვა.

„დაგვიანებული, ზედაპირული, მავნებლური ინსტინქტებითა და არაადეკვატური კრიტერიუმებით სავსე“, – ასე აფასებს ანტიკრიზისულ გეგმას „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია.

„არ ხდება გადასახადების რეალურად დაწევა; არ ხდება წნეხის შემცირება მოქალაქეებისთვის, მეწარმეებისთვის, რაც ამ ვითარებაში წარმოუდგენელი რამეა; დახმარება პირდაპირი არის გაუგებარი, არასწორი კრიტერიუმებით, არასაკმარისი და მცირე; არ ხდება დერეგულირება ისევ ინარჩუნებენ მთავრობის როლს, რომ არჩევანი გააკეთონ, ვის რა მისცენ, თითქოს მათ უკეთ იციან, ჩვენ ჩვენს ფულს როგორ დავხარჯავთ, რაც კორუფციის რისკიც არის და მავნებლობაა ყველა ვარიანტში; საპენსიო შენატანზე, რომელიც ეკუთვნის ხალხს, ისევ უარს ეუბნებიან, რომ ამ გაჭირვების დროს გამოიყენონ”, – აცხადებს გიგა ბოკერია .

„ევროპული საქართველო“ აპირებს, რომ გააგრძელოს ხელისუფლებაზე წნეხი იმ მიზნით, რომ სწორი ნაბიჯები გადაადგმევინონ მთავრობას. პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ რეგულაციები ნელი ტემპითა და არამკაფიო კრიტერიუმებით მსუბუქდება. „უნდა გამოირიცხოს აბსურდული კრიტერიუმები, რომ ცოლის გვერდით ჯდომის გამო 3 000 ლარით დააჯარიმეს ადამიანი და ბავშვს ვერ ისვამენ უკან ოჯახის წევრები და უნდა გამოირიცხოს „სუფთა სახლის“ მსგავსი ვითარებები“, – აცხადებს ბოკერია.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ ესმის, თუ რატომ არ წარმოადგინა მთავრობამ გეგმა მანამ, სანამ პარლამენტში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას უყრიდნენ კენჭს.

„მოვისმინეთ, რაც დღეს მოვისმინეთ, სამწუხაროდ, ამას ვერაფერს ვერ დაარქმევ, თუ ე.წ. „ქართული ოცნების” ოცნებებს.

ანტიკრიზისული გეგმა უნდა შედგებოდეს ორი ნაწილისგან: 1. სასწრაფოდ შემსუბუქება საგადასახადო პრესის და სასწრაფოდ ლიბერალიზაცია მონეტარული პოლიტიკის; 2. მრავალწლიანი ფისკალური გეგმა, რომელიც საშუალებას მისცემს, ანაზღაურდეს ეკონომიკური დანაკარგები და მისცეს ორიენტირები ნორმალური განვითარებისთვის.

ეს არის სრული დაცინვა საქართველოს მოქალაქის. მოთხოვნა მაქვს – საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრებმა სასწრაფოდ დაიწყონ დღეში ექვს ლარზე ცხოვრება”, – აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.

„გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი ფეისბუქზე თავის და მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას შორის შედარებას აკეთებს:

ჩემი ანტიკრიზისული გეგმა:
თავისუფლება:
1. ფართოდ გავაღოთ კარი
2. ავხსნათ ერთმანეთს ბორკილები
3. ვიმუშაოთ

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა:

1. ხალხის გაკოჭვა
2. ხალხისთვის ფულის გამორთმევა ან იგივე ხალხის თავდებით ფულის სესხება
3. ერთი ნაწილის მოპარვა
4. მეორე ნაწილის გაკოჭილი ადამიანებისთვის დაბრუნება;

ნინო ბურჯანაძეს კი მიაჩნია, რომ გამართლდა ცუდი პროგნოზი, რადგან მთავრობას გეგმა არ აქვს.

„600 ლარი 6 თვეზე გადანაწილებული ანუ 100 ლარი და არა 600. 100 ლარი არაფერი არ არის, მით უმეტეს, ასეთი მძიმე კატეგორიის ადამიანებისთვის. პენსიონერებთან მიმართებაში ცოტა არაკეთილსინდისიერი ტყუილი გამოდის. 2021 წლის იანვრამდე დამატებული 30 ლარი არაფერია, იმიტომ რომ ყველაზე მაღალი ინფლაცია ახლა იქნება. წარმოუდგენელია ასევე 4%-იანი ეკონომიკური ზრდა“, – აცხადებს პარტია „ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი.

„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე და „ლელოს“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე ფიქრობენ, რომ ხელისუფლება გეგმის შესრულებას არჩევნებს უკავშირებს.

„1200 ლარი რატომ 6 თვე? იმიტომ, რომ 6 თვეშია არჩევნები. რატომ არა 1200 ლარი, ვთქვათ, 2 თვე ან სამი თვე? იმიტომ, რომ არჩევნებამდე უნდათ, გაწელონ. ამ ტყუილით ვერ შეძლებენ ისინი, რომ გაიტანონ ყველაფერი“, – აცხადებს ვაშაძე.

„ის ფონდის თემა, რომელსაც ჩვენ დიდი ხანია ვახმოვანებთ და მიგვაჩნია, რომ ეს არის აუცილებელი ჩვენი 6 მლრდ ლარი ანტიკრიზისული გეგმის ნაწილი იყო, მთავრობის გეგმაში წარმოჩინდა 300 მლნ ლარის ოდენობით და წმინდა არითმეტიკულად შეუძლებელია ის, რაც პრემიერმა თქვა, რომ 300 მლნ ლარის გარანტიით შეიძლება 2 მლრდ ლარის სასესხო პორტფელის შექმნა, სადაც სახელმწიფო იქნება  სესხის 90%-ის გარანტორი”, – აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.