როგორ აფასებს ოპოზიცია კობახიძის ინიციატივას | შეფასებები

პუბლიკა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ინიციატივით გამოვიდა, რომ პარტიების დაფინანსების წესსა და პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული კანონპროექტები ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს გაუგზავნონ. კანონპროექტების მეორე მოსმენით განხილვა კი მას შემდეგ გაიმართოს, რაც მათი პოზიცია იქნება ცნობილი.

კობახიძის ამ ინიციატივას გამოეხმაურნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

„ერთგვარი უკან დახევაა“ – ასე ფიქრობს ზურაბ ჯაფარიძე. „გირჩის“ დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ ეს ინიციატივა კანონპროექტის არსს ვერ ცვლის და რომ ხელისუფლება ოპოზიციის შანტაჟს ისევ განაგრძობს.

„ქართული ოცნება“ ასეთი მიდგომით ცდილობს, დააშანტაჟოს ოპოზიციური სპექტრი, რომელიც წლების განმავლობაში ჩამოკიდებულია საბიუჯეტო დაფინანსებაზე. ეს ნაბიჯი აჩვენებს, რომ „ქართულ ოცნებასა“ და ივანიშვილს არ აქვთ გააზრებული, თუ რამდენად ღრმა არის პოლიტიკური კრიზისი. როდესაც ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტის მიერ არჩეული დეპუტატები არ შედიან პარლამენტში, ეს აჩვენებს, რამდენად ღრმა კრიზისია ქვეყანაში”, – აცხადებს ჯაფარიძე.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ხატია დეკანოიძეს მიაჩნია, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობდა, დაფინანსების საკითხი პოლიტიკური ვაჭრობისთვის გამოეყენებინა ოპოზიციასთან. დეკანოიძის თქმით, ამას აზრი არ აქვს, რადგან ოპოზიცია მე-10 მოწვევის პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას არ აპირებს.

„მე ვერ ვხედავ რაიმე კონკრეტულ შინაარსობრივ ინიციატივას „ქართული ოცნების“ მხრიდან; მთავარია, მათ დააანონსეს ეს კანონპროექტები, რაც ერთმნიშვნელოვნად რეპრესიული ნიშანია მათი მხრიდან“, – განაცხადა დეკანოიძემ.

„ლელოს“ წევრის, საბა ბუაძის მოსაზრებით, „ოცნება“ ცდილობს, გაწელოს დრო ოპოზიციურ პარტიებზე ზემოქმედებისთვის.

„ამ პროცესის, ამ მავნებულური და არაკონსტიტუციური კანონმდებლობის ლეგიტიმაციას ვერაფერი ვერ მოახდენს“, – განაცხადა ბუაძემ.

„რუსული მართვის სტილის შანტაჟი“, – ასე აფასებს „სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი „ოცნების“ ინიციატივას.

„არ დაგაფინანსებ-კი დაგაფინანსებ… თუმანზეა მათი ტვინი დასული. აქ ფაქტია თვითონ ამაზრზენი, რომ დემოკრატიულ ოპოზიციურ პარტიებს არ აძლევენ საშუალებას გარეთ არსებობის“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

კანონპროექტი „საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ“ „ქართულმა ოცნებამ“ I მოსმენით უკვე მიიღო. დღევანდელი ინიციატივის შემდეგ კი მას, სავარაუდოდ, ეუთო/ოდირსა და ვენეციის კომისიას გადაუგზავნიან და მათი რეკომენდაციის შემდეგ განახლდება მისი განხილვაც პარლამენტში.