როგორ აფასებს ოპოზიცია მთავრობის ახალ რეგულაციებსა და შეზღუდვებს

პუბლიკა

დღეს, 26 ნოემბერს, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა იმ კონკრეტული რეგულაციების შესახებ, რომელიც ქვეყანაში „მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებასა და გაფართოებას“ ეხება. მთავრობის მიერ შემოთავაზებული ახალი რეგულაციები ორთვიან პერიოდს მოიცავს, 28 ნოემბრიდან იწყება და 31 იანვრის ჩათვლით გასტანს.

მთავრობის ინიცირებულ ახალ რეგულაციებს ოპოზიციური პარტიები კრიტიკულად აფასებენ. ისინი ამბობენ, რომ თუ მთავრობა მსუბუქ შეზღუდვებს რამდენიმე თვით ადრე შემოიღებდა, მას არ მოუწევდა დღეს ასეთი რეგულაციების დაწესება.

„ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, მთავარი პრობლემა ისაა, რომ „ქართული ოცნების“ უგუნურმა პოლიტიკამ საზოგადოება დააყენა არჩევნის წინაშე – ცუდსა და უარესს შორის: 

„უარესი არის ადამიანთა გარდაცვალების ძალიან გაზრდილი სტატისტიკა და ცუდი არჩევანი არის ის „ლოქდაუნი“, რომელსაც „ქართული ოცნება“ მისი პოლიტიკური პიარისთვის დამახასიათებელი სიტყვების ჟონგლიორობით უწოდებს „წერტილოვან ჩაკეტვებს“, – ამბობს ჭიაბერაშვილი.

ჭიაბერაშვილსი თქმითვე, ეს რეგულაციები ზუსტად იმ ტიპის „ლოქდაუნია“ რომელიც გაზაფხულზე მაშინ იყო, როცა ამის საჭიროება არ იდგა.

„დღეს, სამწუხაროდ ამ სიტუაციაში ვირუსის გადაცემის ჯაჭვის გარკვეული გატეხვა, მე, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზნებიდან გამომდინარე, შეიძლება ვთქვა, რომ საჭიროა. მაგრამ, ნორმალური მთავრობის პირობებში ჩვენ ეს არჩევანი არ დაგვიდგებოდა.  ეს „ლოქდაუნი“ საჭირო არ გახდებოდა, თუნდაც სექტემბრიდან, როცა ინფიცირების რიცხვების მატება დაიწყო, სათანადო ზომები გატარებულიყო“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მთავრობის ახალ შეზღუდვებს გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძეც. მისი თქმით ეს შეზღუდვები არის საშიში, რადგან უამრავი ადამიანი დაკარგავს შემოსავალს.

„ეს შეზღუდვები, რომელიც არის იმის შედეგი, რომ მთელი ზაფხულის განმავლობაში არ მომზადებულა საქართველოს ხელისუფლება, ეს ნიშნავს ადამიანებისთვის შიმშილის ზღვარზე დაყენებას. ეს საფრთხეა ჩვეულებრივი იმიტომ, რომ პრაქტიკულად, უამრავი, ათასობით ოჯახი საქართველოში დაკარგავს სამსახურს და დარჩება უბრალოდ შემოსავლის გარეშე. ამიტომ, ეს არის ზუსტად ის მთელი უმოქმედობის პერიოდი, რომელიც მათ ჰქონდათ“, – აღნიშნა დეკანოიძემ.

პარტია „ლელო-საქართველოსთვის“ წევრი, ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ იმ ვიტარებაში, როდესაც პანდემია უკონტროლო გახდა შეზღუდვები გარდაუვალია.

„სამწუხაროა, რომ აქაც დღევანდელმა ხელისუფლებამ ვერ გამოიჩინა თავი დროული ნაბიჯებით, ვერ გამოიჩინა თავი მართვის უნარით და მივედით ასეთ სავალალო მდგომარეობამდე, სადაც ახლა ვიმყოფებით. საჭიროა შეიქმნას ახალი ანტიკრიზისული საბჭო, რომელიც იქნება სხვა შემადგენლობით სადაც იქნება ოპოზიცია წარმოდგენილი. პარალელურად, ჩვენ უნდა დავასრულოთ პოლიტიკური კრიზისი პოლიტიკური შეთანხმებით და ეს ნაბიჯებია, რომელიც ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს ქვეყანას გამოიყვანს ამ მძიმე მდგომარეობიდან“, – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

წერტილოვან შეზღუდვებს ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებელიც“. გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ქვეყანაში კონკრეტული სისტემური ხარვეზები ქვეყანაში კორონავირუსის ბრძოლის პირველივე დღიდან იყო.

„როცა ხელისუფლება მუშაობს იმაზე, რომ „გამიმართლოს იქნებ მეორეთაც და ამის გამო გადავურჩე კორონავირუსის გავრცელებას“, რა თქმა უნდა ამ მძიმე ვითარებამდე მივალთ. მთავარი ფუნდამენტური პრობლემა არის, რომ ისევ და ისევ თავდაცვითი სტრატეგია კორონავირუსთან ბრძოლაში და არა შეტევითი სტრატეგია. დიახ! „ლოქდაუნი“ საჭირო იყო და არის, მაგრამ მასთან ერთად უნდა იყოს სწრაფი გამოვლენა ტესტირების მეშვეობით, რომ ეს „ლოქდაუნი“ გამოიყენო ინფიცირების მასიურად გამოვლენისთვის და მათი მკურნალობისთვის“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.


საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.