გუშინ სოციალურ ქსელში ინფექციურ საავადმყოფოსთან გადაღებული კადრები გავრცელდა. კადრები ჩანს ირანის მოქალაქე, რომელიც ჟურნალისტებს კომენტარს აძლევს და ამბობს, რომ კორონავირუსი არ აქვს. ინტერვიუს მომენტში ინფექციური საავადმყოფოდან ექიმები გამოვიდნენ და ბოქსირებულ განყოფილებაში ძალის გამოყენებით დააბრუნეს.
„პუბლიკა“ დაინტერესდა, როგორ აღმოჩნდა ირანის მოქალაქე კლინიკის გარეთ და, თუ ის გაწერილი იყო, რატომ შეაბრუნეს კლინიკის თანამშრომლებმა უკან. კითხვაზე პასუხის მისაღებად ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენელს დავუკავშირდით.
კლინიკის წარმომადგენლის თქმით, პაციენტმა ბოქსირებული განყოფილება თვითნებურად დატოვა, ჯერ გაწერის პროცედურა დასრულებული არ იყო და სწორედ ამიტომ შეაბრუნეს უკან.
ირანის მოქალაქისთვის ამ მომენტში უკვე ცნობილი იყო, რომ მას კორონავირუსი არ ჰქონდა. კლინიკიდან მისი გაწერის გადაწყვეტილება მიღებული იყო, მაგრამ კლინიკის დატოვებისას გაწერასთგან დაკავშირებული პროცედურები გავლილი არ ჰქონდა. სწორედ ამიტომ შეაბრუნეს კლინიკის თანამშრომლებმა უკან.
„თვითნებურად გამოვიდა; გაწერილი არ იყო ჯერ. პასუხი მიღებული ჰქონდა. ვიცოდით, რომ კორონავირუსი არ იყო და 5-10 წუთის ამბავი იყო. გაწერის პროტოკოლი დროს მოითხოვს და ის ამ პროცედურას არ დაელოდა, ისე დატოვა კლინიკა; სწორედ ამიტომ ვთხოვეთ უკან შებრუნება“, – განუცხადეს „პუბლიკას“ ინფექციურ საავადმყოფოში.
გუშინ საქართველოში კორონავირუსით ინფეცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. კორონავირუსი აღმოაჩნდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ირინიდან აზერბაიჯანის გავლით საქართველოში შემოდიოდა. ინფიცირებული პაციენტი საზღრიდან გადაიყავნეს ინფექციურ საავადმყოფოში.
ამ დროისათვის ინფექციურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ არის 10 პაციენტი – 5 გუშინ შეიყვანეს, ხუთი კი – დღეს. ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენლის თქმით, თითოეულს ჩაუტარდა ტესტი და პასუხი დღის ბოლოს იქნება ცნობილი.