როგორ (არ) სრულდება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები — ევროსაბჭოს დასკვნა

პუბლიკა

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ იმსჯელა და გადაწყვეტილებები გამოაქვეყნა. საქმე საქართველოსაც ეხებოდა. შეხვედრები 9-11 მარტს გაიმართა, გადაწყვეტილებები კი 12 მარტს გამოქვეყნდა.

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება ეხება ჯგუფურ საქმეს, რომელსაც ჰქვია „ცინცაბაძე საქართველოს წინააღმდეგ“.

„ცინცაბაძის ჯგუფის“ (Tsintsabadze group v. Georgia) საქმეები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებების ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული და მოცულობითი ერთობლიობაა. ეს ჯგუფი, 2026 წლის მონაცემებით, აერთიანებს 22 გადაწყვეტილებასა და 6 განჩინებას.

ამ საქმეების მთავარი დამახასიათებელი ნიშანია ის, რომ ისინი ეხება სისტემურ პრობლემებს: სიკვდილს, წამებას და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმებს, ასევე იმ ქმედებების არაეფექტიან გამოძიებას, რომელთა უმეტესობაშიც სამართალდამცველებისა და ციხის თანამშრომელთა ბრალეულობა იკვეთება. 

წამყვანი საქმეა „ცინცაბაძე საქართველოს წინააღმდეგ“ – საქმე ეხება 2005 წელს ციხეში გარდაცვლილ ზურაბ ცინცაბაძეს. ოფიციალური ვერსიით ეს იყო თვითმკვლელობა, თუმცა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ გამოძიება იყო არაეფექტური და არსებობდა სერიოზული ეჭვები ძალადობრივ სიკვდილზე.

მაგალითად, „ცინცაბაძის ჯგუფში“ შემავალი ერთ-ერთი საქმეა სანდრო გირგვლიანის საქმე, სადაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოძიების დამოუკიდებლობისა და მიკერძოებულობის კუთხით მძიმე დარღვევები დაადგინა.

ასევე, „ცინცაბაძის ჯგუფში“ გაეთიანებული ერთ-ერთი საქმეა „მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, რომელზეც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2023 წლის 19 იანვარს ერთხმად დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) დარღვევა პროცესუალურ ნაწილში, ხოლო არსებით ნაწილში სიცოცხლის უფლების დარღვევა ვერ დაადგინა.

12 მარტს გამოქვეყნებული გადაწყვეტილების თანახმად, მინისტრთა კომიტეტმა გამოყო რამდენიმე ძირითადი პუნქტი სამართალდამცავებისა და ციხის თანამშრომლების მხრიდან სიკვდილის, წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე გამოტანილი განაჩენების აღსრულებასთან დაკავშირებით.

საქმეები ძირითადად ეხება სამართალდამცველებისა და ციხის თანამშრომლების ქმედებების ეფექტიანი გამოძიების არარსებობას, რაც ქმნის დაუსჯელობის მნიშვნელოვან რისკს.

კომიტეტმა გამოხატა „ღრმა შეშფოთება“ განახლებული გამოძიებების ნელი ტემპის გამო და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, დაასრულოს მიმდინარე გამოძიებები და სასამართლო პროცესები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისად.

კომიტეტმა მიუთითა, რომ მოითხოვენ დამატებითი ინფორმაციის წარდგენას „აკოფიანის“ და „მაჩალიკაშვილისა და სხვების“ საქმეებთან დაკავშირებით.

აკოფიანის საქმე ეხება 2006 წელს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებასა და შემდგომში ამ ფაქტის არაეფექტიან გამოძიებას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2016 წლის 25 თებერვალს ამ საქმეზე დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების, არასათანადო, დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა) დარღვევა.

თუმცა, მინისტრთა კომიტეტი ამ საქმეს კვლავ განიხილავს, ვინაიდან სტრასბურგის სასამართლოს მაშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ საქართველომ აიღო ვალდებულება, ხელახლა გამოიძიოს ეს საქმე და დაადგინოს დამნაშავე პირები. თუმცა, გამოძიება ჯერაც არ დასრულებულა. კომიტეტი მიუთითებს, რომ ეს პროცესი ძალიან ნელა მიმდინარეობს.

რაც შეეხება თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს: 2017 წლის 26 დეკემბერს სუს-მა პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია ჩაატარა. ამას წინ უძღოდა თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაცია, რომლის დროსაც „ისლამური სახელმწიფოს” წევრობის ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს, ახმედ ჩატაევმა კი თვითლიკვიდაცია მოახდინა.

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილი, საკუთარ საძინებელში, თავის არეში დაჭრეს. ის 2018 წლის 10 იანვარს გონზე მოუსვლელად კლინიკაში გარდაიცვალა.

სუს-ის მტკიცებით, პანკისის ხეობაში მცხოვრები რამდენიმე მოქალაქეს, მათ შორის თემირლან მაჩალიკაშვილს კავშირი ჰქონდა სალოსის ქუჩაზე დაკავებულ/ლიკვიდირებულ პირებთან, მათ შორის ახმედ ჩატაევთან. უწყება ირწმუნებოდა, რომ დაკავებისას მაჩალიკაშვილი შეეცადა ხელყუმბარის გამოყენებას, რის გამოც სპეცრაზმელმა „პროპორციული ძალა” გამოიყენა და მას ესროლა.

მაჩალიკაშვილის ოჯახი სუს-ის მიერ გავრცელებულ ვერსიას უარყოფდა და აცხადებდა, რომ თემირლანი უდანაშაულო იყო და მას მძინარეს ესროლეს.

ვინაიდან საქმე „ცინცაბაძის ჯგუფში“ გაერთიანდა, ევროპის საბჭო საქართველოსგან მოითხოვს მის ხელახალ, სრულყოფილ გამოძიებას. 

კომიტეტი ხაზს უსვამს, რომ სტრასბურგის მიერ დადგენილი პროცედურული ხარვეზები უნდა გამოსწორდეს. ეს გულისხმობს იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხის შესწავლას, ვინც სპეცოპერაცია დაგეგმა და ვინც უშუალოდ განახორციელა გასროლა.

კომიტეტმა დაჟინებით მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, უპასუხოს კომიტეტის ადრინდელ მოთხოვნებს ამ საქმესთან დაკავშირებით, რაც ასევე გულისხმობს მაჩალიკაშვილის საქმის ხელახალ გამოძიებას. წარსულში მოთხოვნა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიემართებოდა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გააუქმა, ხოლო მისი ფუნქციები პროკურატურას გადასცა.

12 მარტის გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ კომიტეტმა „ღრმა სინანული“ გამოთქვა დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის გაუქმების გამო, რომელიც გადამწყვეტი ინსტრუმენტი იყო აღნიშნული გადაწყვეტილებების აღსასრულებლად. კომიტეტი წერს, რომ ხელისუფლებამ ახლა უნდა განმარტოს, როგორ უზრუნველყოფს პროკურატურა სათანადო დამოუკიდებლობასა და ეფექტიანობას.

კომიტეტის გადაწყვეტილებით, კვლავ პრობლემად რჩება დაზარალებულის სტატუსის მინიჭების საკითხი. კომიტეტმა მოუწოდა საკანონმდებლო ან პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმისკენ ამ პრობლემის მოსაგვარებლად და მოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლიათ მსხვერპლებს, დაუყოვნებლივ მიიღონ წვდომა საგამოძიებო საქმის საიდუმლო მასალებზე.

მინისტრთა კომიტეტი ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისი გამოძიება 2024-2025 წლების საპროტესტო აქციების დროს არასათანადო მოპყრობის შესახებ გაჟღერებულ ბრალდებებზე.

შემდგომი არასათანადო მოპყრობის თავიდან ასაცილებლად, კომიტეტმა მოითხოვა შემდეგი სავალდებულო ზომების მიღება:

  • სამართალდამცველებს ჰქონდეთ ინდივიდუალური ამოსაცნობი ნიშნები.
  • გამოიყენონ სამხრე კამერები და ჩაიწერონ მოქალაქეებთან ინტერაქცია.
  • შეინახონ ეს ჩანაწერები.

მინისტრთა კომიტეტი მოუწოდებს ხელისუფლებას, მიიღოს გადამჭრელი ზომები, რათა გაუმჯობესდეს კანონმდებლობა, რომელიც არასათანადო მოპყრობის დანაშაულთა კლასიფიკაციას არეგულირებს.

კომიტეტმა ხაზი გაუსვა ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო საზოგადოებასთან ეფექტური თანამშრომლობის დამყარების აუცილებლობას, რათა დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლა „უსაფრთხო და ხელშემწყობ გარემოში“ წარიმართოს.

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ხელისუფლებას სთხოვა კონსოლიდირებული ყოველწლიური სტატისტიკისა და ანალიზის წარდგენა, რათა კომიტეტმა შეაფასოს ამ ზომების ეფექტიანობა.

კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ ამ საქმეთა ჯგუფის განხილვას 2027 წლის მარტში დაუბრუნდება.