„როგორ აუხსნით შვილებს, რომ პირად კეთილდღეობაში გაცვალეთ მათი ევროპული მომავალი" | პრეზიდენტის სიტყვა პარლამენტში

პუბლიკა

„ეს დღეც დადგა, საქართველო ამასაც მოესწრო” – ასე დაიწყო პარლამენტში სიტყვით გამოსვლა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. საკანონმდებლო ორგანო დღეს მის იმპიჩმენტს განიხილავს. ზურაბიშვილმა თქვა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ გადაინაცვლა პოლიტიკურ სფეროში და წინ ვერ აღუდგა პარტიის პოლიტიკურ ნებას.

მისივე თქმით, ნიშანდობლივია, რომ სამმა მოსამართლემ შეძლო გადაერჩინა არა მხოლოდ საკუთარი, არამედ საქართველოს მართლმსაჯულების რეპუტაცია.

„ეს დღეც დადგა, საქართველო ამასაც მოესწრო. პირველად საქართველოს ისტორიაში იმართება პრეზიდენტის იმპიჩმენტი და ამით თქვენ თავს იწონებთ. სხვა არაფერში და ამაში ვითომც და პროცესით კანონის უზენაესობას ამტკიცებთ. ამ დროს კი, 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება შევა არა როგორც კანონის უზენაესობის გამარჯვება, არამედ  როგორც ერთპარტიული უზენაესობის გამყარება სასამართლო სისტემაზე.

საკონსტიტუციო სასამართლო,  რომელზეც უნდა იდგეს სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფო, სრულად გამოვიდა თავისი როლიდან, გადაინაცვლა პოლიტიკურ სფეროში და წინ ვერ აღუდგა პარტიის პოლიტიკურ ნებას. გამაოგნებელია ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ იხელმძღვანელა მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოლიტიკური არგუმენტაციით და სრულად გადმოიტანა დასკვნაში.

მიუხედავად ამისა, ნიშანდობლივია ის, რომ სამმა მოსამართლემ  შეძლო გადაერჩინა არა მხოლოდ საკუთარი, არამედ საქართველოს მართლმსაჯულების რეპუტაცია, გააცოცხლა ჩვენი საუკუნოვანი მართლმსაჯულების საამაყო ტრადიცია. მათი განსხვავებული აზრი  გავრცელდება ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ, აღიარებული იქნება მათი დამოუკიდებლობა და პროფესიონალიზმი. ხვალინდელი  სტუდენტები კი, ამით იამაყებენ და ამ მაგალითზე გაიზრდებიან.  ეს იმედისმომცემია!“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ მას კონსტიტუციის არსი და სულისკვეთება არ დაურღვევია და ბრალდებების გასამყარებლად მმართველმა პარტიამ ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა.

მისივე თქმით, ამ საიმპიჩმენტო პროცესით, „ქართული ოცნება“ შეურაცხყოფას ევროპელ ლიდერებს აყენებს და ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს.

„მე აქ არც არაფრის დამტკიცებას არ ვაპირებ და არც ვინმეს დარწმუნებას იმაში, რაც ისედაც ცხადზე ცხადია. კონსტიტუციის არც არსი და არც სულისკვეთება არ დამირღვევია.

ბრალდებების გასამყარებლად თქვენ უნდა წარმოგედგინათ მტკიცებულებები და ვერცერთი ვერ წარმოადგინეთ!  ვერ მოიტანეთ ფაქტები იმის დასამტკიცებლად, რაზედაც აპელირებდით, რომ  ხან საბოტაჟს ვუწყობდი ჩვენს ევროპულ გზას, ხან თურმე შედეგი ვერ დავდე, ხან მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი, როცა არ ვაწარმოებდი, ხან რა და ხან რა… ვერ დაამტკიცეთ, რომ რამე დავაშავე, ან რამე დავაკელი ჩვენი ქვეყნის დაცვას და ევროინტეგრაციის გზაზე მის მხარდაჭერას. ჩემი თუ არ გჯერათ, შეგიძლიათ გადაამოწმოთ და დაურეკოთ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს, შარლ მიშელს, ემანუელ მაკრონს, ან კიდევ ალარ კარისს, ედგარს რინკევიჩს, გიტანას ნაუსედას…. სია შემიძლია გავაგრძელო…

ესენი კი, ის ლიდერები არიან, რომლებზეც ხვალ ჩვენი სტატუსის მინიჭებაა დამოკიდებული და უნდა ითქვას, რომ ამ  საიმპიჩმენტო პროცესით თქვენ მხოლოდ მე კი არა, და მე სულაც არა, არამედ ამ ლიდერებს აყენებთ შეურაცხყოფას და ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებთ“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მმართველი პარტია ოკუპანტ ქვეყანას და მის ლიდერებს „მოწიწებით“ ეპყრობა, რაც „არც კი ეუხერხულებათ“.

„საკვირველია  ისიც, რომ ამ დროს და ეს კონტრასტი ბევრისმთქმელია, დიდი მოწიწებით ეპყრობით ოკუპანტ ქვეყანას და მის ლიდერებს, უფრო მეტიც ღიად იმსახურებთ ქებას ოკუპანტებისგან და ეს არც კი გეუხერხულებათ; ისიც არ გეუხერხულებათ, როცა ჩემი მისამართით ოკუპანტი ქვეყნისა და თქვენი წამოძახილები  ერთი-ერთში ემთხვევა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი დღეს მას კი არ უწყობს იმპიჩმენტს, არამედ თავის თავს, ქვეყანას და მის ევროპულ მომავალს.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, დღევანდელი დღის ფარსიდან არაფერს ელოდება და კარგად იცის, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

„მე ამ პროცესით ვერაფერს დამაკლებთ, დღეს ჩემი ბედი კი არა, თქვენი ბედი წყდება. თქვენ მე კი არ მიწყობთ იმპიჩმენტს, არამედ თქვენს თავს, ქვეყანას,  მის ევროპულ მომავალს და თქვენი ყოველი ხმა, არის ხმა მიცემული ამ ჩვენი მომავლის წინააღმდეგ.

ხვალინდელი დღეც მოვა და მაინტერესებს როგორ ჩახედავთ თქვენს შვილებს და შვილიშვილებს თვალებში და აუხსნით, რომ თქვენს პირად კეთილდღეობაში (ხომ არავის გვჯერა, რომ აქ რამე იდეის თუ პრინციპის გამო იბრძვით)  გაცვალეთ მათი ევროპული მომავალი. თურმე გეწყინათ, როცა გუშინ პატარა კაცებად მოგიხსენიეთ, დაელოდეთ და ნახავთ, რა ტერმინებით შეგამკობენ თქვენივე შვილები, მომავალი თაობა და თქვენივე ამომრჩეველი.

რას აუხსნით თქვენს შვილებს, იმათ, ვინც ამ ევროპასა და ამერიკაში, მდიდარი მამების სახსრებით თუ სახელმწიფო ბიუჯეტით სწავლობენ, იმათ, ვინც უკვე იქ არჩია ცხოვრება და დაფუძნება? რას ეტყვით იმის დასაცავად, რომ თქვენი ხელით და სხვისი ნებით გადადგით ეს უმსგავსო ნაბიჯი, რომელიც ახალ ჯებირს გვიმართავს ევროპისკენ მიმავალ ჩვენს გზაზე. თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ესეც არ გამოგივათ, და თუ ეს ნაბიჯი და ჩემი მოშორება იმას ემსახურება, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მოგვანიჭონ, ამასაც არ დაგაშვებინებთ!  ამას გპირდებით!

80 კაცის ბრძოლა ერთი ქალის წინააღმდეგ კი, უფრო ადვილი გეჩვენებათ, მაგრამ არ დაიჯეროთ. დღევანდელი დღით არაფერი დამაკლდება, არც ხალხის ნდობა, არც სიყვარული და არც ენერგია გამომეცლება, რათა ის ბრძოლა ბოლომდე მივიყვანო მათთან ერთად, ვისაც სჯერა, სწამს, რომ საქართველოს მომავალი თქვენს ხელში კი არა, მათ ხელშია! და რომ ეს მომავალი განუყოფელია მისი დემოკრატიის, თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ევროპულ ოჯახში დაბრუნებისგან!“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან ევროპელ პარტნიორებსაც მიმართა და მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რომ ამ „ანტიევროპული იმპიჩმენტის“ მიუხედავად, საქართველო არ მიატოვონ და რეგიონში რუსეთის გავლენა არ გაძლიერდეს.

„სწორედ ამ ტრიბუნიდან და ამ მძიმე დროს, მინდა მივმართო ჩვენს ევროპელ პარტნიორებს და მოვუწოდებ, რომ ამ ანტიევროპული იმპიჩმენტის მიუხედავად, საქართველო არ უნდა მიატოვოთ, რუსეთს არ უნდა მიეცეს საშუალება ამ რეგიონში თავისი გავლენა გააძლიეროს, რბილი ძალის, ირიბი ოკუპაციის გამოყენებით თუ შავი ზღვის დესტაბილიზაციით, მაშინ, როდესაც უკრაინაში მარცხდება და ეძებს გზებს სახის გადასარჩენად.

მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, მე ამ ქვეყნის პრეზიდენტი, რამეთუ წარმოვადგენ სწორედ ამ ხალხს და მის ისტორიულ არჩევანს. მაშასადამე, მაქვს სრული ლეგიტიმაცია და უფლებამოსილება, მათთან ერთად და მისი სახელით ვითხოვო ამ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და მჯერა, რომ სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებისას ჩვენი პარტნიორები  მხედველობაში მიიღებენ ერთი მხრივ, ქართველი ხალხის მრავალჯერ დადასტურებულ მისწრაფებას და მეორე მხრივ, საქართველოსა და ევროპის საერთო გეოპოლიტიკურ გამოწვევებს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე განცხადებით, ის თავისი სიტყვისა და ფიცის ერთგული იქნება და ამ ქვეყანას, მის დამოუკიდებლობას, მისი ხალხის თავისუფლებას ევროპისკენ მიმავალ გზაზე ბოლომდე უერთგულებს.

„დაბოლოს, მე დღეს მახსენდება დიდი ნიკო ნიკოლაძის მაგალითი, რომელიც გაასამართლეს, გადააყენეს, მაგრამ ვერაფერი დააკლეს. ამის მიუხედავად,  მან ამ ქვეყანაში მრავალი გზით და ფორმით ევროპა შემოიყვანა. მისი მრავალი ოპონენტის სახელი ისტორიას ჩაბარდა, მაგრამ ცოცხლად ვხედავთ მის აშენებულ ქალაქს, ამოქმედებულ რკინიგზას, აღმართულ ტაძარს და რაც მთავარია, ჩვენში ჩანერგილ ევროპის იდეას.

მე, მის შთამომავალს, როგორ გგონიათ რამ უნდა შემაშინოს, თუნდაც პროკურატურის ხსენებამ? რამ უნდა დამაღონოს, რამ უნდა მაიძულოს ეს ქვეყანა მივატოვო, ამის იმედი ნუ გექნებათ? ვინ უნდა შემიშალოს ხელი, რომ ჩემი დადებული პირობა არ შევასრულო?

ისე, როგორც თავის დროზე, გავიყვანე ამ ქვეყნიდან რუსული ბაზები და სხვათა შორის, მომიწყვეს ასევე სასამართლო, ახლაც ვიქნები ჩემი სიტყვისა და ფიცის ერთგული და ამ ქვეყანას, მის დამოუკიდებლობას, მისი ხალხის თავისუფლებას ბოლომდე ვუერთგულებ ევროპისკენ მიმავალ გზაზე!“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.


პარლამენტი დღეს პრეზიდენტის იმპიჩმენტს განიხილავს.

საკონსტიტუციო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო და პრეზიდენტის იმპიჩმენტზე „ქართული ოცნების” მოთხოვნა დააკმაყოფილა.

გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ 16 ოქტომბერს გამოაცხადა.