როგორ და რა პირობებით გაიყიდება წყალტუბოს სანატორიუმები და აბანოები?

ქრისტინე მუჯირი

დღეს წყალტუბოს განვითარების გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა. ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ შენობები პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს 1 ლარად არ გადაეცემა. მისი თქმით,  წყალტუბოში მდებარე, სახელმწიფოს ბალანსზე არსებული 15 სანატორიუმის საბაზრო ფასი 47.5 მილიონი ლარია. თურნავას თქმით, ღია აუქციონზე განისაზღვრება, რა ფასში გაიყიდება ქონება.

როგორ და როდის იყიდის ბიძინა ივანიშვილი სანატორიუმებს? როგორ მოხდება სხვა ინვესტორების ჩართვა პროცესში და რა ფორმით? იყიდის თუ არა 22-ვე შენობას და 9-ვე აბანოს ივანიშვილი, მაშინ, როცა სანატორიუბისა და აბანოების მცირე ნაწილი უკვე პრივატიზებულია? – ეს ის კითხვებია, რომლებიც საჯარო განხილვისას დაინტერსებულ მხარეებს სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლების მიმართ ჰქონდათ.

განხილვას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. ორგანიზაცია „ინიციატივა საჯარო სივრცისთვის“ ხელმძღვანელმა, ანანო ცინცაბაძემ განხილვის შემდეგ „პუბლიკასთან“ განაცხდა, რომ მისთვის ბუნდოვანი დარჩა ქონების გაყიდვასთან დაკავშირებული საკითხები.

„დღეს საუბარი იმაზე, რომ ივანიშვილი რამეს ყიდულობს, საერთოდ არ ყოფილა. საუბარი იყო იმაზე, რომ ივანიშვილი იმ ინვესტიციას შეავსებს, რომელსაც ვერ განახორციელებს სახელმწიფო, რომელშიც დეფიციტი ექნება სახელმწიფოს და ბოლოსკენ თქვეს, რომ ისინი აპირებენ, სხვა ბიზნესის წარმომადგენლები დააინტერესონ პირობებიანი აუქციონით და გამოსყიდვის სხვადასხვა ფორმით, რომელიც სახელმწიფო შესყიდვის კანონით არის გათვალისწინებული. ჩვენ გვაქვს ცოტა შეუთავსებლობა და ცოტა ბუნდოვანება იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ერთ კერძო პირს 22 სასტუმროს საკუთრებაში გადასცემენ, შემდგომში რა გარანტია გვაქვს, რომ სხვა ბიზნესს გადასცემენ მათ? ან რა გარანტია გვაქვს, რომ ერთი პირის განზრახვებისა და იდეების მიხედვით არ მოხდება გადაცემა, არამედ სახელმწიფოებრივი ხედვის გათვალისწინებით? რა შუაშია პირობებიანი აუქციონი თუ კერძო პირი გაყიდის ამ ქონებას?“ – ამბობს ცინცაბაძე.

სამინისტრო წყალტუბოს განვითარებას 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით აპირებს.

  1. კურორტ წყალტუბოს გენერალური გეგმის მომზადება;
  2. კურორტის ინფრასტრუქტურული განვითარება, წმინდა ინფრასტრუქტურული პროექტები;
  3. წყალტუბოს ტერიტორიაზე სხვადასხვა ყოფილ სანატორიუმსა თუ შენობაში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ღირსეული საცხოვრისის შეთავაზება;
  4. კურორტის ერთიანი ადმინისტრირება და მართვა;
  5. მრავალწლიანი მარკეტინგული გეგმის მომზადება და განხორციელება;
  6. კურორტის მთავარი სიმდიდრის, სამკურნალო წყლის კერძო სექტორისთვის მიწოდების, ერთიანი მოდელის ჩამოყალიბება და მართვა.

 

რა კითხვები ჰქონდათ სახელმიფოს ტრუქტურების წარმომადგენლებთან ურბანისტებსა და ხელოვნებათმცოდეებს

„საპარტნიორო ფონდის“ წარმომადგენელმა, ნინო ჩოლოყაშვილმა, შეკრებილ საზოგადოებას მთავრობის დაკვეთით 2014 წელს წარმოებული კვლევის შედეგები გააცნო.

პრეზენტაციაზე საპატრნიორო ფონდის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ წყალტუბოში 7 სანატორიუმი და აბანო არის პრივატიზებული, ხოლო სახელმწიფო საკუთრებაშია 15 შენობა. მისი თქმით, 16 შენობა შეისწავლა კონსულტანტმა ორგანიზაციამ და აქედან 4 საჭიროებს დემონტაჟს.

მომხსენებლის თქმით, კვლევა აწარმოა კომპანია „Khol and Partners-მა“.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დადებითად აფასებენ სახელმწიფოს გაცხადებულ პოზიციას, რომ წყალტუბოს გენგეგმის შექმნის გარეშე შენობები არ გასხვისდება.

ხელოვნებათმცოდნე თამარა ამაშუკელს კითხვები აქვს კონსულტანტი ორგანიზაციის კომპეტენციასთან დაკავშირებით –  როგორ შეაფასეს მათ შენობების მდგომარეობა და რის საფუძველზე გასცეს 4 შენობის დემონტაჟის რეკომენდაცია?

მისი თქმით, ზოგადად შენობების პრივატიზებამდე აუცილებელია მათ გაუკეთდეთ სარესტავრაციო პროექტები.

„სამწუხაროდ კონცეფციაში ვერ დავინახე ის ბერკეტები და გარანტიები, რომლებიც უზრუნველყოფს კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენას. სანამ  შენობები გასხვისდება, მათ უნდა გაუკეთდეს სარესტავრაციო პროექტი და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გასხვისდეს“, – ამბობს თამარა ამაშუკელი.

 

ამ პროექტის წარმატების წინაპირობა არის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება – ამის შესახებ ქალაქმგეგმარებელმა მერაბ ბოლქვაძემ საჯარო განხილვისას განაცხადა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნიკა ანთიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ წყალტუბოს გენგეგმის შემუშავებისას კულტურული მემკვიდრეობა სათანადოდ იქნება წარმოჩენილი და მათ მიენიჭებათ ძეგლის სტატუსი.

„პუბლიკის“ კითხვაზე, რატომ არ მოხერხდა აქამდე სააგენტოს მიერ შესწავლილი 14 შენობისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭება, ანთიძემ გვიპასუხა, რომ ისინი სრულყოფილ მოკვლევას საჭიროებენ.

ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი ირაკლი მაჭარაშვილი ამბობს, რომ აუცილებელია გენგეგმასთან ერთად შემუშავდეს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება ისე, როგორც ამას ითხოვს გარემოსდაცვითი კოდექსი.

შეხვედრას ესწრებოდნენ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებიც.  ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის თქმით, იმისთვის, რომ ბიზნესსექტორის მხრიდან დაინტერესება იყოს, საჭიროა სახელმწიფომ გრძელვადიანი შეღავათები შემოიღოს ბიზნესისთვის. მაგ: ისეთი როგორიც არის სპეციალური ტურისტული ზონის სტატუსის მინიჭება წყალტუბოსთვის. პაპაშვილმა ასევე განაცხადა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფლობის  შემთხვევაში ბიზნესს კიდევ უფრო მეტი შეღავათი დასჭირდება.

„აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ასეთ პომპეზურ, მონუმენტურ შენობებს კი აშენებდნენ, მაგრამ არავითარი ექსპლუატაციის გეგმა იქ არ იყო. ჩვენ ერთ-ერთი შენობის გადარჩენა გვინდოდა, მაგრამ არცერთმა კონსულტანტმა კომპანიამ ეს არ გვირჩია. ზომების გამო, 5-მეტრიანი ჭერი, ჰოლები, დარბაზები, 7-მეტრიანი სასადილოები – მათი გათბობა, გაგრილება, განათება უძვირესი ჯდებოდა. კულტურული მემკვიდრეობის შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი შეღავათები დასჭირდება ბიზნესს, თუ გვინდა, რომ ის შევინარჩუნოთ“, – განაცხადა ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა.

ანანო ცინცაბაძის თქმით, ბიზნესსექტორისთვის კულტურული მემკვიდრეობის საჯარო სივრცეების დაცვა დაბრკოლებად და პრობლემად არის აღქმული და ეს დღევანდელ შეხვედრაზეც გამოჩნდა.

„ჩვენი ბიზნესი დღეს კრიტიკული განწყობით  არ გამოირჩეოდა, არ იშურებდნენ ქება-დიდებას, მიუხედავად იმისა, რომ დეტალურად არ განხილულა და არ ვიცით რა მოხდება ამ კურორტზე; არ ვიცით დაცული იქნება თუ არა კულტურული მემკვიდრეობა. ჩვენ ბიზნესის ინტერესებს ვერ  მოვერგებით და ვერ დავიცავთ, ჩვენ ვერგებით საჯარო ინტერესს“, – თქვა ცინცაბაძემ.