ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ, „პირველი არხის“ ეთერში ისაუბრა, თუ როდის და როგორ მიიღებენ თვითდასაქმებულები დახმარებას. მისი თქმით, ზოგადად, დახმარების გაცემა დაიწყება მაისის მეორე ნახევრიდან.
„ორი ტიპის დახმარებაა – ერთია სოციალური, რომელიც სტატუსთან არ არის დაკავშირებული, არამედ – ოჯახის მოწყვლადობასთან. მოგეხსენებათ, რომ დაანონსებულია 65 ათასიდან 100 ათასამდე ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარება 6 თვის განმავლობაში, ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით. ძალიან ბევრი თვითდასაქმებული, რომელიც სოციალურად დაუცველია, ანუ მოწყვლად კატეგორიას მიეკუთვნება, სწორედ ამ ბენეფიტით მიიღებს დახმარებას.
რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, ეს არის უკვე უმუშევრობის კომპენსირება, ანუ იმ პერიოდის, რომელიც უმუშევრად გაატარეს ადამიანებმა პანდემიის პერიოდში. აქაც თვითდასქმებულების შემთხვევაში გაცილებით უფრო მარტივი პროცედურაა. თვითდასაქმებულებს, რომლებიც რეგისტრირებულები არიან შემოსავლების სამსახურში, არ სჭირდებათ არანაირი ეკონომიკური საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტები. სახელმწიფოსთვის უკვე ცნობილია, რომ ისინი ეკონომიკურ საქმიანობას ეწეოდნენ. მხოლოდ ანგარიშის წარმოდგენის საფუძველზე, თანხას, 300 ლარის ოდენობით, ერთჯერად გადავრიცხავთ მათ ანგარიშზე.
რაც შეეხებათ თვითდასაქმებულებს, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულები შემოსავლების სამსახურში და სახელმწიფოსთვის უცნობია მათი საქმიანობის სტატუსის შესახებ, სწორედ ამ დასაქმებულებისთვის არის კომისიური წესით განხილვა და ონლაინპლატფორმა, სადაც დარეგისტრირდებიან და წარმოადგენენ საბუთებს. კომისიური წესით მოხდება განხილვა. თითოეული საბუთი უნდა იყოს იურიდიული პირისგან წარმოებული, ვინაიდან ფიზიკური პირისგან მოტანილი საბუთის ვალიდურობის დადასტურება არის შეუძლებელი.
შეზღუდვა არაა არცერთ ეკონომიკურ სფეროში. შეზღუდვაა მხოლოდ ის, რომ არ იყოს ფიზიკური პირიდან წარმოებული საბუთი. როგორიცაა ძიძები, რეპეტიტორები, მძღოლები საბანკო ტრანზაქციებით შეძლებენ, რომ დაამტკიცონ ეკონომიკური შემოსავალი ან ეკონომიკური გასავალი, რომელიც შემოსავალზე იყო დაფუძნებული“, – ამბობს თამარ ბარკალაია.
მისი თქმით, თვითდასაქმებულებს რეგისტრაციისთვის ექნებათ თვე-ნახევარი, ხოლო მათ, ვინც უკვე დარეგისტრირდება და დაფიქსირდება, ორი კვირის განმავლობაში იქნება განხილვა.
თამარ ბარკალაია ამბობს, რომ, ვინც უკვე დაფიქსირებულია ბაზებში, მათი დახმარებების გაცემა დაიწყება 15 მაისიდან, ეტაპობრივად, ხოლო თვითდასაქმებულებს, რომლებიც უნდა დარეგისტრირდნენ და მათი დოკუმენტები შეფასდეს, ორკვირიანი განხილვის შემდეგ ეტაპობრივად დაერიცხებათ დახმარება.