ვიცე-პრემიერის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, იმ მოქალაქეებისთვის ფინანსური დახმარების პაკეტების განსაზღვრა, რომლებმაც სამუშაო დაკარგეს, შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, რაც დაითვლება, მარტის განმავლობაში რამდენმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო.
„როცა ჩვენ ვსაუბრობთ, თუ რა რაოდენობის ადამიანებს დავეხმარებით, რა თქმა უნდა, ეს იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა რაოდენობის ადამიანი დაკარგავს სამსახურს. ჩვენ დღეს ამ კითხვაზე პასუხი ვერ გვექნება. ამიტომაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ნებისმიერი დაპირება, რომ ჩვენ დავეხმარებით ადამიანებს კონკრეტული რაოდენობის თანხით, იქნება საფუძველს მოკლებული, ჩვენ შევძლებთ კონკრეტული ციფრების დასახელებას, კონკრეტული თანხის შეთავაზებას მას შემდეგ, რაც შევძლებთ, აპრილის თვეში თუნდაც, შევაფასოთ, თუ რამდენმა ადამიანმა ვეღარ აიღო ხელფასი მარტის განმავლობაში. როცა ვსაუბრობთ დახმარების პაკეტებზე, ჩვენ პირველ რიგში ვსაუბრობთ უხელფასოდ დარჩენილი ადამიანების დახმარებაზე, შესაბამისად, მხოლოდ აპრილის თვეში ჩვენ შევძლებთ შეფასებას, თუ რამდენმა ადამიანმა დაკარგა სამსახური მარტში“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
რაც შეეხება თვითდასაქმებულების ჯგუფს, ცქიტიშვილი განმარტავს, რომ ამ ეტაპზე მათთვის შეთავაზებულია კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით საშეღავათო პაკეტი და საბანკო სექტორის მხრიდან სესხის გადავადების შესაძლებლობა.
როგორც ცქიტიშვილმა განაცხადა, იმ ადამიანების რაოდენობის შემცირებით, ვინც საშემოსავლო გადასახადს იხდის, შესაძლებელი იქნება იმის განსაზღვრა, თუ რამდენმა ადამიანმა ვერ შეძლო ხელფასის აღება.
„მოგეხსენებათ, შემოსავლების სამსახურში აღირიცხება ის საშემოსავლო გადასახადი, რომელიც ირიცხება თითოეულ ადამიანზე, რომელსაც აქვს ხელფასი და ასეთი სახის გადასახადის გადამხდელთა რაოდენობის შემცირებით ჩვენ შევძლებთ, შევაფასოთ, თუ რამდენმა ადამიანმა არ ან ვერ მიიღო ხელფასი. ამის შემდეგ გვეცოდინება ამ ადამიანების რაოდენობა და შევძლებთ შევაფასოთ, რა მოცულობის თანხებთან შეიძლება გვქონდეს საქმე და რა მოცულობის თანხა იქნება საჭირო ამ ადამიანების დასახმარებლად. შემდეგ შევძლებთ ამ პაკეტის გაჟღერებას და პროგნოზის გაკეთებას. ამიტომ არ ვსაუბრობთ, ვის უნდა მიმართოს ასეთმა ადამიანმა. ჯერ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენ გვჭირდება საკმარისი ინფორმაცია იმისთვის, რომ შევაფასოთ, რა რაოდენობის ადამიანებს სჭირდებათ დახმარება და შევძლებთ შეფასებას, თუ რა ფინანსური რესურსი უნდა გამოვყოთ ამ მიზნებისთვის და თითოეული ადამიანისთვის რა სახის კომპენსაცია შეგვიძლია განვსაზღვროთ“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.