როგორ დაასაბუთა მოსამართლე ხუჭუამ უბნების გაბათილებაზე გადაწყვეტილება

პუბლიკა

თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლემ, ვლადიმერ ხუჭუამ დააკმაყოფილა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი“ და ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა. სარჩელით საია მოითხოვდა წალკის და თეთრიწყაროს ყველა ელექტრონული უბნის შედეგების ბათილად ცნობას.

ვლადიმერ ხუჭუამ სხდომაზე თქვა, რომ ამომრჩეველმა გარანტირებულად უნდა იცოდეს, ყოველგვარი საფრთხის, შეფასებებისა და სხვა მანიპულაციის გარეშე, რომ მისი არჩევანი იქნება თავისუფალი, ფარული და მას თავისუფალი ნების გამოხატვა მოუწევს ყოველგვარი წინაპირობების გარეშე.

„დღეს ჩვენ განვიხილეთ საკითხი მხოლოდ და მხოლოდ ფარულობასთან დაკავშირებით და სასამართლოს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ჩატარებული მტკიცებულებების გამოკვლევით, ამ საარჩევნო აპარატით, ხმის დამთვლელი აპარატით, ამ საარჩევნო ბიულეტენით, ამ საარჩევნო ჩარჩო კონვერტით, ხმის დაცულობის და ხმის ფარულობის გარანტია ამომრჩეველს არ ჰქონდა. აქ ლაპარაკია გარანტიაზე. რაც შეეხება წალკის საოლქო კომისიას, სასამართლომ დაადგინა, რომ იყო დარღვევები, იყო უმძიმესი დარღვევები რომელიც არის საჩივრის არ გატარება შესაბამისი წესით, ასევე დადასტურებული იქნა, რომ იყო გარკვეული სახის მანიპულაციები, ორი პირის შესვლა უბანზე, გარკვეული ხელის შეშლა დამკვირვებლებზე, სასამართლოს ცალსახად მიაჩნია, რომ ამგვარი დამოკიდებულება საარჩევნო პროცესზე არ არის თავისუფალი და შესაბამისად ეს ყველა შედეგები უნდა იქნეს ბათილად ცნობილი“, – განაცხადა მან.

ხუჭუამ ხაზი გაუსვა, რომ სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში.

„აქვე მინდა აღვნიშნო ყველა მხარის და მითუმეტეს ყველა დარბაზში მყოფის საყურადღებოდ, მით უფრო პოლიტიკური სუბიექტების საყურადღებოდ, სასამართლო სხდომაზე გამოიკვეთა, რომ მთელი რიგი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, მთელი რიგი პოლიტიკური სუბიექტები, არ ემსახურებიან იმ მიზანს, რომ მოხდეს ქართველი ხალხის ნების აღსრულება. მხარემ, სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც არ ესწრება დღეს სასამართლო სხდომას, წარმოაჩინა, რომ მან თავი შეიკავა, ან მისმა ორგანიზაციამ, თავი შეიკავა გარკვეული მტკიცებულებების წარმოდგენაზე საპროცესო კანონით დადგენილი წესით, ასევე გამოიკვეთა, რომ არ არსებობს სასამართლოს შესაბამისი პატივისცემა საჯარო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან, დღევანდელ სასამართლოო სხდომას არ ესწრება არც ერთი მესამე პირი, რომლებიც ჩართული იყვნენ საოლქო კომისიებიდან, როგორც მხარემ აღნიშნა, თურმე უფრო მეტი მნიშვნელოვანი საკითხები აქვთ თურმე განსახილველი ამ საუბნო კომისიის წევრებს, რაც სასამართლოსთვის ყოვლად მიუღებელია. ასევე მინდა აღვნიშნო, პოლიტიკურ სუბიქტებს, რომლებიც აკვირდებოდნენ საარჩევნო პროცესს, აქაც შენიშნა სასამართლომ, რომ ძალიან ბევრი არ იყო გულწრფელი და ერთმანეთთან დაპირისპირებული პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკური სუბიექტები ერთმანეთს მხარდაჭერას უცხადებდნენ საარჩევნო პროცესის არასწორად წარმართვის. როცა სხვა მასალები, საქმის მასალები და სასამართლო სხდომაზე გაჟღერებული განმარტებები სხვაგვარ ინტერპრეტაციას იძლეოდა“, – თქვა მოსამართლემ.

დავით ხუჭუამ განმარტა, რომ სასამართლოში სათანადო მტკიცებულებები არ წარადგინეს და სასამართლომ თავისი ინიციატივით გამოითხოვა ყველა მტკიცებულება. ხუჭუამ მოითხოვა ხმის მთვლელი აპარატი, ბიულეტენი, მარკერი და ჩარჩო კონვერტი, სხდომაზე ჩატარდა ტექნიკური შემოწმება, რომლის დროსაც დადგინდა, რომ ბიულეტენების აპარატში მოთავსებისას, უკანა მხარეს გაკეთებული არჩევანი ხილვადია.

„ყველა ჩვენთაგანს მინდა ვუსურვო, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში მოხერხდეს, ყველა ჩვენთაგანმა მოვახერხოთ, რომ მოხდეს, საარჩევნო გარემოს, საარჩევნო ადმინისტრაციის იმგვარი წარმართვა, რომ ყოველგვარი მანიპულაცია, ყოველგვარი უკანონო ჩარევა იყოს გამორიცხული, არა ვინმეს კეთილ ნებაზე დამოკიდებული, არამედ გამორიცხული“, – თქვა მან.

მისივე განცხადებით, საარჩევნო პროცესში და ზოგადად კანონმდებლობაშიც შეიძლება არსებობდეს გარკვეული ხარვეზები, რომლებიც მოითხოვს უფრო მეტ დახვეწას.

საიას შეფასებით, სასამართლოს გადაწყვეტილება ახალ პრეცედენტს ქმნის ამომრჩევლის ხმის ფარულობის უფლების დაცვის მიმართულებით.

საია 24 რაიონულ/საქალაქო სასამართლოში 73 ოლქის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს. ორგანიზაცია ყველა იმ უბნის (2263 უბანი) შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა.