ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსთან ბრძოლაში ოჯახის ექიმების როლზე ისაუბრა და ის პროცედურები განმარტა, რომლის გავლის შემდეგაც სიმპტომების მქონე მოქალაქემ ჰოსპიტლურ სექტორს უნდა მიმართოს. ამის შესახებ მინისტრმა „პირველ არხთან“ ისაუბრა.
მინისტრის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ, როდესაც მოქალაქე დააფიქსირებს საეჭვო სიმპტომებს, პირველ რიგში დარეკოს 112-ში, სადაც მის ადგილ-სამყოფელს რეგიონის მიხედვით განსაზღვრავენ და დააკავშირებენ ოჯახის ექიმთან. სიმპტომების შესახებ დეტალური გამოკითხვისა და ანამნეზის შეგროვების შედეგად ოჯახის ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას, რა შემდგომი ნაბიჯები უნდა გადაიდგას პაციენტთან მიმართებით, – კარანტინში გადაყვანა თუ სტაციონარში გადამისამართება.
„ნებისმიერ შემთხვევაში რა გადაწყვეტილებას მიიღებს ექიმი, განხორციელდება უკუზარი პაციენტთან, რის შედეგადაც მასთან მივა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და მოხდება იზოლირებულად ამ პაციენტის გადაყვანა შესაბამის ლოკაციაზე. ამის შემდეგ დაიწყება პაციენტის კვლევაც და სათანადო მკურნალობა.
ამ ჯაჭვის განხორციელება არის მნიშვნელოვანი, რადგან როგორც ჩვენთვის ცნობილია, კოვიდინფექციის გავრცელების სისწრაფე არის საკმაოდ ინტენსიური და ჩვენ გვინდა ავირიდოთ სიმპტომიანი პაციენტების გადაადგილება და ასევე გვინდა გავარიდოთ სიმპტომიანი პაციენტების ოჯახს, თუ მათ არა აქვთ იზოლაციის საშუალება“, – განმარტავს მინისტრი.
მისივე თქმით, ინფექციონისტები კორონავირუსის გავრცელების პიკის დაწყებას აპრილის მეორე ნახევრიდან ელოდებიან. ამიტომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა გაითვალისწინონ რეკომენდაციები სოციალურ დისტანცირებასთან და ჰიგიენური ნორმების დაცვასთან დაკავშირებით.