სააგენტო Reuters-ის ცნობით, ზამბია მოითხოვს რუსეთისგან, განმარტოს, თუ როგორ აღმოჩნდა ზამბიის მოქალაქე, რომელიც რუსეთში პატიმრობას იხდიდა, უკრაინის ბრძოლის ველზე, სადაც დაიღუპა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტენლი კაკუბომ განაცხადა, რომ რუსეთმა ზამბიას სექტემბერში 23 წლის ზამბიელი სტუდენტის გარდაცვალების შესახებ აცნობა, მაგრამ დეტალები არ მიუთითებია. მისივე თქმით, ზამბიელი სტუდენტი, ლემეხანი ნირენდა სასჯელს იხდიდა მოსკოვის გარეუბანში მდებარე საპატიმრო დაწესებულებაში, 2020 წლის აპრილში ჩადენილი დანაშაულის გამო.
„ის საპატიმრო სასჯელს იხდიდა, როცა ჯარში გაიწვიეს უკრაინაში საბრძოლველად, მაგრამ არ ვიცით, ვინ გაიწვია“, – თქვა სტუდენტის მამამ, ედვინ ნირენდამ.
კაკუბოს თქმით, 23 წლის სტუდენტი მოსკოვის უნივერსიტეტში ბირთვულ ინჟინერიას სწავლობდა, თუმცა გასამართლების შემდეგ ცხრა წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიესაჯა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ 9 ნოემბერს შეიტყო ინფორმაცია სტუდენტის „ბრძოლის ველზე დაცემის“ შესახებ.
მამის თქმით, ლემეხანი ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის დააპატიმრეს, როცა კურიერად მუშაობდა. მისივე თქმით, შვილს გადასცეს ამანათი, რომელშიც ნარკოტიკი იყო და პოლიციამ ვერ დაადგინა ამანათის მფლობელის ვინაობა.
„ჩვენ ახლახან მივიღეთ შეტყობინება რუსეთიდან, ჩვენთვის უცნობი კაცისგან. მან შეგვატყობინა, რომ ჩვენმა შვილმა ანდერძი დატოვა და რუსეთში უნდა ჩავიდეთ“, – თქვა ნირენდამ.