როგორ დასაქმდა გური სულთანიშვილის ცოლი ნინო წილოსანის სამდივნოში

პუბლიკა

23 აპრილს „პუბლიკას“ წყარომ მოაწოდა ინფორმაცია, რომ პროსამთავრობო „Pos tv-ის“ ტელეწამყვანის, გური სულთანიშვილის ცოლი, მედეა ჯმუხაძე დასაქმდა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის სამდივნოში, უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

„პუბლიკა“ ინფორმაციის გადასამოწმებლად მედეა ჯმუხაძეს დაუკავშირდა. Მან ინფორმაცია დაგვიდასტურა. მედეა ჯმუხაძეს ვკითხეთ, რა წესით მოხდა მისი შერჩევა სამდივნოში უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე, იყო თუ არა ვაკანსია გამოცხადებული და რა არის მისი სპეციალობა. ჯმუხაძემ გვიპასუხა:

„ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი ვარ და საჯარო სამსახურის შესახებ კანონს თუ გაეცნობით, ნახავთ, რომ საჯარო მოხელის სტატუსი არ მაქვს და არც კონკურსის მისთვის დადგენილი ფორმით არ ხდება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის აყვანა. მივიღე შემოთავაზება, გავიარე გასაუბრება, წარვადგინე კანონით მოთხოვნილი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, შესაბამისი ცნობები და გავაფორმე ხელშეკრულება. პროფესიით მარკეტერი და ჟურნალისტი ვარ. ასევე მრავალწლიანი სამენეჯმენტო გამოცდილებით“, – გვიპასუხა მედეა ჯმუხაძემ 23 აპრილს, 17:47 საათზე.

Მას ასევე ვკითხეთ, ვისგან მიიღო შემოთავაზება და ხომ არ უკავშირდება დასაქმება გური სულთანიშვილს, რადგან საზოგადოების მხრიდან, შესაძლოა, ასე იყოს აღქმული.

„შემოთავაზება მივიღე ფესტივალ Fem Tech-ის საორგანიზაციო საორგანიზაციო საქმიანობაში მონაწილეობის შემდეგ ქალბატონი ნინო წილოსანისგან და დასაქმებას ჩემს პროფესიულ უნარებს ვუკავშირებ“, – გვიპასუხა მედეა ჯმუხაძემ.

დღეს „პუბლიკა“ შეეცადა, დაეზუსტებინა, როდის დასაქმდა მედეა ჯმუხაძე წილოსანის სამდივნოში, თუმცა მისგან პასუხი ვერ მივიღეთ. ჯმუხაძის Facebook-ის მიხედვით, მან პარლამენტში მუშაობა 1 მარტიდან დაიწყო.

„პუბლიკამ“ ნინო წილოსანს შეკითხვებით მიმართა, პასუხის მიღების შემთხვევაში, მას დამატებით შემოგთავაზებთ.

განახლება: „პუბლიკამ“ ნინო წილოსანს ჰკითხა, რა ნიშნით შეარჩია და შესთავაზა მედეა ჯმუხაძეს ამ პოზიციაზე მუშაობა? უკავშირდება თუ არა ეს გადაწყვეტილება მედეა ჯმუხაძის მეუღეს, გური სულთანიშვილს და მის კავშირებს „ქართულ ოცნებასთან“. წილოსანს ასევე ვთხოვეთ, აღეწერა, კონკრეტულად რას საქმიანობს მედეა ჯმუხაძე სამდივნოში და რამდენინად იყო საჭიროება ამ საქმისთვის კადრის აყვანის.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ჩვენს შეკითხვებს ასე უპასუხა:

„გამჭვირვალობის საპასუხოდ მეორე უდონობა მოიფიქრეთ? ანუ ქალი აუცილებლად ვიღაცის ცოლი უნდა იყოს და ქმრის გამო ასაქმებდნენ? სექსისტური განაცხადი ახალი ფურცელია თქვენს „შემოქმედებაში“, – უთხრა „პუბლიკას“ ნინო წილოსანმა.

„პუბლიკა“ სამდივნოში დასაქმებულ მედეა ჯმუხაძეს 23 აპრილს, 16:16 საათიდან დაუკავშირდა და შეკითხვები დაუსვა. რამდენიმე საათის შემდეგ, 23 აპრილის 19:55 საათიდან ნინო წილოსანმა „პუბლიკის“ შესახებ ცილისმწამებლური პოსტების გამოქვეყნება დაიწყო.