„როგორ დასრულდება ომი, ამაზე საუბარი დღეს უჭირს ყველას" - კობახიძე უკრაინაზე

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ დღეს ყველას უჭირს იმაზე საუბარი, როგორ დასრულდება უკრაინაში ომი. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინას სუვერენიტიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას უსურვებს.

„რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა ეს შედეგები, რომელიც მოიტანა ომმა, რუსეთის სამხედრო აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ. განსაკუთრებით მძიმეა შედეგები ჩვენი უკრაინელი მეგობრებისთვის, ძალიან რთული ვითარებაა დღეს უკრაინაში, დღეს რუსეთს აქვს ორ-ნახევარჯერ მეტი ტერიტორია ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიაზე, ვიდრე ჰქონდა ომის დაწყებამდე. არის უამრავი ლტოლვილი და დევნილი, მოსახლეობის მეოთხედი ქცეულია ლტოლვილად ან დევნილად, განადგურებულია ინფრასტრუქტურა, ეკონომიკური კუთხით აქვს უმძიმესი პრობლემები უკრაინას. მსხვერპლი არის ძალიან დიდი, ეს არის უმძიმესი ვითარება, აქედან გამომდინარე, ჩვენი ვალია, პოლიტიკური და ჰუმანიტარული თვალსაზრისით მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს.

ჩვენ 600-ზე მეტ აქტს, რეზოლუციას დავუჭირეთ მხარი, რომელიც უკავშირდებოდა უკრაინის მხარდაჭერას, ზოგადად, მისი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, რომელიც გმობდა რუსეთის სამხედრო აგრესიას და გარდა ამისა, იცით, რომ ჩვენი ჰუმანიტარული დახმარების მასშტაბი იყო საკმაოდ დიდი. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ომი მალე დასრულდება – უკრაინას ვუსურვებთ სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება, ბუნებრივია, ჩვენი მეგობარი ხალხის მიმართ”, – თქვა პრემიერმა.

კითხვაზე – როგორ ფიქრობთ, უკრაინა გაიმარჯვებს? – კობახიძე პასუხობს:

„სამწუხარო რეალობა ის არის, რომ ამ საკითხზე უჭირთ საუბარი ჩვენს პარტნიორებს. ჩვენ გვქონდა ამ თემაზეც საუბარი ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ზოგადად და ზუსტად, თუ როგორ დასრულდება ომი, ამაზე საუბარი დღეს უჭირს ყველას”, – განაცხადა მან.