როგორ დავრეგისტრირდეთ კორონავირუსის ვაქცინაციაზე | ინსტრუქცია

პუბლიკა

დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრი საქართველოს 65+ წლის მოქალაქეებისთვის კორონავირუსის ვაქცინის მისაღებად რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქციას აქვეყნებს. NCDC-ის განცხადებით, მოქალაქეები სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე Booking.moh.gov.ge უნდა დარეგისტრირდნენ ან რეგისტრაციისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრაში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებს მიმართონ.

საწყის ეტაპზე, საიტზე შესვლისას მომხმარებელს გამოუჩნდება ორი სახის ფანჯარა — „მოქალაქე“ და „ორგანიზაცია“.

პირველი ფანჯარა „მოქალაქე“ – სივრცეა მოქალაქისთვის სამედიცინო სერვისის ონლაინ დასაჯავშნად.  მეორე კი – „ორგანიზაციაა“ – დაწესებულებებისთვის მოქალაქეების ჩასაწერად, განრიგის კონფიგურაციისა და სერვისზე ჩაწერილი მოქალაქეების რიგების სამართავად.

ვიზიტის დაჯავშნა 4-ნაბიჯიანია. პირველი ნაბიჯის დროს, მოქალაქემ უნდა შეავსოს სერვისის გრაფა – პირველ რიგში, კონკრეტულად რომელი ვაქცინის გაკეთება სურს – „ასტრაზენეკა“ თუ „ფაიზერი“. ამავე ეტაპზე მოქალაქე ირჩევს სერვისის ჩატარების რეგიონს, სერვისის ჩატარების რაიონსა და სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებას.

კონკრეტული დაწესებულებების მითითების შემდეგ, „კაბინეტების“ სახით ჩნდება კალენდარი სასურველი დღისა და საათის მისათითებლად. კალენდარში ნაცრისფერი ველი აღნიშნავს არასამუშაო პერიოდს, ხოლო ნარინჯისფერი ველი – უკვე დაჯავშნილ საათებს – ამ ორივე შემთხვევებში დაჯავშნა შეუძლებელია. საჭირო დღისა და დროის არჩევის შემდეგ საჭიროა ინფორმაციის შენახვა.


სასურველი სერვისისა და თარიღის არჩევის შემდეგ, მომხმარებელი გადადის მე-2 ნაბიჯზე, სადაც უნდა შეავსოს პირადი მონაცემების ველი.

აქ მოქალაქეს შეჰყავს პირადი ნომერი, დაბადების წელი, სახელი, გვარი, მობილურის ნომერი და ელ-ფოსტა. ამ ინფორმაციის შევსების შემდეგ კი „დადასტურების“ ღილაკით ინახავს.

პირადი მონაცემების შევსების შემდეგ, გადადიხართ შემდეგ ნაბიჯზე. მე-3 ნაბიჯი გულისხმობს „დასტურს“. დასტურის ველში მომხმარებელს შეუძლია გადაამოწმოს ჯავშნის შესახებ მის მიერვე შევსებული ინფორმაცია. მონაცემების გადამოწმების შემდეგ კი საჭიროა მონაცემების საბოლოო დასტური, რის შემდეგაც ჩნდება დამატებითი ფანჯარა – „ნამდვილად გსურთ ჯავშნის შექმნა?“.

დადასტურების შემთხვევაში, მოქალაქემ უნდა მიუთითოს ღილაკზე „ვერიფიკაციის კოდი“, რის შემდეგაც პირად ნომერსა და ელ-ფოსტაზე მიიღებს უნიკალური კოდს შეტყობინების სახით. აღნიშნული კოდი აუცილებელია ჯავშნის პროცესის დასასრულებლად.

სულ ბოლო, მე-4 ეტაპის დროს მომხმარებელს ვებგვერდზე უჩანს სრული ინფორმაცია ჯავშნის შესახებ. ასევე „ბეჭდვის“ და „დასრულების“ ღილაკი.

NCDC-ის ინფორმაციით, კოვიდვაქციანაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის, ვაქცინაციაზე ვიზიტის ონლაინ რეგისტრაციაზე, დამატებითი კონსულტაცია შეგიძლიათ გაიაროთ ცხელ ხაზზე: 1522 (სამუშაო საათები 09.00-23.00).

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული სრული ვიდეოინსტრუქცია: