მას შემდეგ რაც ინტერნეტგიგანტმა, ფეისბუქმა, “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული ე.წ. ტროლექაუნთები წაშალა და ამ ფაქტს ვრცელი განცხადებაც მიუძღვნა, ხელისუფლების წარმომადგენლები გარკვეული პერიოდის განმავლობაში დუმდნენ. თუმცა დღის განმავლობაში მათ მაინც მოუხდათ აღნიშნულ თემაზე კომენტარების გაკეთება:
საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ის არამც და არამც არ ეთანხმება ამ ინფორმაციას, და მისთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია. საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე აღნიშნავს, რომ ფეისბუქს თავად აქვს რეპუტაციული პრობლემები.
უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით კი, ქართულ ოცნებას” ნაც.მოძრაობის და მისი სატელიტებისგან განსხვავებით, მხარს ბოტები და ვირტუალური ადამიანები კი არ უჭერენ, “არამედ ნამდვილები. ნამდვილები, რომლებსაც ვერავინ ვერასდროს მოერევა და ვერავინ ვერასდროს გააუქმებს!”
ამ თემას გამოეხმაურა მაჟორიტარი ირაკლი ბერაიაც – “თქვენ ამბობთ, რომ ტროლები და ბოტები ყავს ქართულ ოცნებას და ეს 400 გვერდი, რომელიც დახურეს მხოლოდ ოცნების იყო და მარტო ქართული ოცნება არღვევს ამ ქვეყანაში წესებს და დანარჩენი ყველა პატიოსნად მუშაობს? ქართული ოცნება არა, წესებს არღვევენ სხვები”. – ამბობს დეპუტატი, რომელმაც მაშინ გააცნო საზოგადოებას თავი, როდესაც პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელი კანონპროექტის ჩაგდებაში მიიღო აქტიური მონაწილეობა.
თემაზე კომენტარი გააკეთა კიდევ ერთმა ე.წ. “ამბოხებულმა მაჟორიტარმა” დიმიტრი ხუნდაძემაც – მან ტაბულას უთხრა, რომ ფეისბუქმა ინფორმაცია უნდა დაასაბუთოს, რადგან მიიჩნევს, რომ ოპოზიცია არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში პროფესიონალია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ფეისბუქის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით უმსხვილესმა სოციალურმა ქსელმა 39 ანგარიში, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 ინსტაგრამის ანგარიში, წაშალა.
“ეს გვერდები პოზიციონირებდნენ, როგორც ახალი ამბების ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები, საჯარო პირები, აქტივისტური ჯგუფები და მედიაგამოცემები. აკრიტკებდნენ ოპოზიციასა და აქტივისტურ ჯგუფებს. ეს პირები მალავდნენ თავიანთ ვინაობას.
ჩვენმა გამოძიებამ ეს აქტივობები ქართულ სარეკლამო კომპანია „პანდასთან” და „ქართული ოცნების” მთავრობასთან დააკავშირა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
კომპანიის განცხადებით, ამ facebook -ანგარიშებიდან რეკლამისთვის დახარჯულია 316 000 დოლარამდე.