დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გრიპის სეზონზე ისაუბრა. მისი თქმით, გრიპის ვირუსი ნოემბრის ბოლოდან შედის აქტიურ ფაზაში. გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ვირუსებზე ხდება ზედამხედველობა და კონტროლდება, რა რესპირაციული ვირუსები ცირკულირებენ ქვეყანაში. მისი თქმით, ახალი კორონავირუსული ინფექციისა და გრიპის ვირუსის გარჩევა კლინიკურად რთულია და ძირითადად ლაბორატორიული კვლევებით განირჩევა.
„ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა შექმნა ახალი, ძალიან კარგი დოკუმენტი და ალბათ სულ მალე იქნება პრეზენტაციაც. ეს გახლავთ ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნის დოკუმენტი. სწორედ ეს იქნება მეორე თუ მესამე ტალღებისთვის. ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა სწორედ ამ ორი დაავადების სავარაუდო ზედდებაა და ეს ზედდება იქნება. ყველა ქვეყანა ემზადება ამისთვის. კორონავირუსი კარგა ხანი არსად გაქრება და გრიპიც მოვა, იცით, რომ ეს ორივე დაავადება კლინიკურად ძალიან რთული გასარჩევია, თუმცა, არის ნიშნები მათი გარჩევის, მაგრამ ძირითადი გარჩევა ხდება ლაბორატორიულად. იქ დგინდება გრიპის ვირუსი და ახალი კორონავირუსი. ორივე დგინდება PCR ტექნოლოგიით და, ამავე დროს, გრიპზე უფრო გამოცდილია სწრაფი ტესტები, რითაც გრიპის სწრაფი დიაგნოსტიკა კეთდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძემ აღნიშნა, რომ მსოფლიოში დეფიციტია დასავლური წარმოების გრიპის ვაქცინაზე. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ქვეყანას ამ ეტაპზე შესყიდული აქვს 135 000 გრიპის ვაქცინა.
„ჩვენ შესყიდული გვაქვს გრიპის 135 000 ვაქცინა, რომელსაც ველოდებით ოქტომბრის 10-დან 15-მდე. სამწუხაროდ, ძალიან დიდი დეფიციტია მსოფლიოში ე.წ. დასავლური წარმოების ვაქცინების. შარშან გვქონდა 100 000, წელს 135 000 ვიყიდეთ, ახლა მცდელობა გვქონდა კიდე 100 000-ის დამატებით ყიდვის, მაგრამ, სამწუხაროდ, დიდი დეფიციტია. მხოლოდ შეპირებები არის, მაგრამ ვცდილობთ სხვადასხვა ბაზარზე დამატებითი 100 000-ის მოპოვებას“, – თქვა მან.
გამყრელიძის თქმით, გრიპის ვაქცინით განსაკუთრებით უნდა აიცრან რისკჯგუფებმა.
„აიცრებიან, პირველ რიგში, გრიპის საწინააღმდეგო აცრებით მაღალი რისკჯგუფები, ესენი არიან ორსულები, მოხუცები, ბავშვთა სახლებში მყოფი ადამიანები. შარშან დიაბეტი დავამატეთ ამას, დიაბეტიანები აქტიურად. რა თქმა უნდა, ჩემი კოლეგები, ჩვენ ვინც წინა ხაზზე ვართ, განსაკუთრებით ჰოსპიტლური სექტორის და ამბულატორიული სექტორში მომუშავე სამედიცინო პერსონალი“, – თქვა მან.
ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქვეყანაში ძლიერდება ლაბორატორიები. მისი თქმით, მოქმედებს 21 სახელმწიფო და კერძო ლაბორატორია, რაც ოქტომბრის ბოლომდე გაიზრდება და, სავარაუდოდ, გახდება 25.