როგორ გადაიღო „ჯადოსნური მთა" დოკუმენტალისტმა მარიამ ჭაჭიამ

პუბლიკა

რეჟისორმა მარიამ ჭაჭიამ ბრიტანელ რეჟისორთან, ნიკ ვოიგთან ერთად დოკუმენტური ფილმი, „ჯადოსნური მთა” აბასთუმნის ტუბ-დისპანსერის შესახებ გადაიღო. ფილმი, რომელმაც კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის გაღიზიანება გამოიწვია, თავდაპირველად დისპანსერში მცხოვრებ ადამიანებზე უნდა ყოფილიყო.

მაშინ, როცა „ჯადოსნური მთის” გადაღების იდეა გაჩნდა და პროცესი დაიწყო, მარიამ ჭაჭია თავად იყო ტუბ. პაციენტი. ნიკ ვოიგთან საუბრის შემდეგ მან აბასთუმნის დისპანსერში ცხოვრება და იქაური ყოფის აღწერა გადაწყვიტა.

„ფილმი დასრულებული გვქონდ – ის იყო მხოლოდ პაციენტების ცხოვრებაზე, მე საერთოდ არ ვიყავი მისი გმირი, როცა ჩვენი ლოკაცია, ანუ საავადმყოფო გაიყიდა – შენობა ბიძინა ივანიშვილმა შეისყიდა და მივხვდით, რომ რაღაც უფრო დიდის ნაწილი ხდებოდა ეს ფილმი. დაველოდეთ, სანამ საბოლოო განაჩენი არ გამოიტანეს. ამიტომ, ამ ფილმზე, საბოლოო ჯამში, 9 წელი ვმუშაობდი”. – ყვება მარიამ ჭაჭია „რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში.

გადაღებების დასრულების შემდეგ მარიამ ჭაჭიას და ნიკ ვოიგთს 400-საათიანი მასალა ჰქონდათ. ბევრი იფიქრეს მონტაჟზე.

„როცა მასალას ვუყურებდით, მივხვდით, რომ მთავარი პერსონაჟები მე და შენობა ვიყავით. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი პაციენტების ცხოვრებასაც აღწერს, არ არიან მთავარი მოქმედი გმირები. შემდგომში გადავწყვიტეთ, ე.წ ვოისოვერი გაგვეკეთებინა და შენობისთვის პირველ პირში მიმემართა”. – ამბობს მარიამ ჭაჭია და დასძენს, რომ აბასთუმნის ტუბ დისპანსერის შენობა მისთვის საქართველოს მეტაფორაც გახდა.

„საქართველოში სულ იმას ვცდილობთ, რაღაცები დავმალოთ, დავფაროთ, თუ რამე არ მოგვწონს, თვალი დავხუჭოთ, დავანგრიოთ – თუმცა, სანამ თვალს არ გაუსწორებ შენს წარსულს, ერთსა და იმავე შიშის წრეზე იტრიალებ. შეიძლება ცოტა ფილოსოფიურად გამომდის, მაგრამ ჩემი ავადმყოფობისა და შენობის ამბავი მას შემდეგ, რაც გავიგეთ, რომ გაიყიდა, გაერთიანდა და მივხვდით, რომ მე და შენობა ვიყავით წამყვანი პერსონაჟები”. – ამბობს რეჟისორი.

2017 წელს მარიამ ჭაჭიამ და ნიკ ვოიგთმა დასრულებული დოკუმენტური ფილმი ეროვნულ კინოცენტრს ჩააბარეს. შენობის გაყიდვის შესახებ რეჟისორებმა დადასტურებულად ამის შემდეგ გაიგეს. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეგონათ, რომ დისპანსერი სასტუმროდ გადაკეთდებოდა.

„მაშინ გაგვიჩნდა იმედი, რომ შენობის ტრანსფორმაცია მოხდებოდა, უფრო ლამაზი შენობა გაკეთდებოდა და ძალიან კარგი დასასრული იქნებოდა ფილმისთვის”. – ამბობს მარიამი. მან და ნიკ ვოიგთმა აბასთუმნის ტერიტორიაზე შესვლა და გადაღებების გაგრძელება გადაწყვიტეს. ყველას, მათ შორის, საავადმყოფოს პერსონალს ჰქონდა მოლოდინი, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლებოდა. თუმცა, შენობა ყველასთვის მოულოდნელად, უცებ დაინგრა.

„თუ ისტორიას არ შერჩება შენობებები, ფიზიკური არტეფაქტები, ძალიან რთული იქნება ისტორიის შენარჩუნება. თუ მხოლოდ წერილობითი ისტორია გვექნება, ყველა მმართველი შეძლებს, გადაწეროს ის”.

„ჯადოსნური მთა” თომას მანის ნაწარმოებია. მარიამ ჭაჭიას ფილმის დასაწყისი რომანის მსგავსად იწყება – გზა, რომელიც მთებს მიყუვება და საავადმყოფოსთან ჩერდება. თუმცა, როგორც რეჟისორი ამბობს, ფილმისთვის სახელი ამის გამო არ შეურჩევიათ.

„ამ შენობის არსებობის დროიდან ყველა ცდილობდა, მას დასაკუთრებოდა, მისი გამდხარიყო ეს ადგილი. შეიძლება, მაყურებილისთვის ეს ნაკლებად აღქმადია და ყველას გონება თომას მანისკენ მიდის, თუმცა, ჩვენ ვამბობთ – აბასთუმნის მთა იმდენად ჯადოსნურია, ყველას უნდა, მისი საკუთრება გახდეს. ამიტომ, გადავწყვიტეთ, „ჯადოსნური მთა” დაგვერქმია”. – ამბობს მარიამ ჭაჭია.

„ჯადოსნური მთა” 2023 წელს გამოვიდა და უკვე გახდა ბარსელონის საერთაშორისო კინოფესტივალის, ასევე, ერევნის კინოფესტივალის გამარჯვებული.


13 დეკემბერს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სამთავრობო ტელეარხ „იმედის“ ეთერში დოკუმენტურ ფილმ „ჯადოსნურ მთაზე“ ისაუბრა და ფილმის რეჟისორები სახელშეკრულებო პირობების დარღვევაში დაადანაშაულა.

თეა წულუკიანის თქმით, კინოცენტრს ასეთი შემთხვევებისთვის აქვს მცირე ბერკეტი და ალბათ „ამ მცირე ბერკეტს გამოიყენებს“

წულუკიანის თქმით, ფილმი 2016 წელს დაფინანსდა როგორც დოკუმენტური, სახელწოდებით „აბასთუმანი“, კონკრეტული სცენარის საფუძველზე და ხელშეკრულებაში, რომელიც რეჟისორთან გაფორმდა ჩაიწერა, რომ სცენარის ცვლილება დაუშვებელი იყო.