საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქვეყნებს განცხადებას მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის საქმის შესახებ. განცხადებაში მიმოხილულია აბაზოვის საქმე დასაწყისიდან და გაკრიტიკებულია პროკურატურის რიგი გადაწყვეტილებები.
2020 წლის 12 თებერვალს რუსთავის საქალაქო სასამართლომ მარნეულის ყოფილი მერი და მასთან ერთად ბრალდებული 3 პირი წარდგენილ ბრალდებაში სრულად გაამართლა.
საია მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში დასკვნითი სიტყვის ეტაპზე პროკურატურამ თემურ აბაზოვს, რამინ ალახვერდიევს და ელიხან გულიევს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებასა და გავრცელებასთან დაკავშირებით წარდგენილი ბრალდება დაუსაბუთებლად მოუხსნა, რამაც გავლენა მოახდინა საქმის შედეგზე და მოსამართლეს შეუქმნა საფუძველი, მტკიცებულებებით გამყარებული ბრალდების ამ ნაწილზე საერთოდ აღარ ემსჯელა.
პროკურატურის დაუსაბუთებელი მოქმედებებიდან გამომდინარე, სასამართლომ მხოლოდ ჯგუფურ ცემასა და არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობასთან დაკავშირებით იმსჯელა. სასამართლომ მიიჩნია, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ სტანდარტს. თუმცა, განაჩენში სასამართლოს მიერ განვითარებული მსჯელობები და დასკვნები აჩენს კითხვებს მის დასაბუთებულობასთან დაკავშირებით, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში არსებული მნიშვნელოვანი მტკიცებულებები და გარემოებები სათანადო შეფასების მიღმაა დატოვებული.
პროკურატურის მოქმედებები დასკვნითი სიტყვის ეტაპზე
საქმის განხილვის იმ ეტაპზე, როცა ყველა მტკიცებულება გამოკვლეულია და პროკურატურას უნდა შეეფასებინა საქმის გარემოებები, ყურადღება გაემახვილებინა მოწმეთა ჩვენებებსა და მტკიცებულებებზე, პროკურატურამ ბრალდებულებს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებასა და გავრცელებასთან დაკავშირებით წარდგენილი ბრალდება მოუხსნა, რაც აბაზოვის შემთხვევაში იმით ახსნა, რომ ვიდეო ჩანაწერის შენახვა, ჩაწერა და გავრცელების ორგანიზება დაზარალებულის დამცირებას, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას ისახავდა მიზნად, და ვინაიდან აბაზოვს 1443-ე მუხლით ჰქონდა ბრალი წარდგენილი, დამატებით 1571-ე მუხლზე მითითების საჭიროება აღარ იყო.
რა გავლენა იქონია ბრალდების მოხნამ საქმეზე
იმის გათვალისწინებით, რომ დასკვნითი სიტყვის ეტაპზე ყველა მტკიცებულება უკვე გამოკვლეული იყო, პროკურატურას შეეძლო ევარაუდა, რომ ვიდეოების გადაღებასა და გავრცელებასთან დაკავშირებით წარდგენილ ბრალდებაში მოსამართლეს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა მოუწევდა. მათ შორის, საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნა ცალსახად ადგენდა ბრალდებულების შემხებლობას ვიდეო ჩანაწერების გავრცელებაში. ამ და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისი იქნებოდა 1571-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, თუმცა, პროკურატურის მოქმედებამ გავლენა მოახდინა საქმის შედეგზე და სასამართლოს შესაძლებლობა მისცა აღნიშნულ საკითხზე აღარ ემსჯელა.
გამოტანილი განაჩენის დაუსაბუთებლობა
პროკურატურის მოქმედებებიდან გამომდინარე, სასამართლომ მხოლოდ იმ მუხლებთან მიმართებით იმსჯელა, რომლის ჩადენასაც პროკურატურა ბრალდებულებს ბოლომდე ედავებოდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ სტანდარტს, თუმცა, განაჩენში განვითარებული მსჯელობები და დასკვნები აჩენს კითხვებს მის დასაბუთებულობასთან დაკავშირებით. იმისათვის, რომ განაჩენი დასაბუთებულად ჩაითვალოს, იგი უნდა შეიცავდეს საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად ჩამოყალიბებულ დამაჯერებელ დასკვნებს. რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენი აღნიშნულ სტანდარტს არ აკმაყოფილებს და მნიშვნელოვანი მტკიცებულებები და გარემოებები სათანადო შეფასების მიღმაა დატოვებული.
საიას განცხადებას სრულად გაეცანით ბმულზე.
თემურ აბაზოვის საქმე
2018 წლის 10 ივნისს, მარნეულში მცხოვრებმა პირმა (შემდგომში – დაზარალებული) ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან Facebook-ზე ვიდეო ჩართვა განახორციელა. ჩართვაში მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ბიძინა ივანიშვილს, თემურ აბაზოვს და ,,ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს. მომხდარის შესახებ შეიტყო თემურ აბაზოვმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის, ჯ.ჩ.-ს დახმარებით დაზარალებულის ვინაობა დაადგინა და მისი სამაგალითოდ დასჯა გადაწყვიტა.
მარნეულში დაბრუნების შემდგომ, 22:20 საათზე დაზარალებულს დაუკავშირდა საკრებულოს წევრი, რ.ა. და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეხვედრაზე დაიბარა. დაზარალებული ოფისში დისშვილთან ერთად მივიდა. შეხვედრაზე ასევე მივიდნენ პარლამენტის წევრი, აზერ სულეიმანოვი, მარნეულის საკრებულოს დეპუტატები ჯ.ჩ. და რამინ ალახვერდიევი, ასევე, თეიმურაზ აბაზოვის ნათესავი ელიხან გულიევი. აზერ სულეიმანოვმა დაზარალებულს მომხდარის შესახებ განმარტება მოსთხოვა და ელიხან გულიევთან ერთად მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
აღნიშნულის შემდგომ, დაზარალებული ჯ.ჩ.-მ და რამინ ალახვერდიევმა მარნეულში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში თემურ აბაზოვთან ბოდიშის მოსახდელად წაიყვანეს. შეხვედრისთანავე თემურ აბაზოვმა დაზარალებულს სახეში შეაფურთხა, დაარტყა ხელი და აიძულა მოეშარდა ჭიქაში. ასევე, აიძულა Facebook-ის მეშვეობით განეხორციელებინა პირდაპირი ჩართვა, ბოდიში მოეხადა მისთვის, საკუთარი ცოლისათვის მიეყენებინა სიტყვიერი შეურაცხყოფა და შარდით დაებანა სახე. დაზარალებულმა თემურ აბაზოვის მოთხოვნა შეასრულა, რაც რამინ ალახვერდიევმა და ელიხან გულიევმა მობილური ტელეფონით გადაიღეს. იმავე დღე, რამინ ალახვერდიევმა ვიდეო ჩანაწერები გადაუგზავნა ფ.გ.-ს, რომელმაც თეიმურ აბაზოვთან შეთანხმებით, ჩანაწერები სოციალური ქსელების მეშვეობით გაავრცელა.