როგორ გაგრძელდება სწავლა უნივერსიტეტებში, სკოლებსა და ბაღებში - მინისტრის განმარტება

პუბლიკა

თუ როგორ გაგრძელდება სწავლა უნივერსიტეტებში, სკოლებსა და ბაღებში, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე ისაუბრა.

„უწყებათაშორისმა საბჭომ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მიიღო შემდეგი გადაწყვეტილებები. როგორც უკვე მოგეხსენებათ, მთელი ქვეყნის მასშტაბით საბავშვო ბაღებს შეჩერებული აქვთ მუშაობა და ეს ეხებათ როგორც საჯარო, ასევე კერძო ბაღებს – ეს გადაწყვეტილება ნარჩუნდება“, – ამბობს ჩხენკელი.

როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, დიდ ქალაქებში არსებული სკოლები, რომლებიც უკვე გადასულები არიან დისტანციურ სწავლებაზე, კვლავ ამ მეთოდით გააგრძელებენ მუშაობას.

„რაც შეეხებათ დიდ ქალაქებში პროფესიულ სასწავლებლებსა და უნივერსიტეტებს, ისინი სრულად გადავლენ დისტანციურ რეჟიმზე, გარდა უნივერსიტეტებში მედიცინის აკადემიური პროგრამებისა. როგორც მოგეხსენებათ, სიტუაციიდან გამომდინარე მედიცინის მიმართულება ეს ქვეყნისთვის სტრატეგიული პრიორიტეტია. შესაბამისად, მედიცინის აკადემიური პროგრამების მქონე უნივერსიტეტებს ექნებათ იმის უფლება, რომ ამ პროგრამებზე პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები ჩაატარონ არადისტანციურად“, – აღნიშნა მინისტრმა.

ჩხენკელის თქმით, არადისტანციური სამუშაოების შემთხვევაში, ის სამედიცინო პროტოკოლი უნდა გაგრძელდეს, რითიც სამედიცინო უნივერსიტეტები აქამდე ხელმძღვანელობდნენ.