როგორ გაგვეკეთებინა, რომ შესახლდებოდნენ მერე გამოგვეყარა სიცივეში?! - კალაძე აფრიკის დასახლებაში სახლების დემონტაჟზე

პუბლიკა

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, თბილისის მერიის მიღებული გადაწყვეტილება, რომ აფრიკის დასახლებაში მოქალაქეების სახლების დემონტაჟი მოეხდინა, სწორი და დროული იყო. კალაძის თქმით, ეს იყო მოქალაქების მიერ დატაცებული სახელმწიფოს კუთვნილი მიწები და მერიამ დემონტაჟი მათ შესახლებამდე მოახდინა და შესაბამისად, ხალხი უბინაოდ არ დაუტოვებიათ.

„აბა როგორ უნდა გაგვეკეთებინა ახლა, მიგვეშვა ეს კონკრეტული მშენებლობები, დაამთავრებდნენ მშენებლობას, შესახლდებოდნენ და მერე რა, მერე მივსულიყავით და გამოგვეყარა ამ სიცივეში?! ეგ იქნებოდა სწორი მიდგომა და დამოკიდებულება?!“, – განაცხადა კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში.

თბილისის მერის თქმით, მშენებლობების ნაწილი სულ რამდენიმე დღის იყო, ზოგიერთის მშენებლობა კი ღამითაც მიდიოდა, რათა არაკანონიერად შემოღობილ მიწებზე დასახლება მოესწროთ. თუმცა, კალაძის თქმით, ტყუილია ინფორმაცია, თითქოს, მოქალაქეები უბინაოდ დატოვეს.

„ეს კონკრეტული შენობა-ნაგებობები იყო მშენებარე, მე შემიძლია ფოტოსურათებიც გაჩვენოთ… იქ, სადაც ეს ადამიანები ცხოვრობენ, იქ, სადაც არაკანონიერად დატაცებულ მიწებზე უკანონოდ აშენებულ შენობა-ნაგებობებში ცხოვრობენ ეს ადამიანები, იმ შენობებს არავინ მიჰკარებია“, – თქვა თბილისის მერმა.


აფრიკის დასახლებაში, სანაძის ქუჩაზე, ვითარება დღეს დილიდან მას შემდეგ დაიძაბა, რაც თბილისის მერიამ პოლიციის თანხლებით სახლების დემონტაჟი დაიწყო. ადგილობრივებმა სახლების დემონტაჟი გააპროტესტეს, რასაც სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

მუნიციპალური ინსპექციის თქმით, მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული და მუნიციპალურმა ინსპექციამ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით, მათი დემონტაჟის პროცესი კანონის შესაბამისად დაიწყო.

დემონტაჟის პარალელურად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, სამართალამცველებმა ათზე მეტი მოქალაქე დააკავეს. როგორც „პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს, მოქალაქეები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით არიან დაკავებულები. თუმცა, სახალხო დამცველის მოადგილის გიორგი ბურჯანაძის თქმით, ერთ-ერთი მოქალაქე სისხლის სამართლის წესით დააკავეს.

ასევე, სანაძის ქუჩაზე განვითარებული მოვლენების დროს სასწრაფო დახმარების ბრიგადამ 2 ადამიანს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწია, ხოლო ერთ-ერთი მოქალაქე, ორსული, რომელიც შეხლა-შემოხლის დროს შეუძლოდ გახდა, კლინიკაში გადაიყვანეს.

„ორსული კლინიკა „ღია გულში“ გადაიყვანეს. კიდევ ორ მოქალაქეს აღენიშნებოდა ნევროტულობა და მათ ადგილზე გაეწიათ დახმარება, – განუცხადეს „პუბლიკას“ 112-ის პრესსამსახურში.