პარლამენტის დეპუტატი, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი ნინო წილოსანი, მოძალადე ჯგუფების მიერ გუშინ პრაიდ-ფესტივალის ჩაშლას ერთი წინადადებით გამოეხმაურა.
„ძალიან მძიმე სანახავი იყო როგორ უშლიდნენ ადამიანების დახურულ შეხვედრას ხელს ისინი, ვისაც ამის არც კონსტიტუციური უფლება და არც ლოგიკური საფუძვლები არ ჰქონდათ :((” – დაწერა მან ფეისბუქის გვერდზე.
„თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით დღეს დაგეგმილი ფესტივალი ჩაიშალა, პოლიციამ ორგანიზატორები ლისის მიმდებარე ტერიტორიიდან სამარშრუტო ტაქსებითა და ყვითელი ავტობუსებით გაიყვანა. პოლიციამ ვერ შეძლო ტერიტორიის დაცვა.
ორგანიზატორები ფესტივალის წინა დღეებში ამბობდნენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ღონისძიების დაცვის გარანტია მიიღეს.
ლისის ტბასთან, ფესტივალის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია იყო მობილიზებული, მაგრამ სამართალდამცველების მიერ გაკეთებულმა მცირე კორდონმა აგრესიულ ჯგუფებს წინააღმდეგობა არ გაუწია, რის შემდეგაც ამ ჯგუფებმა ფესტივალის ტერიტორიამდე მიაღწიეს, პრაიდის ორგანიზატორები კი შსს-მ გაიყვანა.