„FARA-ს სიტყვა-სიტყვითი თარგმანის“ აღსასრულებლად სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება მუხლი, რომელიც განსაზღვრავს პასუხისმგებლობებს FARA-ს მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში.
„ოცნების“ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ მეორე მოსმენის დროს განაცხადა, რომ სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა ახალი, 355-ე სეკუნდა მუხლი:
„თუ ხელმძღვანელისა და მმართველის ფუნქციების შემსრულებელი პირი არ შეასრულებს ამ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას.
კონკრეტული პუნქტების დარღვევის შემთხვევაში, შესაძლებელია ჯარიმა იყოს არაუმეტეს 5 000 ლარით ან თავისუფლების აღკვეთა ვადით 6 თვემდე, ჯარიმით არაუმეტეს 5000 ლარის ოდენობით ან უამისოდ.
სხვა დარღვევების შემთხვევაში, ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით ან თავისუფლების აღკვეთა ვადით 5 წლამდე, ჯარიმით 10 000 ლარის ოდენობით ან უამისოდ“, – თქვა გორდულაძემ.
უფრო კონკრეტულად, „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტში პასუხისმგებლობის მუხლში მითითებულია:
„იმ უცხოური პრინციპალის აგენტის, რომელიც არ არის ფიზიკური პირი, თითოეული ხელმძღვაწელი ან/და მმართველი ან ის პირი, რომელიც ახორციელებს ხელმძღვაწელის ან/და მმართველის ფუნქციებს ვალდებულია, წარმოადგინოს უცხოური პრინციპალის აგენტის იმ ტიპის განაცხადი და დამატებითი დოკუმენტაცია, რომელიც გათვალისწიწებულია ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით.
იგი ასევე, ვალდებულია შეასრულოს ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-5 მუხლის და ამ კანონით გათვალისწიწებული სხვა მოთხოვნები.
თავის მხრივ, ორგანიზაციის დაშლა, რომელიც მოქმედებს, როგორც უცხოური პრინციპალის აგენტი, არ გამოიწვევს ხელმძღვანელის, მმართველის ან იმ პირის, რომელიც ახორციელებს ხელმძღვანელისა ან/და მმართველის ფუნქციებს, იმ პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას, რომელიც გულისხმობს წინამდებარე კანონის თანახმად გათვალისწიწებული დოკუმენტაციის შევსებას.
იმ შემთხვევაში, თუ უცხოური პრინციპალის აგენტი, ან ნებისმიერი ხელმძღვანელი, მმართველი, თუ ხელმძღვანელისა ან მმართველის ფუნქციების შემსრულებელი პირი, არ შეასრულებს ამ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, გამოიწვევს საქართველოს კაწონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას.“.
გორდულაძის თქმით, ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი დაისჯება მხოლოდ ჯარიმით.
განსაზღვრული იქნება ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი.
„არა მხოლოდ ჯარიმა და თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსით, არამედ, პირდაპირ ხელმძღვანელობით უფლებამოსილების მქონე პირების პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს“, – თქვა მან.
„ოცნების“ პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა.
არჩილ გორდულაძის თქმით, „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ“ კანონპროექტში მხოლოდ თარგმანის გაუმჯობესების და პუნქტუაციის მხრივ შეიტანეს ცვლილებები.
კანონპროექტი წესრიგდება ძირითადად შემდეგი საკითხები:
– უცხოური პრინციპალის აგენტისა და უცხოური ძალის ცნებების განმარტებები;
– სუბიექტის უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციის საკითხი;
– უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის, სხვა სათანადო დოკუმენტების საჯაროობის უზრუნველყოფის საკითხი;
– უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრირებული სუბიექტის მიერ ყოველწლიური საფინანსო დეკლარაციის წარდგენის საკითხი;
– უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრირებული სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმების საკითხი;
– უცხოური პრინციპალის აგენტის გამოსავლენად ან კანონპროექტით განსაზღვრულ მოთხოვნათა შესრულების შესამოწმებლად მონიტორინგის განხორციელების საკითხი;
– უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდებისას ან კანონპროექტით განსაზღვრულ შესაბამის მოთხოვნათა შეუსრულებლობისას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი.
კანონპროექტი პირველი მოსმენით უკვე მიღებულია. მეორე მოსმენით განსახილველად მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომაზე გავა. მოსმენის შემდეგ გამოქვეყნდება მიღებული დოკუმენტი, რომელშიც დაზუსტებული იქნება სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილება.