დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაზემ „ფორმულას“ ეთერში განმარტა, თუ რა იგულისხმება ზარალთან დაკავშირებით „ფაიზერის“ მოთხოვნაში. იმნაძე ამბობს, რომ აქ არ იგულისმება ფინანსური ზარალი და ნაგულისხმევია აცრის შემდგომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებასთან დაკავშირებული რისკები.
ჟურნალისტის კითხვაზე – იყო თუ არა რაიმე ისეთი პირობა, რომელიც „ფაიზერს“ ქართულმა მხარემ ვერ შეუსრულა პროცესში? – პასუხობს:
„ტყუილია ყველაფერი იმიტომ, რომ ქართულმა მხარემ კანონმდებლობა შეცვალა, კანონში ჩაიწერა ის, რაც „ფაიზერს“ უნდოდა, თარგმანი, როგორც ჩანს, არასწორი იყო თქვენთან ანაზღაურებაზე, ლაპარაკია ზარალის ანაზღაურებაზე, ანუ ვინმეს რომ ანაფილაქსიური შოკი დაემართოს და იცით თქვენ ფაიზერზე ცოტა ხშირია, ვიდრე სხვა ვაქცინებზე, იმ ზარალის ანაზარაურებაზეა (საუბარი), რომელიც ჩაიწერა ჩვენს კნაონმდელობაში“,- აცხადებს იმნაძე.
საუბარია საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონს, გარდამავალი რეგულირების სახით, დაემატა 455 მუხლი, რომლის თანახმად:
პანდემიასთან/ეპიდემიასთან დაკავშირებით ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) საწინააღმდეგო პროფილაქტიკური აცრისათვის ან მკურნალობისთვის განკუთვნილი ფარმაცევტული პროდუქტის შემოტანისას, როდესაც ფარმაცევტულ პროდუქტს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ან მის მიერ აღიარებული მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების (SRAs) მხრიდან მინიჭებული აქვს გამოყენების (მათ შორის გადაუდებელი გამოყენების) ავტორიზაცია ან პრეკვალიფიკაცია. ამ ფარმაცევტული პროდუქტის გამოყენების შედეგად შესაძლო ზიანზე პასუხისმგებელია სახელმწიფო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზიანზე პასუხისმგებლობა ეკისრება:
ა) იმპორტიორს, სამედიცინო პერსონალს, სამედიცინო დაწესებულებას, თუ ზიანი გამოწვეულია იმპორტიორის მიერ დაშვებული შეცდომით, ან ამავე კანონის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით სამედიცინო პერსონალის ან სამედიცინო დაწესებულების მიერ დაშვებული შეცდომით;
ბ) პროდუქტის მწარმოებელს, მწარმოებელთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.
1 მარტს „ინტერპრესნიუსმა“ გაავრცელა „კოვაქსპლატფორმის“ განმარტება, თუ რატომ ვერ მიიღო საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინა თებერვალში.
„თებერვლის ბოლოს ნაადრევი გზავნილები იმ ქვეყნებში განხორციელდა, რომლებმაც ჩვენ მიერ ერთიან განცხადებაში კრიტერიუმები უკვე დააკმაყოფილეს. დამატებითი ინფორმაცია პირველი გზავნილების შესახებ ყველა მონაწილეს მომდევნო დღეებში ეცნობება, ინფორმაცია ასევე გამოქვეყნდება ონლაინ“, – განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ „კოვაქსპლატფორმაში“.
რაც შეეხება კრიტერიუმებს, რომლებსაც ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს, მათი განმარტებით, „ყველა მონაწილე ქვეყნის ეროვნულმა რეგულატორმა ავტორიზება უნდა მისცეს შემოსატან ვაქცინას; ასევე, ყველა მონაწილემ ვაქცინის მწარმოებლებთან უნდა გააფორმოს ზარალის ანაზღაურების კონტრაქტი, რათა „კოვაქსის პლატფორმიდან“ დოზების მიღება შეძლოს“.