როგორ გეგმავს სახელმწიფო საზღვრებზე უსფრთხოების დაცვას, როცა ქვეყანა ტურისტებისთვის გაიხსნება

პუბლიკა

დღეს ტურიზმის აღდგენის გეგმის პრეზენტაციის დროს მთავრობამ საზოგადოებას საქართველოში საერთაშორისო ტურისტების მიღების ვადებზე ინფორმაცია მიაწოდა.

გიორგი გახარიას თქმით, შიდა ტურიზმი ქვეყანაში 15 ივნისიდან აღდგება, საერთაშორისო ტურისტებისთვის კი ქვეყანა 1 ივლისიდან გაიხსნება. ასევე 1 ივლისიდან აღდგება ფრენები სხვადასხვა მიმართულებებით.

მთავრობის წევრებმა ტურისტებისთვის საზღვრების გახსნის შემდეგ საზღვრებზე უსაფრთხოების ზომების დაცვაზეც ისაუბრეს.

გიორგი გახარიას თქმით, სახმელეთო საზღვრებზე უსაფრთხო კორიდორების შექმნის მიზნით ქვეყნებთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. საზღვრებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული საკითხია.

გახარიამ თქვა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს უკვე მიღებული აქვს დავალება ტურიზმის აღდგენის შემდეგ საზღვრებზე შემომსვლელ ადამიანებზე კონტროლის გასაძლიერებლად.

„ეს კონტროლი, თუ აქამდე გვჭირდება 14-დღიანი კარანტინი, ახლა ეს საკითხი 1 საათში უნდა გადაიჭრას. ამის ტექნოლოგიები და შესაძლებლობები უკვე არსებობს და ჯანდაცვის სამინისტრო ამ ამოცანას უახლოეს პერიოდში გადაწყვეტს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, ასევე შესაძლებელია, ქვეყანამ შექმნას კოვიდისგან თავისუფალი ტურისტული სივრცეები.

„საქართველოს აქვს შესაძლებლობა შექმნას კოვიდისგან უსაფრთხო ტურისტული ზონები. ეს შეიძლება იყოს წყალტუბო, გუდაური, საირმე, აბასთუმანი, ბორჯომი. განსაკუთრებით ის კურორტები, რომლებიც სასუნთქი გზების სამკურნალოდ არის აუცილებელი“, – განაცხადა გახარიამ.

ნათია თურნავას თქმით,  ტურისტული ბაზრის გახსნამდე დარჩენილ პერიოდში და მათ შორის, საზღვრების გახსნამდე, მაქსიმალურად იმუშავებენ იმაზე, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტები და გაიდლაინები დანერგონ. კომენტარი ამ თემაზე თურნავამ ტურიზმის ანტიკრიზისული გეგმის პრეზეტანციის შემდეგ გააკეთა.

მისივე თქმით, ერთ-ერთი კომპონენტი იქნება საზღვარზე კონტროლი. მან აღნიშნა, რომ ყოველდღე უმჯობესდება სწრაფი ტესტების ხარისხი, თუმცა ეს არ არის ერთადერთი გზა, როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი მოსახლეობისა და შემოსული ტურისტების უსაფრთხოება.

„კარგია, რომ ჩვენ გვაქვს მთელი რიგი ტურისტული პროდუქტები, რომლებიც დაკავშირებულია გაშლილ და ღია სივრცესთან, რაც დაგვიცავს იმისგან, რომ ადამიანების ერთად ზედმეტად თავმოყრა არ მოხდება. სოციალური დისტანცირებაც იქნება დაცული. ასევე იქნება პირადი დაცვის საშუალებებიც. შემოგვაქვს დაცული ტურისტული ზონების იდეა და კონცეფცია. და ძალიან მალე ამ კონფეციას ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად დავამუშავებთ. ეს იქნება უნიკალური პროდუქტი, რომელსაც ტურისტებს შევთავაზებთ. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც მდიდარია ნაკრძალებით, სადაც შესაძლებელია ასეთი ტიპის ტურისტების ლოკალიზება მოხდეს. მეტ დეტალს შემდგომში წარმოგიდგენთ”, – განაცხადა თურნავამ.

როდის აღდგება ფრენები და რა მიმართულებებით

დღეს მთავრობის კანცელარიაში ეკონომიკის მინისტრმა ფრენების აღდგენასა და მის კონკრეტულ მიმართულებებზე დასმულ შეკითხვასაც უპასუხა.

ნათია თურნავას თქმით, უფრო კონკრეტული ინფორმაცია ამ კითხვაზე უახლოეს მომავალში გახდება საჯარო, რადგან ჯერ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და დასრულებული არაა.

„ყველაზე მარტივია ფრენები აღდგეს იმ ტრადიციული მიმართულებებით, რომლებიც გვქონდა. ვლაპარაკობთ აირზენასთან, რომ სულ მცირე ორი მიმართულებით განახლდეს რეგულარული ფრენები და საჭიროების შემთხვევაში დახმარების პაკეტს შევთავაზებთ“.

მისი თქმით, ყველაზე რეალისტურია პირველი ტურისტები საქართველოში ქვეყნის გახსნის შემდეგ რეგიონიდან შემოვიდნენ.

„აირზენას შემთხვევაში სულ მცირე ორი მიმართულებაა. ვიზეარის შემთხვევაში ველოდებით შორთლისტს იმ მიმართულებებზე, სადაც უკვე დაფრინავდნენ და საიდანაც მათ მიაჩნიათ, რომ საქართველოში ტურისტების შემოყვანა შეეძლებათ. პარალელურად საგარეო საქმეთა სამინისტრო მოლაპარაკებებს აწარმოებს ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებთან. ასევე, აქტიური ვართ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან მიმართებით, საიდანაც ბევრი ტურისტი გვსტუმრობდა. თუმცა ყველაზე რეალისტურია პირველი ტურისტები რეგიონიდან შემოვიდნენ. ეს კოვიდამდეც აქტიური მიმართულება იყო და ტურისტების დიდი რაოდენობა შემოდიოდა. მათთვის მარტივია, რადგან საჰაეროს გარდა, სახმელეთოთიც შემოვლენ. უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის პირველ ეტაპზე ალბათ რეგიონის ქვეყნებს ველოდებით, თუმცა არ დავკარგავთ არცერთ შანსს, რომ უახლოეს პერიოდში ისევ ევროპელი ტურისტები შემოვიყვანოთ“, – განაცხადა თურნავამ.