როგორ გგონიათ ჯანდაცვის მინისტრს ან პრემიერს არ უნდა, ის ბავშვები კარგად იყვნენ? - მდინარაძე

პუბლიკა

მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტის შესახებ გააკეთა კომენტარი. მას შეკითხვა „პუბლიკის“ ჟურნალისტმა დაუსვა.

მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ საკმარისი ცოდნა არ აქვს ამ საკითხზე, რათა ბოლომდე კომპეტენტური პასუხი გასცეს.  მისი თქმით, ყველა იქიდან უნდა გამოვიდეს, რა არის კარგი ბავშვებისთვის.

„თავს შევიკავებ ამ კითხვაზე პასუხის გაცემისგან. მე ვიცი ერთი რამ – მორალური დილების წინაშე არავინ უნდა დააყენო და ყველანი იქიდან უნდა გამოვიდეთ, რა არის ამ კონკრეტული ადამიანებისთვის კარგი. ამის იქით მე არ ვარ უფრო ზუსტი პასუხისთვის მზად.

სხვანაირად ვერ წარმომიდგენია და დარწმუნებული ვარ, რეალურად ყველას სურს, ჯანდაცვის მინისტრს, პრემიერს გადაჭრას ეს პრობლემა. მეტს ვეღარაფერს ვეღარ დავამატებ, ბოდიში. მგონია, რომ ყველა ფიქრობს სხვადასხვა გზაზე. გულწრფელად ასე მგონია, ორივეს აქვს ერთი მიზანი, უბრალოდ ამ მიზნებში გადაჭრის გზებზეა დავა.

როგორ გგონიათ ჯანდაცვის მინისტრს, პრემიერს ან ვინმეს მთავრობიდან არ უნდა, რომ ის ბავშვები კარგად იყვნენ? გამოვიდა პრემიერი და თქვა – ფული დევს ჩათვალეთ, უბრალოდ როგორ რა გზით გადავწყვიტოთ პრობლემა უკეთესად, რა არის სწორი და რა არასწორი, მაგაზე ვილაპარაკოთ, ” – თქვა მამუკა მდინარაძე.


აქონდროპლაზიის მქონე ბავშვთა მშობლები 15 დღეა მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ. მათი მოთხოვნაა, სახელმწიფომ საქართველოში შემოიტანოს და დააფინანსოს ბავშვებისთვის აუცილებელი პრეპარატი Voxzogo, რომელიც ავტორიზებულია აშშ-ის წამლისა და საკვების ადმინისტრაციის (FDA), ასევე ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ.