„მარკეტში უნდა დაწესდეს სპეციალური ზომები, რომლებიც მარკეტის მფლობელებს დაავალდებულებს, რომ დახურულ ტერიტორიაზე 10 ადამიანზე მეტი არ იყოს”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გუშინ ბრიფინგზე განაცხადა.
ქვეყანაში ერთი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რაც თავყრილობებსა და ადამიანების შეკრებასთან დაკავშირებით რიგ შეზღუდვებს ითვალისწინებს.
როგორ იცავენ სუპერმარკეტები რეკომენდაციებს და რა შეიცვალა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ? – „პუბლიკა“ რამდენიმე სუპერმარკეტს დაუკავშირდა.
„აგროჰაბში“ გვითხრეს, რომ ისინი მუდმივად ხაზზე არიან ეკონომიკის სამინისტროსთან და მათ რეკომენდაციებს ითვალისწინებენ.
„ველოდებით ზუსტ რეკომენდაციებსაც, თუმცა გვაქვს ყველაგან საინფორმაციო პლაკატები, სტიკერები გაკრული, ასევე მონიტორებზე გადის რეკომენდაციები. დაცვის თანამშრომლები ცდილობენ, გააკონტროლონ მყიდველებს შორის რიგში დისტანცია. ჩვენთან 70 ადამიანი მარტო თანამშრომელია, ამიტომ მთავარია ხალხს შორის დისტანცია იყოს დაცული“, – ამბობენ „აგროჰაბში“.
როგორც სუპერმარკეტში გვითხრეს, გუშინ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ ხალხმრავლობა იყო, თანამშრომლები ცდილობდნენ ნაკადის კონტროლს, თუმცა დღეს, მათი თქმით, სიმშვიდეა და ადვილია დისტანციის შენარჩუნება.
„გუდვილში“ ამბობენ, რომ ბოლო დროს რიგში 10 კაცზე მეტი ისედაც არ დგას, მაგრამ 5 წუთში ერთხელ ხმის გამაძლიერებლით აფრთხილებენ მყიდველებს, რომ დაიცვან დისტანცია.
სუპერმარკეტების ქსელ „სპარში“ ამბობენ, რომ მაღაზიებში ყველანაირი უსაფრთხოების ზომა არის დაცული. დაწყებული სადეზინფექციო ხსნარებიდან, ზედაპირების ხსნარებით დამუშავებით დასრულებული. ასევე, მათი თქმით, თანამშრომლებს აქვთ ნიღბები და მუშაობენ ხელთათმანებით.
„რაც შეეხება საგანგებო სოტუაცის გამოცხადებას, 10 ადამიანის გამოცხადებამ გამოიწვია ძალიან ბევრი გაურკვევლობა, თუმცა ოფიციალურ დოკუმენტში შეზღუდვა ადამიანების რაოდენობაზე არ არის მითითებული. მაგრამ რეკომენდაცია გვეუბნება, რომ 1 მეტრის რადიუსით დისტანცია უნდა დავიცვათ ყველამ.
ცნობიერება იმდენად ამაღლდა ადამიანებში, რომ თვითონ იცავენ ამას. როცა ხედავენ, რომ მაღაზიაში ბევრი ადამიანია, მაღაზიაში არ შედიან. ასევე, ეხმარება ჩვენი პერსონალი. მაღაზიებში ძალიან მალე გაკეთდება მაჩვენებლები დისტანციის დაცვისთვის. მომხმარებლებს მოვთხოვთ, რომ ზუსტად იმ ნიშნებს მიჰყვენენ სალაროსთან დგომის დროს“, – ამბობენ „სპარში“.
სუპერმარკეტ „კარფურის“ ვაკის ფილიალში გვითხრეს, რომ ზომებს იღებენ და ყველა თანამშრომელი შესაბამისადაა აღჭურვილი. ასევე, სალაროსთან არის ბარიერები, რომლებიც ადამიანებს 1 მეტრის დისტანციას აიძულებს. როგორც ამბობენ, ბევრი ხალხი არ მოძრაობს მარკეტში, ამიტომ არ უჭირთ დისტანციის დაცვის გაკონტროლება.
საგანგებო მდგომარეობა ითვალსიწინებს, რომ ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, წინააღმდეგ შემთხვევაში, საგანგებო რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს ადმინიტრაციულ პასუხისმგებლობას – ჯარიმას ფიზიკური პირებისთვის 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისთვს 15 000 ლარის ოდნობით; იგივე ქმედება განმეორებით გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას 3 წლამდე ვადით; იურიდიული პირი კი ჯარიმით, საქმიანობის ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.
საქათველოში კორონავირუსით ინფიცირების 54 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან ოფიციალური ინფორმაციით, 3 გამოჯანმრთელებულია.