„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე განმარტავს თუ როგორ შეიძლება იმუშაოს ე.წ. „გერმანულმა მოდელმა“, იმ პირობებში როცა საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულია პარლამენტის წევრების მაქსიმალური რაოდენობა (150 დეპუტატი).
როგორც ბენიძე „ფეისბუქ“ პოსტში განმარტავს, ე.წ. „გერმანული მოდელი” იდეალური არ არის, მაგრამ უფრო სამართლიანი და პროპორციულია ვიდრე საქართველოში დღეს მოქმედი საარჩევნო სისტემა.
მისი განმარტებით, ე.წ. „გერმანული მოდელით“ ტარდება შერეული არჩევნები (მაჟორიტარულიც და პროპორციულიც), მაგრამ პარტიის მიერ მიღებული მანდატების საერთო რაოდენობას განსაზღვრავს პროპორციული არჩევნების შედეგი.
რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში ჩვენს შემთხვევაში? მიხეილ ბენიძე განიხილავს 3 თეორიულ ვარიანტს:
- ვთქვათ რომელიმე პარტიამ პროპორციულ არჩევნებში აიღო 33% და გაიმარჯვა 40 მაჟორიტარულ ოლქში. “გერმანული მოდელით” პარტიას ეკუთვნის 50 მანდატი (150-ის 33%). ამ 50 მანდატიდან 40 ერგება მაჟორიტარულ ოლქებში გამარჯვებულ კანდიდატებს და დანარჩენი 10 შეივსება პროპორციული სიიდან. პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა იქნება სრულად პროპორციული ამ პარტიის მიერ ნაჩვენები შედეგისა. დღეს არსებული მოდელით ეს პარტია აიღებდა 40 მაჟორიტარულ მანდატს და 26 პროპორიცულ მანდატს – ანუ ჯამში 66 მანდატს. 16-ით მეტს ვიდრე ეკუთვნის პროპორციით.
- ვთქვათ, რომელიმე პარტიამ აიღო 33% და გაიმარჯვა 50 მაჟორიტარულ ოლქში. “გერმანილი მოდელით”, პარტიას ეკუთვნის 50 მანდატი, რომელთაგან ყველა ერგება მაჟორიტარებს და ვერცერთი დამატებითი დეპუტატი ვერ გავა სიით. დაცული იქნება პროპორცია ამ პარტიის მიერ მიღებულ შედეგთან. დღეს არსებული მოდელით ამ შემთხვევაში პარტია აიღებდა 50 + 26, ანუ 76 მანდატს – 26-ით მეტს ვიდრე ეკუთვნის პროპორციით.
- ვთქვათ, რომელიმე პარტიამ აიღო 33% და გაიმარჯვა 60 მაჟორიტარულ ოლქში. წესით, პარტიას უნდა ერგოს 50 მანდატი, მაგრამ პირდაპირი წესით არჩეული ამ პარტიის მაჟორიტარები სრულად უნდა შევიდნენ პარლამენტში. შესაბამისად, პარტიას ეყოლება 60 დეპუტატი, მაგრამ ვეღარ დაიმატებს სიიდან. მიღებული მანდატების რაოდენობა იქნება მცირედ არაპროპორციული (10-ით მეტი, ვიდრე ეკუთვნის პოროპორციით), მაგრამ გაცილებით ნაკლებად არაპროპორციული ვიდრე დღეს არსებული მოდელით. ამ 10 მანდატით გამოწვეული დისპროპორცია აისახება იმაზე, რომ დანარჩენ პარტიებს ექნებათ ოდნავ ნაკლები წარმომადგენლობა, ვიდრე პროპორციულ არჩევნებში ნაჩვენები შედეგი. დღეს არსებული მოდელით, ამ შემთხვევაში პარტია აიღებდა 60 + 26 მანდატს ანუ 86-ს. 36-ით მეტს ვიდრე ეკუთვნის პროპორციით და 26-ით მეტს ვიდრე მიიღებს “გერმანული მოდელის” ქართული ვერსიით.
მაგალითი თეორიული გამონაკლისია, რადგან თუ პარტია (50% ბარიერის პირობებში, შესაძლო ორი ტურით) იგებს მაჟორიტარული მანდატების 82%-ს (73-დან 60-ს), მაშინ რთული წარმოსადგენია, რომ მას ექნება მხოლოდ 33% მხარდაჭერა პროპორციულ არჩევნებში.
დღეს, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდგომ, ირაკლი კობახიძემ და გია ვოლსკიმ განაცხადეს, რომ ოპოზიციის მოთხოვნა ე.წ. გერმანული მოდელით არჩევნების ჩატარების თაობაზე სამართლებრივ ჩარჩოში არ ჯდება.