როგორ იმუშავებს ე. წ. ონლაინკლინიკები – თამარ გაბუნიას განმარტება

პუბლიკა

ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებისთვის, ვინც ფიქრობს რომ კორონავირუსის სიმპტომები შეიძლება ჰქონდეს, ონლაინკონსულტაციებსაც ჩაატარებს. მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, შესაბამისი ქოლცენტრი ანუ ე.წ. ონლაინკლინიკა ჯანდაცვის 24 დაწესებულებაში მოეწყო.

„ყველა კლინიკაში ზარი გადამისამართდება 122-დან, როცა მოქალაქე მაღალი ტემპერატურის ან საეჭვო რესპირაციული სიმპტომების გამო მიმართავს მას.

საოჯახო მედიცინის ცენტრში გადამისამართების შემდეგ მოქალაქეს დაელაპარაკება მაღალკვალიფიციური ოჯახის ექიმი და შედგება სრული სატელეფონო კონსულტაცია, რომელიც მოიცავს ყველა იმ ელემენტს, რაც შეიძლება, შესრულდეს პირადი კონსულტაციის პროცესში, გარდა ფიზიკური გასინჯვისა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ეს მოდელი, მესამე წელია, გრიპის ეპიდემიის დროს წარმატებულად მუშაობს და კორონავირუსის შემთხვევაშიც იგივე მოლოდინი აქვთ.

„ეს მოდელი არის კარგი – გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მაქსიმალურად დავიცვათ პაციენტი არასაჭირო მიმართვისგან სამედიცინო ქსელში, რაც, თავისთავად, ინფექციის გავრცელებისთვის არის, გარკვეულწილად, რისკი.

ასევე გვაძლევს საშუალებას, რომ დავიცვათ პირველადი ჯანდაცვის ქსელი იმ პაციენტებთან არაუცილებელი კონტაქტისგან, რომლებიც შეიძლება იყვნენ ინფექციის მატარებლები. საჭიროების შემთხვევაში, დავგეგმოთ გონივრულად და წესების სრულად დაცვით ბინაზე ვიზიტი ან პაციენტის გადამისამართება შესაბამის კლინიკაში, სადაც სრული მობილიზაციაა  კოვიდდადასტურებული შემთხვევებისთვის“, – თქვა თამარ გაბუნიამ.